"გიუმრი-2"? - რუსმა ჯარისკაცებმა აფხაზეთში სომხური სოფელი დაარბიეს
რას აღმოაჩენენ "გალფში" და გავა თუ არა გამოძიება კეზერაშვილზე
ლარის გამო ახალი პანიკა მწიფდება
***
"გიუმრი-2"? - რუსმა ჯარისკაცებმა აფხაზეთში სომხური სოფელი დაარბიეს
"არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რუსი ჯარისკაცები სოხუმთან ახლოს, სოფელ აჩადარაში, სომხებს თავს დაესხნენ. ოკუპანტები სოფელში ჯავშანტრანსპორტიორებით შევარდნენ, ადგილობრივი მოსახლეობა გაძარცვეს, დაარბიეს 8 სომხური ოჯახი, გაიტაცეს ოქრო, ფული, ერთ-ერთი ოჯახიდან კი - მანდარინით სავსე მანქანაც, რომელიც გზაში გაფუჭდა და გზაზევე, ეშერას ხიდზე დატოვეს. სომხური მედიის ცნობით, შეიარაღებული თავდასხმისას რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე ადამიანი სცემეს, მათ შორის 76 წლის ლუსია კოჩარიანი, რომელიც ადგილობრივ სამედიცინო პუნქტში გადაიყვანეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "გიუმრი-2"? - რუსმა ჯარისკაცებმა აფხაზეთში სომხური სოფელი დაარბიეს / არნოლდ სტეპანიანი: "არ გამოვრიცხავ, რომ არის მსხვერპლიც...".
"თავდასხმას უარყოფს აფხაზური მხარე და თავად სოხუმის სომხური სათვისტომო, თუმცა საქართველოში სომხური დიასპორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ინციდენტი მართლაც მოხდა, მაგრამ გიუმრის ტრაგედიის გამო მას მიზანმიმართულად მალავენ. შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს გიუმრიში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზიდან გაქცეულმა ჯარისკაცმა, რიგითმა ვალერი პერმიაკოვმა ღამით ავეტისიანების 7-სულიანი ოჯახი ამოხოცა, რასაც სომხეთში სახალხო მღელვარება მოჰყვა", - აღნიშნავს გამოცემა.
"აჩადარაში მცხოვრებ სომხებზე რუსი სამხედროების თავდასხმას გადაჭრით უარყოფს აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი რაულ ლოლუა. მისი თქმით, მსგავსი ინციდენტი არ მომხდარა და გავრცელებული ინფორმაცია პროვოკაციაა. "ოფიციალურად ვაცხადებ - ასეთი რამ არ მომხდარა. პროვოკაციაა, მსგავსი ინციდენტი არ ყოფილა. "რუსი სამხედროები არიან სოხუმში და დისლოკაციის ზონის გარეთ არ გადიან", - ამბობს ლოლუა და აცხადებს, რომ სომხებს აფხაზეთში არაფერი ემუქრებათ.
"სომხურ ოჯახებზე თავდასხმას უარყოფს ასევე სოხუმის სომხური სათვისტომოს თავმჯდომარე სეირან იჩმელიანიც. მისი თქმით, ეს დეზინფორმაციაა და ხსენებული 76 წლის ქალბატონი საერთოდ არც ცხოვრობს სოფელ აჩადარაში. არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველოს" თავმჯდომარე არნოლდ სტეპანიანი კი აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევა ნამდვილად მოხდა და აფხაზური მხარე მიზანმიმართულად ცდილობს ინფორმაციის დამალვას. "ჩვენი ინფორმაციით, ასეთი ფაქტი მართლაც მოხდა ამ სოფელში, თუმცა დეტალებზე ბევრი რამ არ ვიცით. არ გამოვრიცხავ, რომ არის მსხვერპლიც. ველაპარაკეთ ჩვენს კოლეგებს სომხეთში. ეს ამბავი სომხური საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა და როგორც გვითხრეს, მათ თვითონ ამ სოფლის მცხოვრებლებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომლებმაც თავიანთ ნათესავებს დაურეკეს სომხეთში. არ გამოვრიცხავ, ახლა რომ შეეცადონ ინფორმაციის დაზუსტებას, ვეღარ დაუკავშირდებიან იმ ხალხს, რადგან ყველა მხარე, ვინც დაინტერესებულია, რომ მომხდარი სხვა პროცესებში არ გადაიზარდოს, მაქსიმალურად შეეცდება იმ ადამიანების იზოლირებას, ვინც უშუალოდ ამ ყველაფრის მოწმე იყო. ამბობენ, რომ ეს გუშინ მოხდა, მაგრამ კონკრეტულად ვერ გეტყვით, გუშინ იყო თუ გუშინწინ, რადგან ჩვენ დღეს გავიგეთ და შეიძლება რაღაცები დამახინჯებული იყოს. ველაპარაკეთ იმ ხალხს, ვინც უშუალოდ ამ სოფლის მცხოვრებელებს ესაუბრა. უეჭველი ვიცით, რომ მოხდა, მაგრამ დროის შესახებ ზუსტი დეტალები უცნობია, ვინაიდან რთულია თვითმხილველებთან დაკავშირება", - აცხადებს სტეპანიანი.
"მისივე თქმით, სომხურ ოჯახებზე თავდასხმის დამალვას ცოტა ხნის წინ გიუმრში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო უფრო ცდილობენ. "დღეს გვაქვს მაგალითი იმისა, რაც მოხდა ამ სოფელში, მშვიდობიან მოსახლეობასთან რომ შეიჭრნენ. ეს არაა ექსტრა შემთხვევა და უკვე დამახასიათებელი თვისება გახდა რუსი საოკუპაციაო ჯარისთვის. ფაქტობრივად, ახლა იგივე ხდება საოკოპუაციო ზონაში, რაც ხდებოდა მის ირგვლივ. კარგად გვახსოვს ორიოდე კვირის წინ გიუმრიში მომხდარი და ამ ფონზე შეგვიძლია ვთქვთ, რომ ეს ოკუპანტების ჩვეული ქცევაა. გასაგებია სოხუმის სომეხთა სათვისტომოს განცხადებები და სიმართლე გითხრათ, სხვას არც ველოდი. შეეცდებიან ეს ფაქტი დაიმალოს, მითუმეტეს გიუმრის ფონზე", - ამბობს სტეპანიანი და დასძენს, რომ მოვლენების განვითარებას დააკვირდებიან და გაარკვევენ, მომხდარს რა რეაგირება მოჰყვება.
"ჩვენ ამას თვალყურს მივადევნებთ. გამორიცხულია, რომ შეძლონ და ყველა ფაქტი დამალონ. სომხური დიასპორა სოხუმში, აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრი, რუსი გენერლები თუ სხვა, ფაქტებს ვერ დამალავენ. ყველამ ვიცით, როგორ იქცევიან რუსი ჯარისკაცები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გვახსოვს, რა გააკეთეს ჩეჩნეთში. ვხედავთ, რას აკეთებენ სამხრეთ ოსეთში. ეს სიურპრიზი არ არის. ვიცით, რას ნიშნავს რუსი ჯარისკაცი და რუსული ბაზა სხვა ქვეყნის მიწაზე. ის, რაც გიუმრიში მოხდა, შოკის მომგრევლია, მაგრამ არც ეს იყო ისეთი მოვლენა, რასაც არავინ ელოდა, რადგან ვიცით, რა დონეზეა რუსულ ჯარში დისციპლინა და როგორ ექცევიან მოსახლეობას. ეს იმის გაგრძელებაა, რაც ხდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ უკვე სხვა ფაზაში შედის. წესით, აფხაზეთში ფორმალურად იმისთვის არიან, რომ მოსახლეობა დაიცვან და ვხედავთ, როგორც იცავენ. საინტერესოა, ადგილობრივი მოსახლეობის რეაქცია - ვიცით, არ აქვთ საკმარისი რესურსი, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ, მაგრამ ინფორმაციის დონეზე ჩვენ მაინც გავიგებთ, თუ რა მოხდა, რატომ კონკრეტულად ამ სოფელში, მოხდება თუ არა კიდევ და რეაგირება იქნება," - ამბობს სტეპანიანი.
"როგორც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში ჯემალ გოგოხია აცხადებს, რუსი სამხედროების მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის. "ინფორმაცია ჯერ არ გადაგვიმოწმებია, მაგრამ, როგორც ცნობილი გახდა, რუსები მთვრალ მდგომარეობაში შეიჭრნენ სომხურ ოჯახებში - სასმელი მოითხოვეს, რაღაცები წაიღეს, ერთი ოჯახის უფროსი გალახეს, მეორეც... ერთი ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჩვეულებრივ ოჯახებში შეიჭრნენ, აჩადარაში სომხები ცხოვრობენ და იქ შევარდნენ. ეს სომხების ოჯახები პირველია, მაგრამ ისე, პირველი შემთხვევა არ არის, იყო ასეთი რაღაცები, ჩვენ ვღებულობდით ინფორმაციას. ქართული ოჯახები გალის რაიონშია მხოლოდ, სოხუმში და გაგრაში კანტიკუნტად არიან და არ გამიგია, რომ ქართულ ოჯახებშიც შეჭრილიყვნენ. აფხაზეთში სომხები ნორმალურ პირობებში არიან და სხვათა შორის, ძალიან კარგად ცხოვრობენ. ისინი იზიარებენ აფხაზებისა და რუსების პროგრამას და ცხოვრობენ ჩვეულებრივად. რაოდენობით მაშინაც ბევრნი იყვნენ და ახლაც მათი რიცხვი აფხაზებზე მეტია. არ ვიცი, ალბათ მოჰყვება ამას რეაგირება და დამნაშავეები დაისჯებიან. ადრინდელ შემთხვევვებზე თუ იყო რეაგირება, არ ვიცი, ჩვენ ხომ არ გევუბნებიან..." - ამბობს გოგოხია.
რას აღმოაჩენენ "გალფში" და გავა თუ არა გამოძიება კეზერაშვილზე
"კომპანია "გალფში" ფინანსური პოლიცია შევიდა. ამ უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით გადასახადისგან თავის არიდებას გულისხმობს. რას იკვლევს სინამდვილეში ფინანსური პოლიცია? "ალია" მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარეს, ბექა კემულარიას დაუკავშირდა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რას აღმოაჩენენ "გალფში" და გავა თუ არა გამოძიება კეზერაშვილზე.
"აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ფინანსური პოლიცია შევიდა "გალფში". "გალფი", ანუ "პეტროლიუმ ჯორჯია" საქართველოში ნავთობპროდუქტების ყველაზე მსხვილი შემომტანი იყო, ყველაზე მეტ საწვავს და სხვა ნავთობპროდუქტებს "გალფი" ყიდდა, თუმცა, საზღბვარზე და საბაჟოზე არ იყო დაფიქსირებული, რომ ამ კომპანიას ამდენი პროდუქტი შემოჰქონდა", - აცხადებს ბექა კემულარია.
"საბაჟო აფიქსირებდა "გალფის" მიერ შემოტანილი ნავთობპროდუქტების მცირე რაოდენობას, დავუშვათ, 30%-ს იმისას, რაც რეალურად შემოქონდა, დანარჩენი 70% კი არსად არ ფიქსირდებოდა, არც საბაჟოზე და არც სხვაგან. მერე ამ კონტრაბანდულ პროდუქტს ყიდდა "გალფი" და რადგან ეს ამხელა საწვავი არსად არ იყო დაფიქსირებული, არც ბიუჯეტში იხდიდა თანხებს არალეგალურად შემოტანილი საქონლის რეალიზაციიდან. გადასახადებს იხდიდა მხოლოდ იმ გაყიდული პროდუქტიდან, რომელიც ლეგალური გზით ჰქონდა შემოტანილი. სავარაუდოდ, სწორედ ეს უნდა იყოს "გალფში" ფინანსური პლიციის შესვლის მიზეზი. თუმცა, აქვე შეგვიძლია დავსვათ კითხვა, რასაც იხდიდა, იმ გადასახადებს რამდენად კეთილსინდისიერად იხდიდა კომპანია და რომელი სახის გადასახადებს არიდებდა თავს? იმედია, ფინანსური პოლიცია ჩაგვაყენებს საქმის კურსში", - აღნიშნავს რესპონდენტი გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას.
"2011-2012 წლებში "გალფი" ყველაზე მსხვილი იმპორტიორი იყო და ცხადია, უზარმაზარ თანხას დამალავდა იმ სქემით, რაც მოგახსენეთ. სავარაუდოდ, მინიმუმ, რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზე უნდა იყოს ლაპარაკი, შესაძლოა, რამდენიმე ასეულ მილიონსაც. "გალფი" დავით კეზერაშვილის კომპანია იყო და მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული ხელისუფლების ყველა დონეზე. ყველამ კარგად ვიცით, ძალადობით როგორ ჩაიგდო ხელში "სენტას", "მაგნატის", "ეკოს" და სხვა კომპანიების ბენზინგასამართი სადგურები", - დასძენს ბექა კემულარია.
ლარის გამო ახალი პანიკა მწიფდება
"ლარის დევალვაციას ბოლო არ უჩანს. 1 დოლარი 2,03 ლარი ღირს სამომხმარებლო ბაზარზე ფასი ისევ იზრდება. მოსახლეობაში მორიგი პანიკა მწიფდება. პროცესის შესაჩერებლად კი მთავრობა და ეროვნული ბანკი არაფერს აკეთებს. აღსანიშნავია, რომ შარშან იანვარში ეროვნულმა ბანკმა 220 მილიონი დოლარი გაყიდა და თებერვალში ეროვნულმა კურსმა გამყარება დაიწყო. ახლა კი გულხელდაკრეფილი უყურებს სავალუტო კრახს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ლარის გამო ახალი პანიკა მწიფდება / მთავრობა უუნაროა, ეროვნული ბანკი კი - გულგრილი.
"ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, ორი დღის წინათ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართა. საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ ამ შეხვედრის შემდეგ გადაიდგმებოდა რაიმე ქმედითი ნაბიჯი, რომლის შედეგადაც ეროვნული ვალუტა გამყარებას თუ არ დაიწყებდა, არსებულ დონეზე მაინც გაჩერდებოდა. ამ შეხვედრის შემდეგ კი ლარი უფრო მეტად გაუფასურდა. ეროვნული ბანკი კი ჩარევასა და რაიმე სახის ინტერვენციის განხორციელებას საჭიროდ ისევ არ თვლის", - აღნიშნავს გამოცემა.
"საყოველთაო ფასების ზრდა კარგა ხანია დაწყებულია. გარდა ამისა, ხელისუფლებაში უკვე დაადასტურეს, რომ მედიკამენტების გაძვირება დაწყებულია და თუკი პროცესი შეუქცევადი გახდება, წამლების ფასზე ზედა ზღვარს დააწესებენ. რაც შეეხება საქართველოს სავაჭრო პარტნიორებთან ლარის გაუფასურების დონეს, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბიზნეს ურთიერთობისას ანგარიშსწორება დოლარში ხდება და პრობლემა სწორედ ისაა, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ყოველდღიურად უფასურდება", - წერს სტატიის ავტორი.
"ექსპერტების აზრით, 2014 წლის დეკემბერში ეროვნული ვალუტის მკვეთრად გაუფასურებასთან დაკავშირებით, სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, ვინაიდან არსებობს ეჭვი, რომ იმ პერიოდში ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა სპეკულაციური ქმედებებით მოხდა. ამჯერად უკვე ლარის დასაჭერად რაიმე სახის ინტერვენციას აზრი აღარ აქვს. "გასარკვევია, თუ რა მოხდა დეკემბერში ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით. მაშინ იყო სპეკულაციური, ნახტომისებური დაცემა - ორ-სამდღიანი სპეკულაცია. ამჯერად მკაცრი ჩარევა კარგის მომტანი არ იქნება. ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს იმ დოზით, რომ დევალვაცია იყოს კონტროლირებადი, აჟიოტაჟური მოვლენების თავიდან ასაცილებლად. სავარაუდოდ, ეკონომიკური ლოგიკით ეროვნული ვალუტა ამაზე მეტად აღარ უნდა გაუფასურდეს. თუ დევალვაცია გაგრძელდა, ეს უკვე ბევრ პრობლემას გამოიწვევს", - დასძენს ექსპერტი გია ხუხაშვილი.