დევნილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომლები ახალდაბის მოსახლეობას გაწმენდით სამუშაოებში დაეხმარნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და შოთა რეხვიაშვილი გუშინ სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ახალდაბაში იმყოფებოდნენ და სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდა-დასუფთავებაში ეხმარებოდნენ.
უწყების ინფორმაციით, გარესამყაროს მოწყვეტილ ახალდაბაში, სტიქიური უბედურებიდან რამდენიმე საათში, პირველები ჩავიდნენ სოზარ სუბარი, გიორგი კვირიკაშვილი და თეა წულუკიანი.
"მინისტრები ადგილზე გაეცნენ მოსახლეობის პრობლემებს, რომლებმაც ელექტროენერგიის აღდგენამდე, გენერატორები მოითხოვეს. მთავრობის მეთაურმა მათი ეს თხოვნა მალევე დააკმაყოფილა. ირაკლი ღარიბაშვილი ახალდაბელებს სოზარ სუბართან და ოთარ დანელიასთან ერთად ესტუმრა, გენერატორებიც ჩაუტანა და ექიმთა ბრიგადაც ჩაუყვანა. ექიმები თეა კუპრავა და ნინო ჯოგიაშვილი ადგილობრივი მაყვალა ოქრუაშვილის სახლში დაბინავდნენ, იქვე გახსნეს მინიამბულატორია და პირველი პაციენტებიც უკვე მიიღეს", - ნათქვამია განცხადებაში.
გაერო-მ კი ახალდაბის მოსახლეობა სასმელი წყლით მოამარაგა.