ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, იმის გამო, რომ ერთი კვირით გადაიწია მინისტრების დამტკიცებამ, ეს ცხადია გარკვეულ პრობლემებს ქმნის.
როგორც ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ უწევთ განმარტებების გაკეთება კოლეგებისადმი, რომლებიც "იბიარდის" ყოველწლიურ შეხვედრაზე აპირებენ ჩამოსვლას.
"ჩვენ დღეს სამუშაო რეჟიმში შევიკრიბეთ მთავრობის ადმინისტრაციაში. მინდა დავადასტურო, რომ მთავრობა მუშაობს ჩვეულ რეჟიმში. ამაზე იურისტებმაც გააკეთეს განმარტებები, რომ არა მარტო ძველი მინისტრები, არამედ ახლად დანიშნული მინისტრებიც უფლებამოსილი არიან დაიწყონ მუშაობა. რაც შეეხება იმას, რომ ერთი კვირით გადაიდება დამტკიცება, ეს ცხადია ქმნის გარკვეულ პრობლემებს. ჩვენ გვიწევს განმარტებების გაკეთება ჩვენი კოლეგებისადმი, რომლებიც აპირებენ ჩამოსვლას "იბიარდის" ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომლის მსგავსი მასშტაბის ღონისძიება საქართველოში და კავკასიაში ჯერ არ ჩატარებულა", - აღნიშნა გუშინ ხადურმა.
იგი იმედოვნებს, რომ ძალიან მოკლე დროში იქნება მიღებული გადაწყვეტილება და ასეთი კითხვები მოიხსნება. "უკვე დაახლოებით 1 კვირაში თბილისში ჩამოვა "იბიარდის" პრეზიდენტი, რომელიც ეწვევა სომხეთს და ამის შემდეგ ისევ საქართველოში დაბრუნდება. "იბიარდის" ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩამოვლენ არაერთი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციის წარმომადგენლები. მათ შორის იქნება დაახლოებით 15-მდე ფინანსთა მინისტრი, ამავე რაოდენობის ეკონომიკის მინისტრი, რამდენიმე ქვეყნის ვიცე-პრემიერი, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელები. მე ვფიქრობ, რომ სათანადოდ უნდა დავხვდეთ ამ ღონისძიებებს", - განაცხადა ხადურმა. მისივე თქმით, ეს ღონისძიება ჩატარდება დათქმულ ვადებში და ცვლილებები არ იქნება.
ამასთან, ხადურმა აღნიშნა, რომ დღეს ბაქოში აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა იხსნება და მიემგზავრება აზერბაიჯანში. ნოდარ ხადური შეხვდება თავის აზერბაიჯანელ კოლეგას და სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებს.