საქართველოში კრასნოდარის სულგუნი იყიდება. bpn.ge-ს ინფორმაციით, სულგუნი ზუგდიდსა და სვანეთში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის გავლით შემოდის და მას საკმაოდ აქტიურად მოიხმარენ.
აღნიშნული ინფორმაცია bpn.ge-ის იმ პირმა მიაწოდა, რომელიც პირადად იმყოფებოდა ამ რეგიონებში, ყველის ეს სახეობა დააგემოვნა და აცხადებს, რომ კრასნოდარის სულგუნს გემო განსხვავებული აქვს და უფრო გამომშრალია.
როგორც ცნობილია, რძის სხვადასხვა პროდუქტი, მათ შორის, სულგუნიც, "საქპატენტმა" კარგა ხნის წინ, რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ დააპატენტა.
კითხვაზე - ირღვევა თუ არა ამ შემთხვევაში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უფლება, "საქპატენტის" თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე აცხადებს, რომ
"სულგუნი" არის გეოგრაფიული აღნიშვნა ქართული კანონმდებლობის მიხედვით და რეგისტრირებულია "საქპატენტში".
"შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას ზედ აწერია "სულგუნი", მაშინ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უფლება ირღვევა, რადგან სულგუნი არის ქართული პროდუქცია და ამ სახელით არის რეგისტრირებული "საქპატენტში", რაც გულისხმობს იმას, რომ მის ქვეშ, არის ტექნიკური სპეციფიციკაცია, რომელშიც აღწერილია ის მოთხოვნები, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს სულგუნი. ეს კი, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ რძის ნაწარმის ამ სახეობის ნედლეული წარმოებული უნდა იყოს საქართველოში. ასე რომ, თუ კრასნოდარიდან შემოდის პროდუქტი, რომელსაც აწერია "სულგუნი", ეს არის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის უფლებების დარღვევა", - აცხადებს გოგილიძე.
მისივე თქმით, საქართველო ვერავის აუკრძალავს იმ ყველის წარმოებას, რომელსაც სულგუნს ვეძახით, უბრალოდ, მან ზედ "სულგუნი" არ უნდა დააწეროს.
"მაგალითად, თუნდაც აზერბაიჯანში იგივე სპეციფიკაციით დაამზადონ ყველის ეს სახეობა, მაგრამ სულგუნის სახელით გაყიდვის უფლება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს აქვს. დადგენილია, რომ საქართველოში ადგილობრივი ტექნოლოგიითა და სპეციფიკაციით დამზადებული ყველი, ქართული ძროხის რძე განსხვავებული თვისებებით გამოირჩევა. თუ სხვა ქვეყანაში იგივე ტექნოლოგიით დაამზადებენ ამ ყველს, პრობლემა არ არის, უბრალოდ, სულგუნი არ უნდა დააწერონ. თორემ პროდუქტის დამზადებას ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ. სრულიად ჩვეულებრივ შეიძლება მოცარელა საქართველოშიც დამზადდეს, მაგრამ "მოცარელას" ვერ დავაწერეთ", - აცხადებს გოგილიძე.
კითხვაზე - ყველის ეს სახეობა არალეგალურად შემოდის საქართველოში და ამ შემთხვევაში პრევენციის სახით, რა შეუძლია სახელმწიფოს, გოგილიძე აცხადებს, რომ დაცული ადგილწარმოშობის, დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო გამოყენება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.
"დიახ, შემოდის, ოღონდ გააჩნია რაოდენობას. დაცული ადგილწარმოშობის, დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო გამოყენება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. ასევე, შესაძლებელია კერძო სამართლებრივი წესით, სარჩელის შეტანა სასამართლოში. უბრალოდ, კარგად უნდა გავარკვიოთ, რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე", - აღნიშნა გოგილიძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"