აფხაზეთში სკოლები და საბავშვო ბაღები დროებით დაიხურა. სასწავლო დაწესებულებებში კარანტინი გამოცხადდა. მიზეზი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის გავრცელება გახდა. ამის შესახებ "იტარ-ტასს" აფხაზეთის განათლების დე ფაქტო მინისტრმა, ადგურ კაკობამ განუცხადა.
"სოხუმსა და სხვა რეგიონებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ დაინფიცირებული ბავშვების რიცხვი დღითიდღე იზრდება, ამიტომაც სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურთან კონსულტაციების შედეგად გადავწყვიტეთ, 8 თებერვალმდე კარანტინი გამოვაცხადოთ" , - აღნიშნა ადგურ კაკობამ.
მისივე ცნობით, კარანტინი სულ 162 სკოლაში, 4 სკოლა-ინტერნატში და 36 საბავშვო ბაღში გამოცხადდა. აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მსგავსი ვითარება წლის ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.