ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2015

საქართველო "ენჯეოების" ალყაში

ქართველი ემიგრანტები გერმანიას და იტალიას მიაწყდნენ

რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ რუსეთის მცოცავი ანექსიის შესაჩერებლად?

***

საქართველო "ენჯეოების" ალყაში

"საქართველოში 20 ათასზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. 3,7-მილიონიან ქვეყანაში ასეთი რაოდენობით არასამთავრობოების არსებობა ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტი, თუმცა მათი შექმნა არც ადრე და არც ახლა არ შეჩერებულა. მეტიც, თითქმის ყოველთვიურად რამდენიმე ახალი ა/ო-ს ფუძნდება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მარტო 2015 წლის 6 თვეში 752 არაკომერციული იურიდიული პირი დარეგისტრირდა. სპეციალისტების ერთი ნაწილისთვის "ენჯეოების" არსებობა პრობლემა არაა, თუკი მათი საქმიანობა შედეგზეა ორიენტირებული. ცუდი ისაა, რომ მათი მოღვაწეობა უმრავლეს შემთხვევაში უშედეგოა და მხოლოდ გრანტების მიღებას უკავშირდება. ამასთან, ასეთ ორგანიზაციებში მოღვაწეობა ერთგვარი ტრამპლინია ჯერ დიდ ორგანიზაციებში გადასვლისთვის და შემდეგ პოლიტიკაში მოხვედრისთვის", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით საქართველო "ენჯეოების" ალყაში / ქვეყანაში 20 000 არასამთავრობო ორგანიზაციაა და მათი რიცხვი ყოველწლიურად 1500 ერთეულით იზრდება.

"საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2010 წელს ქვეყანაში 989 არაკომერციული იურიდიული პირი დარეგისტრირდა (მათ შორის, 11 უცხოური არაკომერციული იურიდიული პირის ფილიალი), 2011-ში - 1 235 ა/ო, 2012-ში - 1188 (10 უცხოური ა/ო-ს ფილიალი) დარეგისტრირდა. 2013 წელს 1716 არაკომერციული იურიდიული პირი დარეგისტრირდა (12 უცხოური არაკომერციული იურიდიული პირის ფილიალი). 2014 წელს არასამთავრობოების რეგისტრაციის რაოდენობა ოდნავ შემცირდა და 1436 ერთეული შეადგინა. რაც შეეხება 2015 წელს, 6 თვეში უკვე 752 არაკომერციული იურიდიული პირი დარეგისტრირდა, მათგან 7 უცხოური არაკომერციული იურიდიული პირის ფილიალი. არასამთავრობოებს კონკურენტები 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც შეემატა. ისინი, ვინც არჩევნებამდე ხელისუფლების მაღალ ეშელონებში იყვნენ, არასამთავრობო სექტორში გადაინაცვლეს. ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი არასათავმორობო ორგანიზაცია სწორედ არჩვნების შემდეგ წელს, 2013-ში დარეგისტრირდა (1716 ერთეული)" - აღნიშნავს გამოცემა.

"როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, საქართველოში ყოველწლიურად უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია რეგისტრირდება, რაც სპეციალისტების აზრით, კარგი სულაც არ არის. მასობრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტის არჩილ გამზარდია თვლის, რომ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი რაოდენობა სახელმწიფო სექტორის სისუსტეზე მეტყველებს. "ენჯეოებს" სურთ, რომ იმ სერვისების შექმნასა თუ მართვაში მიიღონ მონაწილეობა, რომელიც სახელმწიფოში ეფექტურად ვერ ხორციელდება: "სწორედ ამ სამიზნე ჯგუფზე მუშაობას იღებს საკუთარ თავზე არასამთავრობო სექტორი. ისინი, სახელმწიფო სექტორთან ერთად, ცდილობენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ამ ტიპის სერვისის დაკმაყოფილებას. ბუნებრივია, რომ იქ, სადაც ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რაღაცას ვერ აკეთებს სახელმწიფო", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" გამზარდიამ.

"საქართველოში არასამთავრობოთა რაოდენობა არაადეკვატურად დიდია. ეს რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული, მათ შორის, მთავარი ფინანსური ინტერესია. "როდესაც დაფინანსების ინტერესი ჩნდება, ბუნებრივია, ისინი დეკლარირებულ მიზნებს ხშირად უფრო ფორმად იყენებენ, ვიდრე საქმეს აკეთებენ. გარდა ამისა, ჩვენთან პოლიტიკური პარტიების იმიჯი იმდენად შელახულია, რომ გარკვეული სუბიექტები ცდილობენ არასამთავრობო ორგანიზაციებში მოღვაწეობით საკუთარი თავი უკეთესებად წარმოაჩინონ. დღეს ა/ო სექტორიდან მოსული წინა ხელისუფლება ცდილობს, რომ არასამთავრობო სივრცე გარკვეულ კათარზისად წარმოადგინოს და "ენჯეოების" წარმომადგენელთა სახით გამოჩნდეს ასპარესზე. ეს პოლიტიკური პროცესების მართვის ერთგვარ შირმად იქცა, რაც თავისთვად არასწორია. არასამთავრობო სექტორის ფუნქციაა სამოქალაქო საზოგადოებაში განსაკუთრებული როლის შეტანა როგორც ძალიან ლოკალურ, ასევე სამოქალაქო ცნობიერების საკითხში. ეს არ უნდა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ ა/ო-ებმა თავი პოლიტიკის ნაწილად წარმოადგინონ", - განაცხადა გამზარდიამ.

"რაც შეეხება მათი მხრიდან პოლიტიკურ საკითხებში ჩარევას, არჩილ გამზარდიას თქმით, ეს ქართული რეალობისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. "სახელმწიფო მართვაში უნდა მონაწილეობდეს ყველა, მაგრამ მართვაში ჩარევა, როგორც ამას ჩვენი "ენჯეოები" აკეთებენრ, არ უნდა ხდებოდეს. არჩევნებზე ყველა ვიღებთ გადაწყვეტილებას, ანუ სახელმწიფო მართვაში ვმონაწილეობთ, მაგრამ, როდესაც ვიღაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მუშაობს, რათა მერე რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ინტერესი შეასრულოს, ეს უკვე ჩარევაა. ჩვენთან არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიებია, რომლებსაც მხოლოდ ფორმალურად გააჩნიათ არასამთავრობოს სტატუსი", - დასძინა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას არჩილ გამზარდიამ.

"ინტერნეტ-გამოცემა "ფორ.გე"-ს მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი გია იაკობაშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა, ერთი მხრივ, ფულის იოლად შოვნის მეთოდს უკავშირდება, მეორე მხრივ კი, ასეთ ორგანიზაციაში მუშაობა ერთგვარი ტრამპლინია დიდ პოლიტიკაში მოსახვედრად. "დღესდღეობით დაახლოებით 20 ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაციაა. მათგან უმეტესობა თითქმის აღარ ფუნქციობს, მაგრამ აქ საინტერესო ისაა, თუ რატომ ქმნიან ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციებს. როგორც ჩანს, ქვეყანაში არსებულმა უმუშევრობამ, სოციალურმა ფონმა ადამიანებს უბიძგა, შემოსავლის იოლი წყარო იპოვონ. ჰგონიათ, რომ ა/ო-ს შექმნით ფულს მართლაც ადვილად იშოვიან. ისინი ხედავენ, რომ ნებისმიერ საკითხზე, რომელიც საზოგადოებას აღელვებს და რაზეც მედია ამახვილებს ყურადღებას, კომენტარებს სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკეთებენ. უცხოური დელეგაციები რომ ჩამოდიან, ისინიც სწორედ ამ ხალხს ხვდებიან. არასამთავრობოების წევრები არ გამოირჩევიან არც ინტელექტით, არც პროფესიული გამოცდილებით და ამ დროს კი მათ საზოგადოებაში სერიოზული ადგილი უკავიათ, ჭკუას ეკითხებიან, მათ აზრს ითვალისწინებენ. ამასთან, მოგზაურობენ, გადაადგილდებიან კარგი მანქანებით, აქვთ კარგი შემოსავალი და სოციალური სტატუსი. რიგითი ადამიანები მათ რომ უყურებენ, უჩნდებათ სურვილი, რომ მათაც მიაღწიონ წარმატებას და ქმნიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა იშოვონ ფული. "ენჯეოები" რომ იდეის გარშემო იქმნებოდეს, არ გვეყოლებოდა ერთი და იგივე საკითხზე მომუშავე ასობით არასამთავრობო ორგანიზაცია. სრულიადაც არა! მათ უნდათ ცალკე შექმნან, თავად ერქვათ "თავმჯდომარეები" და ამ გზით გაიკაფონ გზა - ჯერ მედიაში გამოჩნდნენ, მერე დაირქვან ექსპერტები და საბოლოო ჯამში კი პოლიტიკაში გადაინაცვლონ", - განაცხადა გია იაკობაშვილმა.

"მისი თქმით, "ნაცმოძრაობის" ძირითადი ბირთვი არასამთავრობო სექტორიდან მოვიდა, ასევე "ოცნების" ბევრი წარმომადგენელიც. ამიტომ ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდა ფიქრობს - რატომ ვისწავლო ბევრი, რატომ ვიშრომო, რატომ ვიწვალო, რატომ უნდა დავკარგო ყოველივე ამაში დრო, როცა შემიძლია შევქმნა "ენ-ჯე-ო", ავიღო გრანტი და ვიყო კარგად. "თუმცა ისინი სწორედ იმაში ცდებიან, რომ 20 ათასამდე არასამთავრობოდან ეკრანზე მხოლოდ 20 ადამიანს ვხედავთ, რომლებიც ერთდროულად საუბრობენ სოფლის მეურნეობაზე, ადამიანის უფლებებზე, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე, გარემოზე ზემოქმედების შეფასებაზე, რუსეთის მცოცავ ანექსიაზე, გენდერულ საკითხებზე, ცხოველთა უფლებებსა და ა.შ. ახალგაზრდებს, რომლებიც არასამთავრობოებში მიდიან, რათა იოლი ფული იშოვონ, შემდეგ მადა ეზრდებათ. პოლიტიკა კი კიდევ უფრო იოლი საშუალებაა იმისათვის, რომ აკეთო არაფერი და გქონდეს ყველაფერი", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას გია იაკობაშვილმა.

ქართველი ემიგრანტები გერმანიას და იტალიას მიაწყდნენ

"საქართველოსა თუ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში არსებული კრიზისის გამო, ქართველი ემიგრანტების ნაწილი გერმანიაში, ნაწილი თურქეთსა და იტალიაში გადავიდნენ. ისინი გერმანიაში სოციალური სტატუსის მიღების სურვილით ჩავიდნენ, იტალიასა და თურქეთში კი - ახალი სამსახურის საძიებლად. ნაწილს გაუმართლა, ნაწილი კი კვლავ ბედის ანაბარადაა დარჩენილი. სამშობლოში დაბრუნებას ჯერჯერობით არც იმ ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები აპირებენ, სადაც ფინანსური პრობლემებია და ეძებენ გზებს, რომ უკეთესი სამსახურის თუ პირობების საძიებლად სხვა ქვეყანაში გადავიდნენ. საბერძნეთიდან - იტალიაში, გერმანიასა და თურქეთში, ესპანეთიდან - იტალიაში, საქართველოდან კი - გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და თურქეთში - ეს არის მარშრუტები, რომელსაც ქართველი ემიგრანტები გეგმავენ. არადა, სულ რაღაც 6-8 წლის წინათ პოპულარული რუსეთი და საბერძნეთი იყო. ახლა კი მათ გეზის შეცვლა ფინანსური კრიზისის გამო გადაწყვიტეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ქართველი ემიგრანტები გერმანიას და იტალიას მიაწყდნენ / შედარებით ნორმალური პირობები ამ ქვეყნებშია, შემდეგ მოდის საფრანგეთი და თურქეთი.

"საბერძნეთიდან მიდიან ისინი, ვისაც საბუთები წესრიგში აქვს, სხვა შემთხვევაში, ანუ "გადაპარვით" ამის გაკეთება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. გიორგი ბერიძე საკუთარ ოჯახთან ერთად წლებია საბერძნეთში ცხოვრობდა, მაგრამ 2 წლის წინ ქვეყანა დატოვა და დღეს გერმანიაშია. "საბერძნეთში თითქმის 10 წელი ვიცხოვრე. როდესაც იქ ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, დავკარგე სამსახური. ჩემი მეუღლე კი მუშაობდა, მაგრამ იმდენი შემოსავალი არ ჰქონდა, რომ ბინის ქირა და კომუნალური გადასახადები გადაგვეხადა, საჭმელიც გვეჭამა და ჩაგვეცვა. მარტო ერთი ადამიანი ამდენს ვერ გასწვდებოდა. გადავწყვიტეთ, რომ გერმანიაში გადავსულიყავით. საბუთები წესრიგში გვქონდა და იქ ჩასვლა არ გაგვჭირვებია. როცა გერმანიაში ჩავედით, სოციალური სტატუსის მიღება მოვითხოვეთ და მალევე მივიღეთ. ზოგი დიდ ხანს ელოდება ამ სტატუსის მიღებას, ჩვენ მალე მოგვცეს, რადგან ოჯახით ვიყავი. უკვე 2 წელია გერმანიაში ვართ", - გვითხრა გიორგი ბერიძემ.

"საბერძნეთიდან გერმანიაში საცხოვრებლად წავიდა თამუნა გვასალიაც. მიუხედავად იმისა, რომ საბუთები ჰქონდა, თავდაპირველად გერმანიაში ცხოვრების ნებართვის მიღება ძალიან გაუჭირდა. "საბერძნეთში 2 წელი ვიყავი, მერე გერმანიაში გადავედი და ლტოლვილად ჩავბარდი. იმის გამო, რომ მარტო ვიყავი, სტატუსისა და ცხოვრების ნებართვის ძალიან გამიჭირდა. საბოლოოდ, მაინც მივიღე და დღეს ვმუშაობ კიდეც. ერთი წელია უკვე აქ ვარ. საბერძნეთში ვერ გავჩერდებოდი, რადგან იქ ძალიან მძიმე სამუშაო მქონდა და თანაც უკვე კრიზისი იყო. ბევრი ქართველი ემიგრანტი გადავიდა საბერძნეთიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ეს მხოლოდ იმათ მოახერხეს, ვისაც საბუთი ჰქონდა და იმ სხვა ქვეყანაში ნაცნობი ჰყავდა. იქ, სადაც მიდიხარ, ვიღაც უნდა დაგხვდეს, რომ გზა გაჩვენოს", - გვითხრა თამუნა გვასალიამ.

"საბერძნეთის ანალოგიურად საკმაოდ ბევრი ქართველი ცხოვრობს ესპანეთში. მართალია, ისეთი ეკონომიკური კრიზისი, როგორც საბერძნეთშია, ესპანეთს არ შეხებია, თუმცა ბოლო პერიოდში სამხრეთ ევროპის ამ ქვეყანასაც გაუჭირდა. ქართველმა ემიგრანტებმა იქაც დაკარგეს სამსახური და ნაწილი იტალიაში გადავიდა. ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი ნატა გიგაური 6 წელი ცხოვრობდა ესპანეთში. მას სამსახური ყოველთვის ჰქონდა, არ უჭირდა, მაგრამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ეკონომიკური სიტუაცია უფრო დამძიმდა. "3 თვე ვმუშაობდი, 3 თვე სამსახურს ვეძებდი. ბოლოს გადავწყვიტე და იტალიაში ჩემს მეგობართან გადავედი. წელიწადზე მეტია იტალიაში ვცხოვრობ და კმაყოფილი ვარ. მართალია, ხელფასი დიდი არ მაქვს (550 ევროზე ვმუშაობ), მაგრამ სამსახური სტაბილურია და იმის არ მეშინია, რომ 3 თვეში აქედან გამიშვებენ. ჩემთან ერთად ესპანეთიდან ჩემი 3 მეგობარი წამოვიდა და დღეს აქ სამსახური ყველას გვაქვს. ბოლო დროს ეკონომიკური მდგომარეობა ცოტა გართულდა იტალიაშიც, ახლი სამსახურის შოვნაც გაძნელდა. კარგი ვქენი, რომ იტალიაშია ადრე ჩამოვედი, ახლა სამსახურს, ალბათ, ვეღარ ვიშოვიდი", - გვითხრა ნატა გიგაურმა.

"იტალიაში საბერძნეთიდან ჩავიდა მაკა ღვინიაშვილიც. ქვეყნის გამოცვლა იქ არსებულმა სიტუაციამ აიძულა. "საბერძნეთში 5 წლის წინათ ჩავედი, ვსწავლობდი და თანაც ვმუშაობდი, სამუშაო იმდენად რთული იყო, რომ სწავლას ვერ ვასწრებდი და თავი დავანებე. შემდეგ იტალიაში გადავედი და უკვე 2 წელია აქ ვარ. იტალიაში არაა ისეთი რთული პირობები, მთავარია, სამსახურში მოეწყო. ახლა გაჭირდა ახალი სამუშაოს შოვნა იმიტომ, რომ ბევრი ემიგრანტია შემოსული. თუკი მუშაობ, სამსახურის დაკარგვის შანსი ნაკლებია, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. იმედია, კრიზისი არ იქნება და ყველა ემიგრანტი, ვინც კი ვმუშაობთ, სამსახურსაც შევინარჩუნებთ და არსებულ ხელფასსაც, მომატებას არავინ ითხოვს", - გვითხრა მაკა ღვინიაშვილმა.

"მარშრუტი არა მარტო ემიგრაციაში მყოფმა ქართველებმა შეიცვალეს, არამედ საქართველოდან წასვლის მსურველებმაც. თუკი 6-7 წლის წინ საქართველოდან, ძირითადად, საბერძნეთსა და რუსეთში მიდიოდნენ, ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარული თურქეთი, გერმანია და საფრანგეთი გახდა. თურქეთში უვიზო მიმოსვლაა და იქ გადასვლა პრობლემას არ წარმოადგენს, მთავარია, სამსახური იშოვო. "ბიზნეს-რეზონანსის" ერთ-ერთი რესპონდენტი წლების წინათ იტალიაში ცხოვრობდა. შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო უკან, იტალიაში დაბრუნება, სამუშაოდ თურქეთში წავიდა. მისი აზრით, თურქეთი ახლოა, ხელფასიც იგივე აქვს, რაც იტალიაში და თანაც, სამშობლოში გადმოსვლაზე დამატებითი საბუთების გაკეთება აღარ უწევს: "სწორედ ამ მიზეზების გამო დავრჩი თურქეთში და აღარ წავედი იტალიაში. აქ ოჯახთან უფრო ახლოს ვარ", - გვითხა ნინო სარალიძემ.

"დარეჯან მიქაია დევნილია, ჰყავს სამი შვილი. მან სამშობლოს დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მეუღლემ სამსახური დაკარგა: "შვილებს მხოლოდ დევნილის შემწეობით ვერ ვარჩენდით და გადავწყვიტეთ საქართველოდან წავსულიყავით. რუსეთში ვერ წავიდოდი, რადგან უამრავი საბუთი გვჭირდებოდა. ჩვენი ნათესავების ფინანსური დახმარებით მთელი ოჯახით გერმანიაში გავემგზავრეთ, ლტოლვილად ჩავბარდით და დღეს უკვე სტატუსი გვაქვს. იმის გამო, რომ აფხაზეთიდან დევნილი ვარ, გერმანიაში სტატუსის მიღება არ გამჭირვებია. ახლა ვცხოვრობთ აქ და არ გვიჭირს", - ამბობს დარეჯან მიქაია.

"არაოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების რაოდენობა დაახლოებით 1 607 744 ადამიანს შეადგენს. აქედან ყველაზე მეტი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. მათი რაოდენობა 800 ათასს აღწევს, რომელთაგან 285 915 (2009წ.) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. მეორე ადგილზეა საბერძნეთი, სადაც ქართველთა რიცხვი 250 ათას ადამიანს შეადგენს. მას მოსდევს უკრაინა - 150 ათასი. საქართველოდან წასული ემიგრანტების სიმრავლით ასევე გამოირჩევიან შემდეგი ქვეყნები: თურქეთი - 100 ათასი, ამერიკის შეერთებული შტატები - 80 ათასი, აზერბაიჯანი - 35 000, ესპანეთი - 30 ათასი, გერმანია - 25 ათასი, იტალია - 12 124, ბელგია - 20 000 და ა.შ. დემოგრაფი ანზორ სახვაძე ამბობს, რომ ზუსტი სტატისტიკის წარმოება რთულია. "სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში წერია, რომ წარშან რუსეთში 5424 ადამიანი წავიდა, თურქეთში - 2395, სომხეთში - 2821, აზერბაიჯანში - 1254 და ა.შ. ეს არ არის სრული სურათი და რთულია იმის თქმა, თუ რამდენი ადამიანია ქვეყნიდან გასული და ქართველი ემიგრანტები ძირითადად სად მიდიან. ასეთი ზოგადი სტატისტიკით რთულია ვიმსჯელოთ და სიღრმისეული ანალიზი გავაკეთოთ. იმისათვის, რომ გავიგოთ, საით აქვთ ქართველ ემიგრანტებს გეზი აღებული, ხანგრძლივი პერიოდის დინამიკა და სერიოზული დაკვირვებაა საჭირო", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ანზორ სახვაძემ.

რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ რუსეთის მცოცავი ანექსიის შესაჩერებლად?

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით გუშინ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, საგარეო საქმეთა და შს სამინისტროების წარმომადგენლები დიპლომატებს დეტალურად მიაწვდიან ინფორმაციას, იმის თაობაზე, თუ რა ხდება ახლა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. საგარეო უწყება გმობს რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებას და მოითხოვს, რუსეთის ფედერაციამ აღნიშნული ქმედება შეწყვიტოს, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ამ ნაბიჯს სათანადო შეფასება მისცეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ რუსეთის მცოცავი ანექსიის შესაჩერებლად?

"ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს და ძალას, იმისთვის, რომ რუსეთის ეს პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩეს და მას სათანადო გაჟღერება და რეაგირება ჰქონდეს საერთაშორისო თანამეგობრობიდან", - განაცხადა დავით კერესელიძემ.

"მისი თქმით, ამ მიზნით უკვე შედგა სატელეფონო საუბარი ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან, ასევე ეს საკითხი უმკაცრესად დაისმება გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოს და სხვა ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში. 10 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბანსა და ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღიმართა. აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი", - აღნიშნავს გამოცემა.

"თქვენი აზრით, რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ რუსეთის მცოცავი ანექსიის შესაჩერებლად?" - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

გია ბუღაძე (ფერმწერი): რუსეთის მიერ ტერიტორიის გადმოწევა ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშნელოვანი საკითხია. ჩემი აზრით, რუსეთის ქმედებას არანაირი დათმობის პოლიტიკა არ უშველის. ვფიქრობ, აგრესიული და ძალიან ხმაურიანი საერთაშორისო პოლიტიკა სჭირდება. იმიტომ, რომ როგორც კი ცოტას დაუყვავებ, ის კიდევ უფრო გააქტიურდება. არ გამოვრიცხავ, რომ სამხედრო გზა და ასევე თბილისისა და დასავლეთის დამაკავშირებელი გზა გადაკეტოს. სწორად თუ მახსოვს, ძირითად ტრასამდე 300 მეტრიღა დარჩა, ალბათ ამასაც გადაკეტავს. ასე თუ გაგრძელდა, მაშინ ალტერნატიული გზები სხვაგან უნდა მოვძებნოთ? რეალურად ხელისუფლება აგრესიულად აქტიური უნდა იყოს. აქამდე რაც არ გაუკეთებია, ახლა ათმაგი უნდა გააკეთოს, ასმაგი თუ არა.

ნელი კობიაშვილი (ჟურნალისტი): ვფიქრობ, საქართველომ უფრო აქტიურად უნდა იმოქმედოს. საერთაშორისო ორგანიზაციებში ძალიან ხმამაღალი განაცხადი უნდა გაკეთდეს. პარლამენტმა განსაკუთრებული დადგენილება უნდა გამოიტანოს. პროტესტის გამოხატვა რა ფორმითაც შეიძლება, უნდა გამოვხატოთ. ქვეყანაში რა რესურსებიც არსებობს, როგორც შიდა, ასევე ქვეყნის გარეთ, უნდა გამოვიყენოთ. რეაგირება სასწრაფოდ უნდა მოხდეს. საქართველომ უნდა აღნიშნოს, რომ ყველაზე მეტად ეს უბრალო ხალხი იჩაგრება. მოსახლეობას საძოვრები და სასფლაოები გადაუკეტეს, საკუთარ სახლთან ვერ მიდიან. ეს ყველაფერი უნდა ითქვას, რომ საქმე ადამიანის უფლებების დარღვევასთან გვაქვს, რომელსაც ძალიან დესპოტური გზით ახორციელებენ. რა ამბავი ატყდა უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენთან დაკავშირებით ერთი ომი იყო, ისიც რუსეთს შერჩა. როგორც ჩანს, რუსები საზღვარს კიდევ უფრო გადმოწევენ, კიდევ რა გეგმები აქვთ, კაცმა არ იცის. ამიტომ ვფიქრობ, კატეგორიული განცხადებები უნდა გაკეთდეს.

იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): საქართველო რუსეთის მიმართ ვერავითარ ძალისმიერ ქმედებებს ვერ ჩაატარებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავჩუმდეთ. საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო თანამეგობრობაში რუსეთის ყოველი მოქმედება უნდა დააფიქსიროს. საეთაშორისო თანამეგობრობას უნდა გავაგებინოთ, რომ ქართველი ხალხი რუსეთის ქმედებებს არ შეურიგდება. თუმცა ეს ყველაფერი ლანძღვითა და გინებით არ უნდა მოხდეს. ჩვენ აუცილებლად დიპლომატიური განცხადებები უნდა გავაკეთოთ. ქვეყნებს უნდა გავაცნოთ ის, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებებს ახორციელებს.

სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): პირველ რიგში უნდა მოგახსენოთ, რომ აი ამ რთულ ვითარებაში ყველაზე არსებითი ის არის, რომ საზოგადოების ყველა წევრმა, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პოლიტიკური პარტია და რომელი სოციალური ფენის წარმომადგენელი იქნება, ყველამ ერთსულოვნად უნდა დაგმოს ეს მოვლენა. მსოფლიოს მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, რომ ქართველი ერი ამას არ შეეგუება. მეორე ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად არსებითი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მნიშვნელოვანია, რომ ამ ურთულეს ეპოქაში აშკარად გათავხედებულ ქვეყანასთან მარტო არ დავრჩეთ. მთავარია, ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ერთად კოორდინირებულად ვიმოქმედოთ. სხვა არაფერი არ შეგვიძლია. ახლა იარაღი რომ ავიღოთ, რუსეთსაც ეს უნდა და თბილისამდეც მოვა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის