ნინო ევგენიძე - აზიმ სადიკოვის განცხადება მთავრობაში დაფიქრების საგანი უნდა გახდეს

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ევგენიძის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის საქართველოში, აზიმ სადიკოვის განცხადება მთავრობაში დაფიქრების საგანი უნდა გახდეს.

ამის შესახებ ნინო ევგენიძემ "ინტერპრესნიუსს" საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის საქართველოში, აზიმ სადიკოვის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, ვერანაირად ვერ ჩათვლის წარმოდგენილ ინიციატივას, საბანკო ზედამხედველობის შესუსტებაზე, გამართლებულად.

როგორც ევგენიძემ აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით, 10-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გასულ კვირას გამოხატა პოზიცია.

"მიგვაჩნია და ახლაც გიდასტურებთ, რომ ჩვენი აზრით, ეს არის პირდაპირი შეტევა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე და ამიტომ ვერანაირად ვერ ჩავთვლით ამ წარმოდგენილ ინიციატივას გამართლებულად.

სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის დღევანდელი განცხადება, რომელიც ზოგადად სავალუტო ფონდის ოფიციალურ პოზიციას გამოხატავს, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ეს არის შეტევა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე. რაც ყველაზე მთავარია ჩემი აზრით, ეს საფრთხეს უქმნის იმ მიმდინარე პროგრამებს, რომელიც სავალუტო ფონდთან გვაქვს, დაახლოებით 154 მილიონი დოლარის სტრუქტურული გარდაქმნის კრედიტს ვიღებთ. ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება თუ მოხდება ამ პროგრამების გადახედვა სავალუტო ფონდის მხრიდან იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამ ეტაპზე ეს პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

ვფიქრობთ, რომ ზოგადად ის პოზიცია, რაც ბატონ სადიკოვს აქვს თავის განცხადებაში გამოთქმული, მგონია, რომ დაფიქრების საგანი უნდა გახდეს მთავრობაში იმიტომ, რომ რაღაც უფრო სერიოზული მიდგომა უნდა იყოს მათი მხრიდან ამგვარი საკითხების მიმართ", - განაცხადა ნინო ევგენიძემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში აზიმ სადიკოვი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებებს ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საერთაშორისო სავალუტო ფონდს არ გამოუთქვამს და ვერც მომავალში გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას ცალკეული ქვეყნის სამართალწარმოებაზე ან ერთეული პირის კანონთან მიმართებაზე, რადგან ეს არ არის მისიის მანდატი.

"საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგისას, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა არაერთხელ აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობა. საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შელახვა შეასუსტებს ამ ინსტიტუტს, ძირს გამოუთხრის მის სავალუტო და ფინანსური პოლიტიკის სანდოობას და საფრთხეს შეუქმნის ინვესტორთა ნდობას", - ნათქვამია განცხადებაში.

სადიკოვის განცხადების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისადმი ერთგულება. ყოველივე ამან განაპირობა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკური დახმარების პროგრამებს.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ბოლო პერიოდში გაკეთებული შეთავაზება ეროვნული ბანკის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რისკის ქვეშ დააყენებს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას. ჩვენი რეკომენდაციაა, ახლავე გაიმართოს სწორი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან და საერთაშორისო ექსპერტებთან. თუ ამ კონსულტაციებით გადაწყდება, რომ ცვლილებები შევიდეს ეროვნული ბანკის კანონმდებლობაში, ნებისმიერმა ცვლილებამ უნდა დაიცვას საქართველოს ეროვნული ბანკის დაკმოუკიდებლობა და უზრუნველყოს, რომ მისი მმართველობა და ოპერაციები შეესაბამებოდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადყოფნას გამოთქვამს, გაუწიოს დახმარება ამ სფეროში", - ნათქვამია სადიკოვის განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სთხოვა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ და ეს თხოვნა გაითვალისწინა.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის მხრიდან ეს თხოვნა პირად შეხვედრაზე დაფიქსირდა და მისი პოზიცია იყო, რომ რაც "მისი პირადია", შეუძლია, აპატიოს.

"ქართუ ბანკის" საკითხი პირადი იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმაც იცოდნენ, რომ მან კანონი დაარღვია, ის კი არ უთქვამთ, დასაჭერი არ არისო. ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, მაგრამ იქნება აპატიოთო. მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, შემიძლია გავაკეთო და პროკურატურაში განცხადების მსვლელობა შევაჩერე, რაზეც ჯავახიშვილი ძალიან განაწყენდა, მაგრამ ვინც მთხოვა, იმასაც და თვითონ გიორგი ქადაგიძესაც განვუმარტე, რომ სახელმწიფოს წინაშე თუ აქვს დარღვევა ჩადენილი, მე ხელს ვერ დავაფარებდი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა