ხათუნა ხოფერია - როდესაც დასახელდება, რომ ჟვანია იყო მოკლული, ამ მკვლელობას სისტემური დანაშაულის სტატუსი მიეცემა

როდესაც დასახელდება, რომ ჟვანია იყო მოკლული, ამ მკვლელობას სისტემური დანაშაულის სტატუსი მიეცემა. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე დღეს საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ განაცხადა.

ხოფერია პრესკონფერენციაზე ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით "რუსთავი 2"-ის ეთერში გუშინ პოლიტიკოსებისა და ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს სხვადასხვა სტრუქტურებში საყრდენი გააჩნდათ, ბოლო პერიოდში კი ვითარება სერიოზულად შეიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაცმოძრაობა ყოველდღიურად კარგავს იმ გარანტიებს, რომელიც მას გააჩნდა. შესაბამისად, ხოფერიას თქმით, ბოლო პერიოდში გარკვეული პირების გააქტიურებაც ამით არის განპირობებული.

ხოფერია ითხოვს, რომ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ დაამტკიცოს, რომ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ნამდვილად "ეფ-ბი-აი"-ს დოკუმენტია, რომელიც ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით მათ დადეს. "რატომ არ ისმება კითხვები გაბუნიას მიერ გავრცელებულ დასკვნასთან დაკავშირებით?! ვინ მისცა მას?! რა "ეფ-ბი-აი!-ს დასკვნაზეა საუბარი?! თუ ასეთი საიდუმლო დასკვნა არსებობდა, მაშინ რა დასკვნას გაეცნენ პარლამენტის წევრები?! რატომ ხდება გაბუნიას მხრიდან რაღაც დოკუმენტის გაუთავებელი ფრიალი?! თუ სხვა გასაიდუმლოებული დასკვნა არსებობდა, რატომ იყო შეცდომაში შეყვანილი საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური ორგანო?!", _ განაცხადა ხოფერიამ.

მისივე თქმით, როგორც კი დასაბუთდება, რომ პრემიერ მინისტრი იყო მოკლული, ეს მიიღებს შეფასებას, როგორც სისტემური, სახელმწიფოებრივი დანაშაული. ასეთ შემთხვევაში დაისჯება არა მარტო კონკრეტული მკვლელი, არამედ სისტემა. "ეს მათ იციან. დაისჯება სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფლება. ამიტომ არის, რომ ასე თავგამოდებით იბრძვიან. იქ უკვე ერთი და ორი დამნაშავე ნამდვილად არ იქნება", _ დასძინა ხოფერიამ.

ხოფერიამ ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსის, გოჩაშვილის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძაძამიას ადვოკატის მიერ გოჩაშვილზე გუშინ ეთერში გაკეთებული განცხადება ტყუილს წარმოადგენს. მისივე თქმით, გოჩაშვილს ახლახან ანევრიზმის ოპერაცია გაუკეთდა და მძიმედ არის. ხოფერია აცხადებს, რომ დადგება დრო, როდესაც გოჩაშვილი თავად მოუყვება სასამართლოს არაერთ საინტერესო ფაქტს.

"თავად გოჩაშვილის სიტყვებს გადმოგცემთ: სიკეთისა და ზრუნვის მეტი ზურაბ ჟვანიას მისთვის არაფერი გაუკეთებია. მას მისცა პოლიტიკურ ასპარეზი. ჩააბარა ცხინვალის რეგიონი, ამ ოლქში აყრევინა კენჭი და მისცა ახლა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის შესაძლებლობა. გოჩაშვილი ახლა შეუძლოდ არის, მაგრამ სასამართლოზე ძალიან ბევრ რამეს იტყვის. იტყვის, რომ ეს იყო ტყუილი, რომელიც ძაძამიას ადვოკატმა მოიშველია. მან ამ ტყუილისთვის სასწრაფოდ უნდა მოიხადოს ბოდიში. გოჩაშვილი ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს კონსპირაციულ ბინებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, უშიშროების სამსახურის უფროსსაც და პრაქტიკულად ყველას აქვს. დაასახელებს იმ პირებს, პოლიტიკოსებს, რომელსაც ჟვანია წლების მანძილზე იქ ხვდებოდა. ასე რომ, კიდევ ერთი უსუსური მცდელობაა, გვარების დასახელებით ჩრდილი მიაყენონ ზურაბ ჟვანიას და "დელიკატური საკითხი" ბრჭყალების გარეშე წარმოაჩინონ", _ დასძინა ხათუნა ხოფერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა