საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აცხადებს საკონკურსო განაცხადების მიღებას გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის პოზიციაზე. სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში დღეს გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის შესახებ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, ახალგაზრდობის წარმომადგენლების პროგრამა, გაეროს ერთ-ერთ წარმატებულ ინიციატივად მიიჩნევა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, პირველად 1981 წელს მოუწოდა წევრ ქვეყნებს, რომ ახალგაზრდა დელეგატები ქვეყნის ოფიციალურ დელეგაციებში შეეყვანათ. აღნიშნული მოწოდება დაფიქსირებულია გაეროს რამდენიმე რეზოლუციაში.
2013 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 20 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს ჰყავს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში. საქართველოში პროგრამას საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა და სრულად ფინანსდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით.
სათანადო კონკურსის გავლის შემდეგ, შერჩეული წარმომადგენელი ახალგაზრდებთან გადის კონსულტაციებს, ატარებს შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოგვიანებით, ახალგაზრდობის წარმომადგენელი მიემგზავრება გაეროს სათაო ოფისში (ნიუ იორკი, აშშ), სადაც როგორც საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი, მონაწილეობას იღებს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ღონისძიებებში და საკომიტეტო მოსმენებში, სიტყვით გამოდის ამავე კომიტეტის სხდომაზე და მონაწილეობს ახალგაზრდობის შესახებ დადგენილების შემუშავებაში. ახალგაზრდობის წარმომადგენელს ასევე შეუძლია ეკონომიკური და სოციალური საბჭოს სოციალური განვითარების კომისიის სხდომებში მონაწილეობის მიღება (თებერვალი).
გარდა ქვეყნის წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელებისა, ახალგაზრდობის წარმომადგენელი სხვა ქვეყნის დელეგატებთან ერთად ახორციელებს ახალგაზრდების პრობლემებთან დაკავშირებულ ღონისძიებებსა და ინიციატივებს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - 18-დან 25 წლამდე.
განაცხადები მიიღება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს კანცელარიაში ჭავჭავაძის გამზირი N49ა ნაბეჭდი (ერთი ეგზემპლარი) და ელექტრონული სახით (კომპაქტ დისკი) 2015 წლის 8 მაისის ჩათვლით.
კონკურსი ჩატარდება სპეციალური კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოქმედი ახალგაზრდობის წარმომადგენელი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად.