GEM fest – კიდევ უფრო მეტი ვარსკვლავით და ნინო ქათამაძისა და “ლაუდსპიკერსის” კონცერტებით

სულ მალე ანაკლია ზღვისპირას ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს. GEM fest-ის ჰედლაინერებმა , მათ შორის, არმინ ვან ბიურენმა, უკვე მოიარა ინტერნეტსივრცე და მელომანები ორგანიზატორებისგან განსაკუთრებულად ელოდნენ მორიგი მონაწილეების გამოცხადებას.

"რუფტოპ ლაუნჯში" ფესტივალის გუნდმა გულშემატკივრები და მედია შეკრიბა, სამი ვიდეორგოლი წარუდგინა, რომლებიც 9-დღიანი მუსიკალური სიგიჟის გამოსახატავად გადაიღეს და ლაინ-აფის რამდენიმე წარმომადგენელიც გაგვიმხილეს. მათ შორის იქნებიან ელენ ელიენი, რომელმაც კარიერა 1989 წლიდან დაიწყო და დღემდე ინარჩუნებს დიდ პოპულარობას, ელექტრონული მუსიკის ლეგენდარული დიჯეი ლუჩიანო და ასევე რუმინელი დიჯეი პეტრე ინსპირესკუ.

გარდა ამ სიახლისა, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ყველანაირ საზღვარს შლის და მუსიკის დღესასწაულზე სხვა მიმდინარეობის ქართველ არტისტებსაც ეპატიჟება. ნინო ქათამაძე და "ინსაითი", "ლაუდსპიკერსი" და კიდევ ოთხი ქართველი ბენდი წარდგება აუდიტორიის წინაშე.

ბიკო ბირბიჩაძე, პრომოუტერი:

- კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ჩვენი ძირითადი მიმართულება, მას შემდეგ, რაც გამოცხადდა ლაინ-აფის კიდევ რამდენიმე მონაწილე. გამოვყოფდი გენიოსად აღიარებულ პეტრე ინსპირესკუს, რომლის მოსმენაც განსაკუთრებით საინტერესო იქნება მისი მრავალფეროვნების გამო, ის ქმნის როგორც ელექტრონულ, ასევე კლასიკურ მუსიკას. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ, რომ ფართოდ წარმოგვედგინა ქართველი მუსიკოსები, როგორც ბენდების, ისე დიჯეების სახით. ვფიქრობ, პირველი წლისთვის კარგი სტარტია და მომავალ წელს კიდევ უფრო უკეთესი იქნება. მსგავსი მასშტაბური ფესტივალები ბევრად ადრე იგეგმება ხოლმე, მაგრამ საკმაოდ დიდი გუნდი მუშაობს და მოვახერხეთ არტისტების დათანხმება, კონსულტაციას გვიწევენ და გვეხმარებიან უცხოელი პრომოუტერებიც.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიაში ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია