დავით უსუფაშვილი - საზარელი მკვლელობის სამიზნე მხოლოდ ბატონი იური არ იყო

მინდა, თქვენთან ერთად ვისურვო და მივცეთ პირობა ყველას, რომ ქართველი დედები და მამები აღარ შეეწირებიან თავიანთი მოკლული შვილებისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის ბრძოლას, - აღნიშნული განცხადებით დღეს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი იური ვაზაგაშვილის დაღუპვას გამოეხმაურა.

დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.

"დამეთანხმებით, რომ ქალბატონი ირინა ენუქიძის გარდაცვალებით ჩვენ ქართველი დედის სიმბოლო და ეტალონი დავკარგეთ, ბატონი იურის გარდაცვალებით ჩვენ ქართველი მამის სიმბოლო და ეტალონი გამოგვეცალა. მინდა, თქვენთან ერთად ვისურვო და მივცეთ პირობა ყველას, რომ ქართველი დედები და მამები აღარ შეეწირებიან თავიანთი მოკლული შვილებისთვის ბრძოლას და დამნაშავეების დასჯისთვის ბრძოლას. ამას თავად გააკეთებს ქართული სახელმწიფო. ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ეს არის ჩვენი ვალი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება. ისიც ფაქტია, რომ ამ საზარელი მკვლელობის სამიზნე მხოლოდ ბატონი იური არ იყო. ბატონმა იურიმ უკვე მოასწრო ყველაფრის თქმა, რისი თქმაც მისგან იყო საჭირო. როგორც ჩანს, აქ სხვა მიზნებია და ამიტომ, მინდა, ყველას მივმართო: ჩვენი სწორი რეაქცია ამ საშინელებაზე იქნება ის, რომ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამის გამო ვინმე გაჩუმდება - არ უნდა გაჩუმდეს, სათქმელი უნდა ითქვას და მეორე, თუ ამის მიზანია ქართული სახელმწიფოს გამოცდა, ხელისუფლების გამოცდა, შეგვიძლია თუ არა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, გამოვიძიოთ დანაშაული, თუ რამე შეცდომა იყო დაშვებული, ამ შეცდომას გავუმკლავდეთ, შევხედოთ რეალურად თვალებში და ნაბიჯები გადავდგათ - ზუსტად ეს უნდა გავაკეთოთ, ეს იქნება ჩვენი სწორი რეაქცია ამ ყველაფერზე, გარდა საერთო მწუხარებისა, რომელსაც ყველა ვუერთდებით", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო