ირაკლი სესიაშვილი ვარაუდობს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელი საოკუპაციო ზოლიდან მოქმედებდა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ვარაუდობს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელი საოკუპაციო ზოლიდან მოქმედებდა. როგორც სესიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მკვლელობის ადგილი საოკუპაციო ზოლთან მდებარეობს.

"საქმე რთულად იქნება გამოსაძიებელი. გეოგრაფიულად, სადაც მოხდა აღნიშნული ფაქტი, ახლოს არის საოკუპაციო ზოლთან და ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა მკვლელი მოქმედებდა საოკუპაციო ზოლიდან. ეს კიდევ უფრო ართულებს ვითარებას. მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა მოხდეს გამოძიება, თუმცა ეს ძალიან რთული იქნება. ამ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიაზე შეიძლება ვისაუბროთ, რომლებიც უკავშირდება როგორც პოლიტიკურ, ისე არაპოლიტიკურ მოტივებს", - განაცხადა სესიაშვილმა.

დეპუტატი იური ვაზაგაშვილის მკვლელობას ტერორისტულ აქტს უწოდებს და არ გამორიცხავს, რომ მომავალში საქმის გამოძიება ტერორიზმის მუხლით გადაკვალიფიცირდეს. მისივე თქმით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა მიზანმიმართული იყო არა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის ხელის შეშლისკენ, არამედ საზოგადოების დაშინებისკენ და სახელმწიფო სტაბილურობის მოშლისკენ.

"ჩვენ ყველას შინაგანი რწმენა და ეჭვი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მისი შვილის გამოძიებას უკავშირდებოდა, თუმცა მე მიმაჩნია, რომ დამკვეთის მიზანი ვერ იქნებოდა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაში ხელის შეშლა. მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდებოდა ეს ტერორისტული აქტი, ამ საქმისთვის ხელის შეშლა წარმოუდგენელი იყო, რადგან გამოძიება ბოლომდე არის მიყვანილი და ეს ტერორისტული აქტი ვერ შეაჩერებს გამოძიების პროცესს. მე დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტი მონდომებით მოხდება ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის ბოლომდე მიყვანა. მიმაჩნია, რომ ჩადენილი აქტი თავისი ხასიათით, უფრო გავს ტერორისტულ ქმედებას. ტერორიზმის მიზანია საზოგადოების ფართო მასების შოკირება, მათზე ზემოქმედების მოხდენა და გარკვეულწილად დაუცველობის განცდის გაჩენა საზოგადოებაში. ეს აქტი უფრო მეტად მიმართულია საზოგადოების ტერორისკენ, დაშინებისკენ, რასაც უნდა ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა, ჰქონდეს პოლიტიკური მოტივები. არავისკენ ხელს არ ვიშვერ, თუმცა იური ვაზაგაშვილის მკვლელობა მიზანმიმართული იყო არა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის ხელის შეშლისკენ, არამედ საზოგადოების დაშინებისკენ და სახელმწიფო სტაბილურობის მოშლისკენ. მუხლი რითაც აღიძრა საქმე, ამ ეტაპზე სწორია, თუმცა შემდგომ შესაძლებელია შეცვლა და ტერორიზმის მუხლით გადაკვალიფიცირება", - აღნიშნა სესიაშვილმა.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა