საკრებულოში მიკროავტობუსებით მგზავრთა უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაყვანის წესზე იმსჯელეს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ანგარიში ფრაქციის წევრებს აღნიშნული სამსახურის უფროსმა ბადრი გიორგიძემ წარუდგინა და ძირითადი აქცენტი საკადრო მენეჯმენტის, სატენდერო პროექტების, შესყიდვებისა და არქიტექტურის ნაწილზე გააკეთა.

ბადრი გიორგიძის განცხადებით, მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური მაქსიმალურად უზრუნველყოფს თბილისის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კონტროლს. მისივე განმარტებით, დღეის მდგომარეობით, სამსახური სხვადასხვა მიმართულებებით უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას და კანონთან რაიმე შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამის რეკომენდაციას გასცემს.

ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის, რიმა ბერაძის ინიციატივით, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური ერთი თვის ვადაში პროექტის სახით გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს მოამზადებს და დეპუტატებს საკრებულოს სხდომაზე წარმოუდგენს.

ფრაქციის წევრებმა ბადრი გიორგიძის ანგარიში დადებითად შეაფასეს და სამსახურის უფროსს, პრევენციული ზომების გატარების მიზნით, განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ გარკვეული რეკომენდაციები მიაწოდეს.

დღესვე, დეპუტატებმა მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს გიორგი გურგენიძეს, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილეს მერაბ მამულაშვილს და შპს "თბილისის მიკროავტობუსის" გენერალურ დირექტორს დავით ასანიძეს მოუსმინეს.

დავით ასანიძის თქმით, კომპანია 2011 წელს დაარსდა და მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ოთხი კომპანიის მართვას ახორციელებს, რომლებსაც თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა კომფორტული, უსაფრთხო და ორგანიზებული გადაყვანა ევალებათ.

დეპუტატების მხრიდან დასმული შეკითხვები, რომლებითაც მათ დავით ასანიძეს და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს მიმართეს, ძირითადად, მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანის წესს, მიკროავტობუსში კონდიცირების სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს და მიკროავტობუსების სამარშრუტო ხაზებში გარკვეული ცვლილებების შეტანას ეხებოდა.

როგორც რიმა ბერაძემ განაცხადა, აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში დაყენება მოსახლეობის მხრიდან გამოთქმულმა უკმაყოფილებამ გამოიწვია, რაც ძირითადად, მიკროავტობუსში კონდიცირების სისტემის მწყობრში მოყვანას და მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანას, კერძოდ კი, მიკროავტობუსით გადაადგილებისას მგზავრთა ფეხზე დგომის აკრძალვას გულისხმობს.

დეპუტატებმა მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს და შპს "თბილისის მიკროავტობუსის" დირექტორს შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება და ამოქმედება დაავალეს: სატრანსპორტო სამსახურმა უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს ქალაქის პრობლემების გამოსწორებისა და დარგის მართვის ეფექტიანი პროგრამა სფეროების მიხედვით (მათ მიკროავტობუსების კუთხით). მიკროავტობუსებში მგზავრთა მომსახურების სტანდარტის უზრუნველსაყოფად დროულად გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები. ასევე სამსახურმა უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების სვლაგეზის ბოლო გაჩერებებზე მძღოლებისათვის სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური და დასვენების პირობები, უზრუნველყოს მარშრუტზე გასვლის წინ, მძღოლების სამედიცინო შესაბამისობის შემოწმება, თვეში ერთხელ განხორციელდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაჯერი ორთქლით დამუშავების პროცედურების უზრუნველყოფა, განხორციელდეს შშმ პირთათვის ადაპტაციის პროგრამა ზოგადოებრივ ტრანსპორტში (მათ შორის მიკროავტობუსებში). ამასთან, მოგვარდეს საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების თბილისში შემოვლითი გზით სარგებლობის საკითხიც და შემუშავდეს მონიტორინგისა და ცხელი ხაზის სამსახურების ეფექტიანი საქმიანობისათვის საჭირო ღონისძიებები.

როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, ყველა მიკროავტობუსში გამოკრულია კომპანიის ცხელი ხაზის ნომერი და მგზავრის უფლებაა, გადაადგილების დროს წარმოქმნილი პრობლემის აღმოფხვრისა და დროული რეაგირების მიზნით, კომპნიას საჩივრით მიმართოს.

სხდომის დასასრულს, ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ როგორც დედაქალაქის ტრანსპორტის სამსახური, ასევე შპს "თბილისის მიკროავტობუსი", აღნიშნული პრობლემების მოგვარების მიზნით, ქმედითუნარიან ნაბიჯებს უახლოეს მომავალში გადადგამენ.

ფრაქციის სხდომას ფრაქციის წევრების გარდა, წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი შალვა ოგბაიძე და დამოუკიდებელი დეპუტატი იოსებ მანჯავიძე საკუთარი სურვილით დაესწრნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა