ირაკლი ალასანია - მთელი პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ღარიბაშვილმა

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ ალექსანდრე ჭიკაიძეს თანამდებობა ბიძინა ივანიშვილმა დაატოვებინა, - ამის შესახებ ალასანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

"ჭიკაიძეს უნდა დაეტოვებინა თანამდებობა. მას თანამდებობა დაატოვებინეს. დარწმუნებული ვარ, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ისე, რომ არც კი დაელოდა ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას ან ქვეყანაში მის დაბრუნებას. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა, არ არის საკმარისი. ბუნებრივია, მთელი სიმძიმე ამ პერიოდის განმავლობაში არაკომპეტენტური, არაკვალიფიციური კადრების წინ წამოწევის და მათთვის ამხელა უწყებების ბედის ჩაბარების პირდაპირ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის, ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ღარიბაშვილმა იმ შექმნილ ვითარებაზე, მათ შორის, კრიმინოგენურზე, რაც ქვეყანაშია და არაპირდაპირ კი, ეს არის ბუნებრივი შედეგი არასწორი საკადრო პოლიტიკის, რომელიც არაფორმალური მართვით ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა", - აღნიშნა ალასანიამ.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის თქმით, სამართალდაცვით სისტემასა და პროკურატურაში ივანიშვილ-ღარიბაშვილის მიერ მიღებული საკადრო გადაწყვეტილებები არასწორი იყო, ყველა იყო შეცდომა.

"პირველ რიგში, უნდა შეგვეცვალა სისტემა და მართვის მოდელი ძალოვანი სტრუქტურების და პროკურატურის. ახლა, როდესაც ე.წ. კაბელების საქმე გახდა ცნობილი და იქაც აღმოჩნდა, რომ პრაქტიკულად, ხელში არაფერი აქვთ, ჭიმავენ და დებენ სასამართლო განხილვებს, ამის მერე დადგა და აღიარა ღარიბაშვილმაც და ივანიშვილმაც, რომ პროკურატურის სისტემაში თურმე რეფორმაა ჩასატარებელი, მანამდე ყველაფერი კარგად იყო", - განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ პროკურატურისა და ზოგადად, სამართალდამცველი სისტემის ძირეული რეფორმაა დასაწყები.

მისივე თქმით, სამართალდაცვითი ნაწილი სახელმწიფო უსაფრთხოების ნაწილისგან უნდა გაიყოს, ორი უწყება უნდა ჩამოყალიბდეს, რომლებზეც, როგორც საპარლამენტო, ასევე ძალიან მაღალი სამოქალაქო კონტროლი იქნება.

იხილეთ ბმული: ჭიკაიძის გათავისუფლების გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო - ირაკლი ალასანია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო