ბათუმში, დღეს, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე სანაპირო ზოლისა და მიმდებარე ტერიტორიის საკურორტო ზონის განვითარების მიზანშეწონილობის და საინვესტიციო პოტენციალის კვლევის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენდა 2014 წლის 22 ოქტომბერს გამართული ვორქშოპის გაგრძელებას.
ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოში ვიზიტად მყოფი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Colliers International-ის ექსპერტები და მასში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და ფონდ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე კომპანია ჩოლლერს-ის ლონდონის ოფისის წამომადგენლებმა დაინტერესებულ მხარეებს გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიის განვითარების სამი სავარაუდო კონცეფცია და შესაბამისი გენერალური გეგმები წარუდგინეს, რის საფუძველზეც სამუშაო ჯგუფის წევრებმა განიხილეს სამივე გეგმის მიზანშეწონილობა სხვადასხვა ჭრილში, როგორებიცაა საინვესტიციო შენობა-ნაგებობების განთავსება, ინფრასტრუქტურული განვითარება, შესრულების ეტაპები და საინვესტიციო ღირებულების ასპექტები.
მხარეებმა დასახეს რამდენიმე მიმართულება, რომელიც რეგიონში კონკურენტუნარიანი და კომერციულად მიზანშეწონილი შეიძლება იყოს. პროექტის შემდეგი-დასკვნითი ეტაპი, მიმდინარე წლის გაზაფხულის ბოლომდე დასრულდება და გულისხმობს საბოლოო მიზანშეწონილობის კვლევის, გენერალური საინვესტიციო გეგმისა და თანმხლები დოკუმენტაციის ჩაბარებას. სწორედ ამის შემდეგაც უკვე შესაძლებელი იქნება კურორტის განვითარების დაწყებისათვის ინვესტიციების მოზიდვა.
საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დაკვეთით საერთაშორიოსო საკონსულტაციო კომპანია გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე სანაპირო ზოლისა და მიმდებარე ტერიტორიის საკურორტო ზონის განვითარების მიზანშეწონილობის და საინვესტიციო პოტენციალის კვლევას ატარებს.
გონიოს განვითარების პროექტის მიზანია ყოფილი სამხედრო პოლიგონისა და მიმდებარე ტერიტორიების, ჯამში "315 ჰა. საინვესტიციო პოტენციალის დადგენა.
ტერიტორიის განვითარების კონცეფციისა და გეგმის შემუშავების მიზნით გამარჯვებული კომპანია Colliers International Specialist and Consulting UK LLP,
რომელთანაც საქართველოს მთავრობამ გააფორმა კონტრაქტი, ატარებს პროექტის მიზანშეწონილობის კვლევას, რომელიც მოიცავს: ბაზრის კვლევას; საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის SWOT ანალიზს; გონიოს კონკურენტუნარიანობის განსაზღვრას ადგილობრივ ძირითად კონკურენტებთან მიმართებაში; საქართველოს პოზიციონირებას იგივე სეგმენტის გლობალურ/რეგიონალურ მოთამაშეებთან მიმართებაში; განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებას; ტერიტორიის ზონებად დაყოფას და ზონების კატეგორიის, კლასის განსაზღვრას; თითოეული ზონის სტრატეგიულ დაგეგმარებას.
გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე ერთიანი საინვესტიციო გეგმის არსებობა ხელს შეუწყობს საქართველოს სახელმწიფოს მაქსიმალურად გამოიყენოს ამ უნიკალური ტერიტორიის პოტენციალი და გამოავლინოს მისი განვითარების ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება. შესაბამისად, გონიოს განვითარების პროექტი აჭარის სანაპირო ზოლზე უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო პროექტი გახდება.