ჯოზეფ ლიბამ "თბილისის ზღვის ახალი ქალაქი" დაათვალიერა

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარემ, ჯოზეფ ლიბამ და კომისიის მენეჯერმა კატერინა ნიცოვამ, "თბილისი 2015" -ის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებთან ერთად, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური სოფლის მშენებლობა დაათვალიერეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ჰუალინგ ჯგუფიდან" აცნობეს, კომისიამ გეგმური მონიტორინგის ფარგლებში "ჰუალინგი. თბილისის ზღვის ახალ ქალაქში" მშენებარე კომპლექსის ოლიმპიურ სტანდარტებთან შესაბამისობა შეამოწმა.

მათივე ინფორმაციით, სტუმრები ინვესტორი კომპანია "ჰუალინგ ჯგუფის" წარმომადგენლებს შეხვდნენ და მშენებლობის პროცესი დეტალურად განიხილეს.

კომპანია "ჰუალინგ ჯგუფის" განცხადებით, მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და პროექტი მაისის ბოლოს დასრულდება. კომპლექსთან ერთად სრულდება ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს "Hotels and Preference Hualing Tbilisi"- ს მშენებლობაც.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საკოორდინაციო კომისიის წევრების შეფასებით, მათ წინა ვიზიტთან შედარებით ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ობიექტებზე პროგრესი აღინიშნება. როგორც საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარემ, ჯოზეფ ლიბამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო ინსპექტირების დროს გარკვეული პრობლემები არსებობდა, თუმცა დღეს ეს პრობლემები მოგვარებულია.

"დღეს ჩვენ დავასრულეთ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ობიექტების ინსპექტირება. მდგომარეობა შევამოწმეთ, თუ რამდენად მზად იქნებიან ივლისის ბოლოსთვის ფესტივალის ჩასატარებლად. დიდი პროგრესი შეიმჩნევა წინა ვიზიტის შემდეგ. წინსვლა აღინიშნება როგორც სპორტსმენთა სოფლის მშენებლობის თვალსაზრისით, ასევე სპორტული ობიექტების კუთხითაც. ბოლო ინსპექტირების დროს გარკვეული პრობლემები არსებობდა ხელბურთისა და ცურვის სპორტულ ბაზებთან დაკავშირებთ, მაგრამ დღეს დავინახე, რომ არსებობს დიდი პროგრესი და ეს დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა ევროპის ოლიმპიური საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარემ, ჯოზეფ ლიბამ.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, "თბილისი 2015" –ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსი ახვლედიანის თქმით, სადამკვირვებლო მისია დარწმუნდა, რომ ახალგაზრდულ ფესტივალს თბილისში საფრთხე არ შეექმნება.

"ღონისძიების წინ ფაქტობრივად ეს არის ბოლო ინსპექტირება. როგორც ჩვენმა სადამკვირვებლო მისიის წევრებმა განაცხადეს, ყველა სამუშაო, იქნება ეს ინფრასტრუქტურული, თუ საორგანიზაციო საკითხები, მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკით, უფრო მეტიც, ჩვენ ბევრ ინფრასტრუქტურულ ნაწილში წინსწრებაც კი გვაქვს. სადამკვირველო მისია კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ არანაირი საფრთხე არ შეიქმნება და თბილისში იქნება ერთ-ერთი უმაღლესი და საუკეთესო ოლიმპიური ფესტივალი", - განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის წევრებმა დღეს დილიდან თბილისში ყველა მშენებარე სპორტული ობიექტი, ასევე ოლიმპიური სოფელი დაათვალიერეს. ჯგუფმა შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და თბილისის მერთან.

კომპანიის ინფორმაციით, "ჰუალინგ ჯგუფმა" "თბილისი 2015" ახალგაზრდული ოლიმპიური სოფლის მშენებლობა 2012 წლიდან დაიწყო. ოლიმპიური სოფელი 3800 სპორტსმენს უმასპინძლებს. აღნიშნული პროექტი კომპანიას 150 000 000 აშშ დოლარი უჯდება.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის