ჩაი "გურიელის" მწარმოებელი კომპანია "გეოპლანტის" დირექტორის, მიხეილ ჭკუასელის განცხადებით, 2015 წელი ჩაის წარმოებისთვის გარდამტეხი ხდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჭკუასელმა განუცხადა, დღეს გურიაში პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესმენების შეხვედრაზე ჩაის წარმოების განვითარების საკითხი დაისვა და მთავრობის მეთაურმა მათ მაქისმალური დახმარება აღუთქვა.
"შეხვედრები, რომელიც რეგიონის ჭრილში პროექტების განხილვას ითვალისწინებს, ძალიან მნიშვნელოვანია. გულახდილი საუბარი იყო. ჩვენ დავსვით საკითხი, რომ გურიისთვის ძირითადი პროდუქტი არის ჩაი. თითოეული ჩვენგანი ამაყი ვართ, რომ საქართველო ღვინის აკვანია და ყველგან ხდება ღვინის პოპულარიზაცია, მაგრამ ჩვენ ასევე ვართ ქვეყანა, რომელსაც ჩაის წარმოების 200-წლიანი ისტორია გააჩნია. საქართველო შედიოდა ხუთეულში ჩაის წარმოების მხრივ საბჭოთა კავშირში. ვფიქრობ, ჩაი ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი პროდუქტია და ჩვენი მოსაზრება იყო, მაქსიმალური მხარდაჭერა ყოფილიყო. ეს იქნა გაზიარებული მთავრობის თავმჯდომარის მხრიდან და პარტნიორმა ბიზნესმენებმაც გამოთქვეს მხარდაჭერის სურვილი, რომ ჩაი იქცეს ბრენდად საქართველოსთვის. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და შეეხება არა მხოლოდ გურიას და სამეგრელოს, ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, ვაწარმოოთ ხილის ჩაი, მცენარეული ჩაი და ამაში ჩართული გვყავს მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები და მე ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება მთელი ქვეყნისთვის", - განაცხადა ჭკუასელმა.
რაც შეეხება გურიის რეგიონს, "გეოპლანტი" იქ ერთ დიდ პროექტს ახორციელებს, რომელიც, თავის მხრივ, ორი კომპონენტისგან შედგება.
"ერთი არის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ახალი ჩაის დასაფასოებელი საწარმოს მშენებლობა. ეს არის საწარმო, რომელიც შენდება 1300 კვ/მეტრზე და აღჭურვილი იქნება უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიებით. მეორე კომპონენტი მოიცავს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას და პირველადი წარმოების რეკონსტრუქციასა და განახლებას. მიმდინარე წელს ჩვენ მოვახდეთ 250 ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციას, აქედან 87 ჰექტარზე უკვე ჩატარებულია გაწმენდის სამუშაოები, შეტანილია სასუქი, რაც საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ მაღალხარისხიანი მოსავალი და მნიშვნელოვნად გავზარდოთ 1 ჰექტარ პლანტაციაზე მოწეული ჩაის ფოთლის რაიოდენობა. შედარებისთვის, ვიდრე ეს პროექტი განხორციელდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩაის რეაბილიტაცია ძალიან კაპიტალტევადია, გასული წლების განმავლობაში შესაძლებელი იყო მხოლოდ ტონა-ნახევარი-2 ტონა მწვანე ფოთლის მიღება 1 ჰექტარზე. მიმდინარე წელს ჩვენ შევძლებთ 3,5 ტონა ჩაის ფოთლის მიღებას ჰექტარზე, საიდანაც 1,5 იქნება მაღალხარისხოვანი, ხოლო მომავალ წლებში, ვფიქრობთ, რომ 5-6 ტონა მივიღოთ. გარდა ამისა, 170 ჰექტარზე მიმდინარე წლის ბოლომდე მძიმე გასხვლითი სამუშაოები ჩატარდება. რაც შეეხება პირველადი წარმოების რეაბილიტაციას, მიმდინარე წელს ჩავატერეთ სამუშაობი, ხოლო წლის ბოლოს და 2016 წელს განვახორციელებთ სერიოზულ ინვესტიციას ჩაის წარმოების გადამამუშავებელ ხაზში, ჩამოგვაქვს სპეციალური იაპონური ტექნოლოგია, რომლითაც შეგვეძლება იაპონური ტიპის მწვანე ჩაის წარმოება, ასევე მიმდინარე წელს, ექსპერიმენტის სახით, ხოლო მომავალი წლიდან უკვე ვგეგმავთ, რომ წარმოებაში ჩავუშვათ თეთრი ჩაის წარმოება, რაც საქართველოსთვის იქნება უნიკალური, იმიტომ, რომ აქამდე საქართველოში სამრეწველო წესით თეთრი ჩაის წარმოება არ მომხდარა. ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, რომ გავზარდოთ წარმოების მოცულობა", - განაცხადა ჭკუასელმა და დასძინა, რომ გურიის გარდა, 50 ჰექტარ ჩაის პლანტაციაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება სამეგრელოშიც იგეგმება.