ნუთუ, დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანია ჩემი პიროვნების კვლევა?, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ყოფილი თავმჯდომარე კახა კოჟორიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს.
კახა კოჟორიძე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ივანიშვილის ხელმძღვანელობით დაფუძნებული საზოგადოება არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების – ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურისა და კახა კოჟორიძის საქმიანობასთან დაკავშირებით კვლევაზე მუშაობს.
"ბრიუსელში ვარ. აქ უფრო მძაფრდება ფიქრი იმაზე, რომ საქართველოს დღეს აქვს შანსი, რაზეც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში უშედეგოდ ოცნებობდნენ, ევროპული შანსი!..
შევდივარ IPN-ზე, ვკითხულობ: "ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაცია ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურის და კახა კოჟორიძის საქმიანობასთან დაკავშირებით კვლევაზე მუშაობს". ტექსტში დაზუსტებაა, რომ კვლევა პიროვნებებზე იქნება... მომინდა რაღაცის დაწერა. გამახსენდა, რომ სახელმწიფო სამსახურში ვარ, ხოლო ბატონი ბიძინა არასამთავრობო ორგანიზაციაში. იქვე ისიც გამახსენდა, რომ სახელმწიფო მოხელის მხრიდან არასამთავრობოების კრიტიკა ტაბუდადებული არ არის, მაგრამ მაინც თავის შეკავება გადავწყვიტე.
გავაგრძელე კითხვა. ბატონი ბიძინა საუბრობს ევროპული ტიპის საზოგადოებაზე, რომ ,,დღეის გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ დღეს" და რომ იდგება იქ სადაც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე ფასეული საქმის გაკეთება შეეძლება... შეიძლება ვინმემ სარკაზმად ჩამითვალოს, მაგრამ მაინც ვიტყვი: მე მჯერა, რომ ბატონ ბიძინას ამის გულწრფელი სურვილი აქვს.
მაგრამ მაქვს კითხვა: ნუთუ ზემოაღნიშნული ისტორიული შანსის ფონზე, დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანია ჩემი პიროვნების კვლევა და ნუთუ ეს ევროპულ საზოგადოებად ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება? თუ ვინმე დამისაბუთებს, რომ ეს ნამდვილად ასეა, ვდებ პირობას: დიდი პატივისცემის მიუხედავად, დავანებებ პრეზიდენტის მრჩევლობას თავს და დავიწყებ საკუთარი პიროვნების კვლევას, ჩემზე უკეთესად ამას მაინც ვერავინ გააკეთებს", - წერს კახა კოჟორიძე.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დაფუძნებული საზოგადოება არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების – ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურის და კახა კოჟორიძის საქმიანობასთან დაკავშირებით კვლევაზე მუშაობს.
ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ "მთავრობაზე დიდ არასამთავრობოებთან" შეკითხვები აქვთ.
"არასამთავრობოებზე ცალკე კვლევას ვაკეთებთ - მთავრობაზე დიდი არასამთავრობოები რომ არიან, მათზე, უფრო სწორად პიროვნებეზე - ლომჯარიაზე, გიგაურზე, კოჟორიძეზე. ჩვენ საინტერესო კვლევას დავდებთ მათზე. ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს. თვითონ მათზე გვაქვს კითხვები, რამდენადაც ტაბუ დაადეს რაღაც საკითხებს - არასამთავრობოებს ვერ შეეხებოდით, ასევე ცდილობდნენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ გაგვეკრიტიკებინა", - განაცხადა ივანიშვილმა, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, რა შეკითხვები აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების აღნიშნულ წარმომადგენლებთან.