საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო პოლიტიკის გამკაცრება არის შეცდომა და ყველამ აღიარა, რომ პარლამენტმა იჩქარა.
როგორც ლაშა პაპაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამის შესახებ მოსაზრება მათ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც დააფიქსირეს.
"ჩვენ ეს საკითხი პრემიერ-მინისტრთანაც დავაფიქსირეთ. ეს არის შეცდომა, ყველამ აღიარა, რომ პარლამენტმა იჩქარა. ევროკავშირისკენ კი მივისწრაფით, მაგრამ ასე ჩქარაც არ უნდა ვიაროთ, რომ ასეთი რეგულაციები მივიღოთ, რომელიც ბიზნესისთვის და მოქალაქისთვის იყოს ხელისშემშლელი. არის თანხმობა, რომ უკიდურესად გამარტივდება", - განაცხადა პაპაშვილმა.
რაც შეეხება შრომითი მიგრაციის შესახებ კანონპროექტს, ლაშა პაპაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ამ კანონის მიღება საერთოდ არ უნდა მოხდეს. მისივე თქმით, თუ ბიზნესს მხარს არ დავუჭერთ, არაფერი გამოვა.
"სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკური განვითარება, ლარის კურსი, გაზის ფასი, ყველაფერი დაკავშირებულია ბიზნესთან. ამდენად, ბიზნესს ყველა ძალიან უნდა მოუფრთხილდეს", - განაცხადა პაპაშვილმა.