კომპანია Bio Maximal Service (BMS), რომლის თანამშრომელი ვეფხვმა იმსხვერპლა, გარდაცვლილის ოჯახს ფინანსურ დახმარებას გაუწევს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, კომპანია BMS მწუხარებას გამოთქვამს 17 ივნისს კომპანიის საწყობში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რომლის დროსაც 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად ზოოპარკიდან გამოსულმა ვეფხვმა BMS-ის თანამშრომელი ოთარ ცუხიშვილი იმსხვერპლა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ 17 ივნისის უბედურ შემთხვევამდე BMS-ისა და სადაზღვევო კომპანია "უნისონის" თანამშრომლები სამი დღის განმავლობაში მუშაობდნენ საწყობში და ზარალის რეგულირების პროცედურას ატარებდნენ.
"მათ ამ დროის განმავლობაში საწყობში ვეფხვი არ შეუმჩნევიათ. ტრაგედიის დროს საწყობში იმყოფებოდა კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი. ოთარ ცუხიშვილი საუბედუროდ პირველი გადააწყდა ვეფხვს. კომპანია BMS წელიწადნახევრის განმავლობაში თანამშრომლობდა ოთარ ცუხიშვილთან. ამ ხნის განმავლობაში იგი კომპანიას ერთგულად ემსახურებოდა და BMS-ს მუდამ ჰქონდა მისი იმედი. BMS უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და გაუწევს ფინანსურ დახმარებას", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.