ირაკლი ღარიბაშვილი - 2013 წელი იყო ერთადერთი წელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როცა საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი შემცირდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 4 500 ადამიანის დასაქმებას ელოდება. ეკონომიკური მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე პრემიერმა გუშინ საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე ისაუბრა.

"2013 წელს საქართველოში დაფიქსირდა ეკონომიკის 3,3%-იანი ზრდა, ხოლო 2014 წელს - 4.8%. მნიშვნელოვანია ის, რომ წინა პერიოდებისგან განსხავებით, 2014 წელს საქართველოს რეგიონში ეკონომიკის ზრდის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

2008 -2012 წლებში საქართველოს ვალის ზრდა წინ უსწრებდა ეკონომიკის ზრდას. 2013 წელი იყო ერთადერთი წელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როცა საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი არათუ გაიზარდა, არამედ 50 მილიონი დოლარით შემცირდა.

2014 წელს, 2012 წელთან შედარებით, ექსპორტი გაიზარდა 20,5%-ით, ევროკავშირთან - 76%-ით, რუსეთთან - დაახლოებით 6-ჯერ (487,5%-ით).

2012, 2013, 2014 წლებში ჯამურად შემოვიდა 3 მილიარდ 126 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია.

2014 წელს 2011 წელთან შედარებით, შემოვიდა 13,9 %-ით მეტი ინვესტიცია, ხოლო 2012 წელთან შედარებით, ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 40%-ით არის გაზრდილი.

2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან, ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ძირითადი ნაწილი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით.

"აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და ფიზიკური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის კომპონენტით უკვე სარგებლობს 72 ბენეფიციარი და დაწყებულია შესაბამისი ეს პროექტი მოიცავს როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე ინდუსტრიული წარმოების მიმართულებას. მეწარმეებმა უკვე დაიწყეს წარმოებების შექმნა. პროექტების ჯამური მოსალოდნელი ინვესტიცია აღწევს 257 მილიონ ლარს. ჩვენი გათვლებით, მხოლოდ ამ პროგრამაში ჩართული საწარმოების ამუშავების შედეგად დასაქმდება დაახლოებით 4 ათას 500 კაცი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2012 წლიდან 2014 წლის სამი კვარტალის ჩათვლით, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოვიდა 4 მილიარდ 525 მილიონ 526 ათას 500 დოლარი (2013-დან 2014 წლის სამი კვარტლის ჩათვლით - 3 მილიარდ 114 მილიონ 624 ათას 800 დოლარი).

"დაიწყო მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია რეგიონებში, განსაკუთრებით კი ეკონომიკურად მოწყვლად რეგიონებში ბიზნესის დაწყების ხელშეწყობა, რეგიონებში წარმოებული პროდუქტისა და მომსახურების დივერსიფიკაცია და შესაბამისად - რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის წახალისება და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდა.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში 2015 წლის ბოლომდე საქართველოს მაშტაბით 1500-ზე მეტ მეწარმეს გაეწევა დახმარება ბიზნესის წამოწყების კუთხით, 2 ათას 100 ადამიანი გაივლის სპეციალურ ტრენინგს და 2 ათას 400-ზე მეტი ადამიანის პირდაპირი დასაქმება მოხდება.

2016-2017 წლებში პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა 2 ათას 800-ზე მეტ მეწარმეს, ხოლო პირდაპირ დასაქმებულთა რაოდენობა 4 ათას 500 ადამიანს შეადგენს.

პირველად, საქართველოს სამთო კურორტების ისტორიაში მოხდა სათხილამურო ტრასების ხელოვნური გათოვლიანება გუდაურსა და ბაკურიანში. ეს სათხილამურო სეზონს 5 თვემდე გაზრდის.

დაიწყო სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის სრულმასშტაბიანი პროექტი. სახელმწიფო ქონების პრივატიზებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სრული ინფორმაცია განსაკარგავი ქონების შესახებ.

იწყება პროექტის ,,მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ყველას" სამუშოები. საქართველოს ყველა ქალაქამდე და სოფლამდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზების მშენებლობის განხორციელების მიზნით განხორციელდა ინტერესთა გამოხატვა.

თბილისთან ახლოს შენდება ტექნოლოგიური პარკი. შეიქმნება ერთიანი სივრცე ახალი ტექნოლოგიების ხელშეწყობის მიზნით.

ჩინეთსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ,,ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის" განვითარებისთვის თანამშრომლობის შესახებ", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია