ვანო ჩხაიძე – შიდა რესურსის გონივრული გააქტიურებით, ეკონომიკაში შესაძლებელია სერიოზული წარმატების სხვათა შეუწუხებლად მიღწევა

ქართული ეკონომიკის განვითარების დაჩქარების სავარაუდო გზებსა და ეკონომიკის აქტუალურ პრობლემებზე, "ინტერპრესნიუსი" ეკონომიკის დოქტორს, ვანო ჩხაიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვანო, ქართული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილმა ფსიქოლოგმა და საინტერესო ექსპერტმა ბატონმა ნოდარ სარჯველაძემ "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ბრძანა, რომ თქვენ საქართველოს ეკონომიკის განვითარების დაჩქარებაზე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწებისა და წიაღისეულის პრივატიზაციაზე, ყველაფერს რომ მეპატრონე გამოუჩნდეს, საუკეთესო მოსაზრებები გაქვთ, მაგრამ სამწუხაროდ, "არავინ გისმენთ." გვინდა, რომ თქვენი მოსაზრებები საჯარო გახდეს, თუ რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ იქნებით. გისმენთ, ბატონო ვანო...

- დიდი მადლობა. "საუკეთესო" ალბათ გადამეტებული შეფასებაა, თუმცა მეოთხედი საუკუნეა, ამ თემაში ვარ ჩაღრმავებული და სხვა უკეთესი მიდგომა რომ სადმე მეგულებოდეს, ცხადია, უარეს მოსაზრებებს ალბათ არ განვაცხადებდი. ეს ერთგვარი ხუმრობით. სერიოზულად კი ვფიქრობ, რომ უდიდესი შიდა რესურსის გონივრული გააქტიურებით, ეკონომიკაში მართლაც შესაძლებელია სერიოზული წარმატების სხვათა შეუწუხებლად მიღწევა, საერთაშორისო ასპარეზზე სუსტი და უმწეო პოზიციიდან, შეუდარებლად ძლიერ და დონორ პოზიციაზე ქვეყნის გადაყვანა.

- დარწმუნებული ვარ, თქვენი ოპონენტები იტყვიან, რომ სახელმწიფოში არსებული მიწისა და წიაღისეულის პრივიტიზაციაზე გამოტანა საფრთხეეებს შეიცავს, რომ ასეთ ვითარებაში "ქართულ მიწებსა და წიაღისეულს სხვები დაეპატრონებიან". მესმის, რაზეც საუბრობთ, აქტუალურია და მისი იმ რეგიონებში საპილოტოდ დაწყება შესაძლებელია, სადაც ე.წ. საფრთხეები არ არის, მაგრამ არგუმენტების სახით რას შეაგებებდით თქვენი კონცეფციის პოტენციურ კრიტიკოსებს? და კიდევ, რამდენად შესაძლებელია, იმგვარი კანონმდებლობა იქნეს მიღებული, რომ მიწებისა და წიაღისეულის პრივატიზაციაზე გამოტანისას კანონმდებლობით მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ადგილობრივი სპეციფიკა და საფრთხეები, რომელიც რეალურად არსებობს და ისინი წინააღმდეგობაში არ მოვიდნენ ჩვენს მიერ აღებულ საერთასორისო ვალდებულებებთან. . .

- პოსტკომუნისტურ სივრცეში ცნობილი ფობიაა, რომ ადამიანები სიმდიდრეს თვითონ ვერ მოუვლიან და გაანიავებენ. პირადად მე, ეს ხანგრძლივ და მიზანმიმართულ, სახელმწიფო რანგში აყვანილი წითელი პროპაგანდის შედეგად მიმაჩნია. თან ამ პროპაგანდას ამაგრებს თითქოსდა ამ სწორი მიმართულებით, სინამდვილეში კი მცდარად გადადგმული ნაბიჯებით მიღებული, ზოგჯერ სავალალო შედეგები, რეფორმების უშედეგო ხანგრძლივობით მიღებული გულაცრუება.

მარტივად რომ ვთქვათ, უმწეოებს და პრობლემებში მყოფებს დღეს 1000 ლარით თუ დაეხმარები, მალე ისინი მართლაც ისევ უმწეო და გართულებულ მდგომარეობაში დაგხვდებიან. აი, თუ თითოეულს მილიონ აშშ დოლარი ღირებულების ლიკვიდურ აქტივს დამატებით გაუჩენ პირად საკუთრებაში, მაშინ ცხადია, მათი დიდი უმეტესობა გაძლიერდება და სხვასაც გააძლიერებს. ახალი სიმდიდრის უმცირესი ნაწილი ეყოფა თითოეულ მოქალაქეს მის წინ მდგარი ფინანსური, ჯანმრთელობის, საყოფაცხოვრებო, განათლების და სხვა მწვავე პრობლემების მოსაწესრიგებლად. თითოეული მათგანი, დარჩენილი მნიშვნელოვანი თანხით, ცალ-ცალკე თუ ერთობლივად, თამამად შეეცდებიან მათ მიერ საუკეთესოდ მიჩნეული სამეწარმეო ინიციატივების საკუთარი ქონებრივი პასუხისმგებლობით, ინდივიდუალურ თუ კორპორაციულ საფუძველზე განხორციელებას. უფრო სწრაფად შექმნიან თვითკმარ, ძლიერ და რაც მთავარია, მაქსიმალურად დივერსიფიცირებულ ეკონომიკას.

მთავარ "საშიშროებას" მოდი ასე შევხედოთ: თითოეულმა მართლაც მიიღო თითქმის მილიონი დოლარის ნამეტი ქონება და მთელი ეს ქონება (ქვეყნის მასშტაბში 2-3 ტრილიონი ღირებულების), რამდენად შესაძლოა მათგან მართლა უცხოელებმა ჩაიგდონ ხელში? დარწმუნებული ბრძანდებოდეს ნებისმიერი სკეპტიკოსი - თუ ქონების კაპიტალიზაცია დასრულებულია (ანუ ქონება გაუფასურებული აღარაა), სულ ერთიანად მართლაც რომ ყველამ ცალ-ცალკე მოინდოს ქონების უცხოელებზე გასხვისება, წარმოუდგენელია, მაქსიმუმ, რეალურად 3-5% ქონების მყიდველი, ანუ ჩვენს ქვეყანაში ჯამურად თუნდაც 100 მილიარდი დოლარის დამხარჯველებიც კი იქნეს მოძიებული... ამის დამაჯერებელი მაგალითი უამრავია, თუნდაც უკვე გაკერძოებული ურბანული ფართობების სახით.

აი, როცა ეს აქტივი სახელმწიფო ხელში ვერ ან უყაირათოდ გამოიყენება, სწორედ მაშინ განუზომლად მეტია რისკი, ადრე თუ გვიან, თუ მთლიანად ქვეყანა არა, ეს გიგანტური ქონება, მეათასედ ფასად, მართლაც აღმოჩნდეს საერთაშორისო თაღლითების ხელში.

მაღალი რეპუტაციის, ცივილიზებული უცხოური ინვესტიციები, მათთვის უცხო, შეუსწავლელ გარემოში თავდაპირველად ხორციელდება ფინანსური ინვესტიციების სახით, ლიკვიდური ქონების უზრუნველყოფის ქვეშ და მხოლოდ უკვე გარკვეული პერიოდის წარმატებულად გავლის, დადებითი რეპუტაციის მოპოვების შემდეგ, იწყება პირდაპირი ინვესტირება რელურ სექტორში და არა პირიქით...

რაც შეეხება პილოტურ ვარიანტებს, ისინი მთელი სისრულით ვერ წარმოადგენენ მიდგომის სიმძლავრეს, მაგრამ მნიშვნელოვან ახალ მინიშნებებს და ორიენტირს ნამდვილად შექმნიან. მსგავსი მიდგომა, რაშიც პრინციპულად ახალი არაფერია, ყველაზე მოქნილი ფორმით აღრმავებს სასურველ საერთაშორისო ინტეგრაციას, თან არა საკუთარი მოქალაქეების რაიმე ინტერესის დათმობის ხარჯზე.

- საქართველოში ეკონომიკის განვითარების ტემპებზე ორი, დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრება არსებობს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ყველაფერი რიგზეა, ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება ეკონომიკურ გამოწვევებს ვერ უმკლავდება და სთავაზობს კიდეც მას გამოსავლის გზებს, მაგრამ ხელისუფლება მათ არც იმჩნევს და არც აპირებს მის ეკონომიკურ პოლიტიკაში კორექტივების შეტანას. ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე აცხადებს, რომ "მთავრობა ჯერ კიდევ მსხვილი ბიზნესის კატეგორიებით აპელირებს, მაშინ როდესაც უმუშევრობა დაძლევადია მხოლოდ და მხოლოდ მცირე ბიზნესის სტიმულირებით". ეთანხმებით ბატონ ნოდარს მოსაზრებას? თუ კი, თქვენი აზრით, რატომ აპელირებს დღემდე ხელისუფლება მსხვილი ბიზნესის კატეგორიებით? ხომ არ შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება მსხვილი ბიზნესის ტყვეობაშია...

- ასეა, ვეთანხმები და გასაკვირიც არაფერია. როცა ეკონომიკა სულ რამოდენიმე ბიზნესითაა წარმოდგენილი, ნებისმიერი მათგანი, რეალურად არის თუ არა მსხვილი, ქვეყნისათვის მაინც მსხვილ ბიზნესად ითვლება. მაგალითად, ჩვენთან საბანკო საქმიანობა დომინირებს, თუმცა, ცივილიზებული სამყაროს სტანდარტებით მისი მოცულობები მსხვილად არანარად ჩაითვლება.

როცა ეკონომიკა დივერსიფიცირებული არაა, ხელისუფლება კი არა, მთლიანად ქვეყანა იმყოფება ხოლმე იმ ცალკეული ბიზნეს-საქმიანობების ინტერესების ტყვეობაში, რომელთა შემოსავალზეა ძირითადად დამოკიდებული ქვეყნის არსებობისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსება.

მსგავს ფონზე, როცა ეკონომოკა რაღაც ცენტრის წარმოდგენაში საუკეთესოდ მიჩნეულ, მხოლოდ რამოდენიმე მიმართულებით და არა ჰარმონიულად, თავკომბალასავით ვითარდება, იქ "ეკონომიკის განვითარების ტემპებზე" საუბარი ცოტა იუმორისტულ ხასიათს იძენს. სწორია პოზიცია, რომ 1% ზრდაც ზრდაა, თუმცა ყველამ იცის, რომ ასეთი მცირე ზრდა, ხშირად კლების ტოლფასია. ცხადია, სწორია მეტი ზრდის უკეთესობის ე.წ. "70-იანი" არითმეტიკაც, თუ რამდენ წელიწადში ვიქნებით სხვაზე უკეთესად ან უარესად, მაგრამ დამეთანხმეთ, აბსურდია მსგავსი წიაღსვლები, თუ ამ პერიოდში არ ვიცით ის სხვა, ვისაც ვირტუალურად ვეჯიბრებით, თვითონ რა ტემპით, პლიუსი თუ მინუსი მიმართულებით ვითარდება და მითუმეტეს, თუ არ ვიცით განვითარების ან უკუსვლის ძირითადი საფუძვლები და მიზეზები რა არის. თან ცხოვრების წესად, მეტი ეკონომიკური ეფექტიანობის მისაღებად თუ საბაზრო ეკონომიკა ავირჩიეთ, არავის გადასაწყვეტი აღარაა, ეკონომიკურ სუბიექტებს შორის ურთიერთობები თუ ინიციატივები, ინდივიდუალური თუ კორპორაციული ინტერესები, ადგილობრივ ლოკალურ, რეგიონალურ თუ საერთაშორისო ჭრილში, წვრილი იქნება თუ მსხვილი. ამ ყველაფერს არსებული თუ პროგნოზირებადი მოთხოვნა-მიწოდება, როგორც წესი, ბუნებრივად და უკეთ წყვეტს...

- ბატონო ვანო, ბიუჯეტის სეკვესტრის პარამეტრების გასაჯაროება ერთი კვირით გადაიდო. ცნობილი გახდა, რომ ბიუჯეტში კორექტივების პარამეტრებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პრემიერს ერთ კვირაში წარუდგენს. რამდენიც არ უნდა ამტკიცოს ხელისუფლებამ, რომ ბიუჯეტის კორექტირებას ახდენს, ფაქტია, რომ ამ პროცესს სეკვესტრი ჰქვია, რასაც უკანსკნელი 10 წელია ჩვენთან ადგილი არ ჰქონია. თქვენი აზრით, რა არის იმის მიზეზი, რომ ხელისუფლება იძულებულია, შეამციროს ბიუჯეტი? თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რამდენი მილიონით მოუწევს მთავრობას ბიუჯეტის შემცირება და როგორ აისახება ბიუჯეტის სეკვესტრირება ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ქვეყნის მოქალაქეებზე?

- ამ კითხვაზე მეტ-ნაკლებად სერიოზული კონკრეტული პასუხისათვის მზად არ ვარ, რადგან ამისთვის წინასწარ უამრავი დეტალის დაზუსტება და ანალიზია საჭირო. ზოგადად თუ ვიტყვი, ბიუჯეტის შემცირება და შესაბამისად, ბიზნესებიდან გადასახადების სახით ნაკლები თანხების ამოღება კარგიც კია ხოლმე, თუ (და ეს ვიცით, რომ ხშირად ასეცაა) მითუმეტეს ეს თანხები ხელისუფლების მიერ პირადი კომფორტისათვის და უყაირათოდ იხარჯება. მაგრამ, თან კატეგორიულად მიუღებელია ბიუჯეტის შემცირების დაშვება, თუ ქვეყნის არსებობისათვის, მისი ფიზიკური თუ მორალური გადარჩენისათვის მინიმალურად აუცილებელი დაფინანსება ისედაც მწირია. თან თუ არსებული დასაბეგრი არეალი არასაკმარისად სრულად არის გამოვლენილი, ადმინისტრირებული და შესაბამისად ეს წნეხი ბიზნესზე თანაბრად (წესიერი გადამხდელისათვის შესაბამისად უფრო მსუბუქად) არ ნაწილდება.

- მოგეხსენებათ, აქტიურად საუბრობენ ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოტანაზე. ამ იდეას მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც. დეპუტატმა მეჭიაურმა გადაცხადა - რომ არა ქადაგიძის პრობლემა, ამ ეტაპზე ეს საკითხი დღის წესრიგში არ დადგებოდა, მაგრამ მასზე ხელისუფლება მოგვიანებით მაინც იფიქრებდა. ვინაიდან ლარის კურსის პრაქტიკულად უპრეცედენტო ვარდნის გამო ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დაზარალდა, ახლა ნაკლებად საინტერესოა საკითხის პოლიტიკური ასპექტი. თქვენი აზრით, რამდენად გამართლებულია ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა და რამდენად შეესაბამება სინამდვილეს მტკიცება, რომ ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურება სწორედაც რომ ზედამხედველობის სამსახურის ევროვნულ ბანკში ყოფნას უკავშირდება?

- ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, თუ ნათქვამის კონტექსტი იგივეა, დასკვნებს პოლიტიკური სიმპათიები და ნდობა განაპირობებს. უფრო მიუკერძოებელი და ზუსტი დასკვნისათვის აქაც წინასწარ უამრავი, კონფედენციალური ინფორმაციის და დეტალის დაზუსტებაა საჭირო. ზოგადად კი, ზოგიერთი ცნობილი მოსაზრებების არ იყოს, სულაც რომ არ არსებობდეს ლარი, გაცვლა თავისუფლად ხდებოდეს გარიგების მხარეებს შორის ნებისმიერი ურთიერთშეთანხმებული ფორმით, ნებისმიერ ვალუტაზე, თუნდაც ოქროზე ან სულაც "ცხვრებსა და ძროხაზე", ვფიქრობ, წმინდა ეკონომიკური შინაარსით, არსებითად არაფერი შეიცვლებოდა. ეკონომიკა თუ ზრდაზე ვერ იქნებოდა ორიენტირებული, გაცვლის საშუალებები ნელ-ნელა გაქრებოდა ქვეყნიდან, იმ განსხვავებით, რომ მათ ვერავინ "დაბეჭდავდა და გაამრავლებდა".

- თქვენ პრაქტიკულად იმას ბრძანებთ, რაც ამას წინათ "ნაციონალების" რიგებიდან გამოსულმა დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ საჯაროდ განაცხადა...

- დიახ და არამარტო მან. უცხოელთა რჩევებს რომ თავი დავანებოთ, საჯაროდ იმავეს ამბობდა ცხონებული კახა ბენდუქიძე. "უხსოვარი დროიდან" საუბრობს ფულის თავისუფლებასა და თავისუფალ ფულზე, ოქროსთან დაბრუნებაზე ჩვენი "ახალი ეკონომიკური სკოლა" და მისი ხელმძღვანელი პაატა შეშელიძე. უნდა აღვნიშნო, რომ არც ერთ მათგანს არ აკლდა და აკლია პრობლემებში წვდომის და არაორდინალურ სიტუაციებში კრეატიული ხედვის უნარები. სიამოვნებით მივბაძავდი მათ, მხოლოდ გაცვლის პროცესებში გაყალბების გამორიცხვა რომ იყოს თვითმიზანი, მაგრამ პირადად მე, თუნდაც სუროგატულ, დოლარზე, მცირე წილად სხვა სანდო ვალუტებისა და ოქროს კალათზე მიბმული და არა საკუთარ ეკონომიკურ პროცესებზე პირდაპირ დამოკიდებული (როგორც ამას ძალიან ბევრი ექსპერტიც კი და ხალხი თვლის) საკუთარი ფულის ნიშანი მირჩევნია. მის სწორ და უმარტივეს გამოყენებაში ვხედავ ქვეყნის ეკონომიკური კონსოლიდაციის და პატიოსნების ტესტირების ერთგვარ მანიშნებელს. რაც არ უნდა მაქილიკონ ამ კუთხით შედარებით ინტელექტუალმა ოპონენტებმა, ვთვლი რომ ის ეროვნული იდენტიფიკაციის არანაკლებ მნიშვნელოვან როლსაც ასრულებს, ვიდრე ვთქვათ დროშა, გერბი თუ ჰიმნი... მყარ პოზიციაში მისი, სრულიად შესაძლებელი (უმარტივესად, კონტროლის უზარმაზარი და ძვირად ანაზღაურებელი ზედნაშენის გარეშე) შენარჩუნება, მნიშვნელოვან სიამაყის შეგრძნებას იწვევს საკუთარ მოქალაქეებში და სულ უფრო მეტ ნდობას ფინანსურ-ეკონომიკურ კავშირებში ქვეყანასთან მყოფ ყველა სუბიექტისაგან.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით საუდის არაბეთის პრინცის თბილისში ვიზიტი ნიშანი იყო იმისა, რომ არა მარტო ჩვენი ქვეყანა, არამედ მთელი ცივილიზებული სამყარო ახალი ეკონომიკური რეალობის წინაშე დგას. უკვე აშკარაა, რომ უკრაინაში რუსეთის მოქმედებების გამო დასავლეთის მიერ რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები კარგა ხანს გაგრძელდება, მეტიც, "ცივი ომი-2" დაწყებულია და ასეთ ვითარებაში არ არის გამორიცხული, რუსეთის საწინააღმდეგო დასავლეთის პოლუსიდან საქართველოში ინვესტიციების ნაკადმა იმატოს. თქვენი აზრით, აქვს თუ არა ჩვენს მთავრობას გაცნობიერებული მსოფლიოში ჩამოყალიბებული ახალი რეალობა და რამდენად დიდია შანსი, საქართველომ თავისი ეკონომიკის გაძლიერებისათვის სათავისოთ გამოიყენოს მსოფლიოში სადღეისოდ ჩამოყალიბებული ეკონომიკური თვალსაზრისით რესურსებისა და კაპიტალის დაპირისპირების ძალთა ახალი ბალანსი?

- კითხვის პათოსს არსებითად ვეთანხმები. ჩვენი უდიდესი მეზობელი რაც არ უნდა არაადეკვატურად და თავისივე საზიანოდ იქცეოდეს, მის მიმართ ეკონომიკური სანქციები რაც არ უნდა გამკაცრდეს, ახლო მომავალში მისი მოთოკვის პერსპექტივა მცირეა. ამის დასტურია თუნდაც მისი პაწია ასლი, ჩრდილოეთ კორეა.

რაც შეეხება "საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით საუდის არაბეთის პრინცის თბილისში ვიზიტს", ამას მე "ხბოს აღტკინებით" ნამდვილად ვერ შევხედავდი. ინვესტიციებს არ უნდა სჭირდებოდეს ვიზიტები და ფერუმარილი, ისინი ჯანსაღად მხოლოდ ბუნებრივ საბაზრო ინტეგრაციისას იძლევიან საუკეთესო შედეგებს. სხვა ყველა, ძალიან კეთილგანწყობილ ხელოვნურ-სუბიექტურად განვითარებულ შემთხვევებში, უდიდესი რისკია სიყალბე და კორუფცია ძალიანაც მტკივნეულად გაერიოს, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, ყველაფერი სანიმუშოდ განვითარდეს. როცა სიტყვა "ომი", თუნდაც "ცივი" ანუ, ძალა და ეკონომიკურ ურთიერთობებში ძალისმიერი ზეგავლენები ჩნდება, მიმაჩნია, რომ ეკონომიკური პროცესები უმეტესად ფუჭდება...

კობა ბენდელიანი

"ინტერპრესნიუსი"

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა