მამუკა არეშიძე - "ფრთხილად! პუტინი სწორედ იმას უცდის, რომ ე.წ. საზღვარზე რამე სერიოზული ინციდენტი მოხდეს"
პაატა დავითაია - "მიმაჩნია, რომ ნავთობსადენის გადატანას აზრი არ აქვს და ეს დათმობასა და აღიარებას ნიშნავს"
კარტელური საქართველო - მოჰყვება თუ არა საწვავის კარტელის გამოაშკარავებას კომუნიკაციების სფერო, ფარმაცევტული სექტორი, ხორბლისა და ფქვილის ბაზარი...
* * *
მამუკა არეშიძე - "ფრთხილად! პუტინი სწორედ იმას უცდის, რომ ე.წ. საზღვარზე რამე სერიოზული ინციდენტი მოხდეს"
"ის, რაც ხდება შიდა ქართლში, სწორედ საოკუპაციო პროცესის ნაწილია, რასაც კარგა ხნით ადრე ვვარაუდობდით. თქვენი გაზეთის მეშვეობითაც არაერთხელ მითქვამს, რომ რუსეთი გააგრძელებდა საოკუპაციო პროცესს - ის შეგნებულად არ იკავებდა მთლიანად იმ ტერიტორიას, რომელიც ე. წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში იყო, განსაკუთრებით, ორჭოსნისა და ხურვალეთის მონაკვეთს. ამას აკეთებდა იმიტომ, რომ საქართველოზე ასეთი დემონსტრაციული ზეწოლის საშუალება ჰქონოდა მაშინ, როდესაც დასჭირდებოდა. ადრეც მითქვამს, რომ იმ რუკებით, რითაც ოპერირებენ რუსები, ადმინისტრაციული საზღვარი პრაქტიკულად ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე გადის. ეს არის ზეწოლისა და სახელმწიფოს დეზორგანიზების მეთოდი", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ფრთხილად! ერთი გასროლა და..." / "პუტინი და რუსეთი სწორედ იმას უცდის, რომ ე.წ. საზღვარზე რამე სერიოზული ინციდენტი მოხდეს" / "ზვიად გამსახურდიას სიკვდილის რეალური გარემოებების დადგენით, ვფიქრობ, საქართველოს უახლოეს ისტორიაში ძალიან ბევრი რამ გაირკვევა"."რატომ აკეთებს ამას რუსეთი მაინცდამაინც ახლა, აუცილებელია, გავაანალიზოთ ის, თუ რა გეოპოლიტიკური ცვლილებებია რეგიონში და ზოგადად, მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია განუწყვეტლივ უკიჟინებს დღევანდელ ხელისუფლებას, რომ მან პროდასავლური კურსი შეცვალა, ეს მტკნარი სიცრუეა. რუსეთის ამგვარი დესტრუქციული ქცევის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის არის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას პროდასავლური კურსი არ შეუცვლია. ამის მაგალითია თუნდაც ევროასოცირებისა და საფრანგეთთან სულ ახლახან გაფორმებული უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულებები. რუსეთის გაღიზიანება განაპირობა ამ უკანასკნელმაც, თავდაცვის საშუალებების თაობაზე ხელმოწერილმა დოკუმენტმაც. ამ ცოტა ხნის წინ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის უწყებათა ხელმძღვანელებმა გამართეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზეც ლაპარაკი იყო სამხრეთ კავკასიაში თურქეთის როლისა და ფუნქციის გაზრდაზე. ასევე საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ეგიდით ჩატარდა სამხედრო მანევრი, რომელშიც მონაწილეობდა ნატოს რამდენიმე ქვეყანა. მოკლედ, ეს ის თემებია, რომლებიც პირდაპირ არის მიბმული საქართველოზე, რაც ძალიან არ მოსწონთ კრემლში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
"გარდა ამისა, არის პროცესები, საქართველოს პირდაპირ რომ არ უკავშირდება, მაგრამ ჩვენი ქვეყანა, ამა თუ იმ ფორმით, მათში მაინც მონაწილეობს. მაგალითად, ავიღოთ ჩინეთის საკითხი. ჩვენთვის ეს შესამჩნევი დიდად არ არის, მაგრამ ჩინეთში მეტად სერიოზული პროცესი დაიწყო. ჩინეთმა შეცვალა ეკონომიკური განვითარების მიდგომები. თუ წლების განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკა იდგა იმაზე, რომ უცხოური ბრენდების საქონელი იწარმოებოდა მის ტერიტორიაზე, ახლა ნელ-ნელა დაიწყო ამ წარმოებების თავისი საზღვრების გარეთ გატანა. შესაბამისად, ევროპასთან სიახლოვის გამო ჩინეთისთვის მეტად მნიშვნელოვანი გახდა შუა აზია და კავკასიის რეგიონი, მით უფრო, საქართველო, რომელსაც ევროპასთან განსაკუთრებული ეკონომიკური ურთიერთობა აქვს. აქედან გამომდინარე, ჩინეთი ცდილობს, დაიკავოს სამხრეთკავკასიური ეკონომიკური სივრცე, რაც აღიზიანებს რუსეთს. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ თურქმენეთის პრეზიდენტის ამასწინანდელი ვიზიტი. ეს რიგითი ვიზიტი არ ყოფილა, ეს იყო ევროპასა და შუა აზიას შორის ეკონომიკური და ენერგოთანამშრომლობის ერთ-ერთი სერიოზული კომპონენტი. ამ პროცესში განსაკუთრებული ადგილი უკავიაYთ საქართველოსა და აზერბაიჯანს, რაც ასევე ძალიან აღიზიანებს რუსეთს. უკვე რამდენი ფაქტორი ჩამოვთვალეთ, რაც კრემლის მოქმედებებს ხსნის, ამიტომაც 300 მეტრით საზღვრის გადმოწევა პანიკისა და ერთმანეთის დადანაშაულების საფუძველი კი არ უნდა გახდეს, არამედ საქართველოს პოლიტიკური ელიტისთვის ერთიანი მოქმედების მიზეზად უნდა იქცეს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"დღეს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს უნიკალური შესაძლებლობა აქვს იმისა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთი გამოიყენოს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დასავლეთი ჩართოს პრაქტიკულ მოქმედებებში. ის, რაც ხდება ბაქო-სუფსის მაგისტრალთან დაკავშირებით, მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ეს არის "ბრიტიშ პეტროლიუმისა" და მის უკან მდგარი ევროპული სტრუქტურებისა და დიდი ბრიტანეთის პრობლემაც, რაც საქართველომ აუცილებლად უნდა გამოიყენოს. ჩვენ არ უნდა დავრჩეთ რუსეთის ამ მოქმედებების წინააღმდეგ ბრძოლაში მარტო. ქართულმა დიპლომატიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამ პროცესში მაქსიმალურად ჩართოს უცხოური დიპლომატია, მათ შორის, ტრანსნაციონალური კომპანიების წარმომადგენლები", - თვლის ექსპერტი.
"ვფიქრობ, ხელისუფლების მხრიდან საკმაოდ ადეკვატური განცხადებები გაკეთდა. ზურაბ აბაშიძემაც კი, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული კორექტულობით გამოირჩევა, ეს პროცესი ძალიან მკაცრად შეაფასა, მაგრამ მე არ ვიცი, რა პრაქტიკული ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ დასავლელი პარტნიორებისკენ და რამდენად კონსტრუქციულად მოიქცა. ეს არ ჩანს. ვიმეორებ, ვფიქრობ, შეფასებები ადეკვატური იყო, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, როდესაც ზოგიერთმა ვითარების შემსუბუქება სცადა. თავის მოტყუებას აზრი არა აქვს, არც ვითარების შემსუბუქების მცდელობას. პირდაპირ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რა და როგორ არის. ეს ფსევდოშემსუბუქება ისეთივე მიუღებელია, როგორიც ის პოლიტიკანობა, რასაც ოპოზიცია ეწევა, როდესაც ცდილობს, ყველაფერი ხელისუფლებას გადააბრალოს. განსაკუთრებულად მიუღებელია ის ოპოზიცია, რომელსაც მორალური უფლება არც აქვს, რომ ამაზე ილაპარაკოს. ვგულისხმობ `ნაციონალურ მოძრაობას~, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დღევანდელი მდგომარეობა შექმნილიყო", - ამბობს მამუკა არეშიძე.
"ახლა 300 მეტრით ე. წ. საზღვრის გადმოტანას რომ ასე აპროტესტებენ, მაშინ სად იყვნენ, 150-ზე მეტი სოფელი ჯერ რომ დაკარგეს, მერე კი სულ ქვების გროვა ეძახეს იმ სოფლებს. ასე რომ, მათ არ აქვთ არც აქციის ჩატარებისა და არც ხელისუფლების დადანაშაულების უფლება. თუნდაც ის, რა შეფასებებიც მოჰყვა კალაძის განცხადებას ჩვენში, ფუქსავატური დამოკიდებულების ნიმუშია. კალაძე ის კაცი არ არის, ვინც ამ განცხადებას ისე გააკეთებდა, რომ კონსულტაციები არ ჰქონოდა შესაბამის ორგანიზაციებთან გავლილი. ამგვარი განცხადება თვითონ "ბრიტიშ პეტროლიუმმა" გააკეთა, როდესაც თქვეს, რომ ისედაც ფიქრობდნენ მაგისტრალისთვის მარშრუტის შეცვლას. სწორედ მათზე დაყრდნობით განაცხადა ეს კალაძემ. დამერწმუნეთ, კალაძე და საქართველოს ხელისუფლება ამ კონსორციუმში მონაწილე ჯგუფებისა და ქვეყნების გარეშე ვერ შეცვლიან მარშრუტს. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ეს ნავთობსადენი ჩვენია, ძალიან ცდება. ეს ნავთობსადენი მათია და ისინი არიან მასზე პასუხისმგებელი", - განმარტავს არეშიძე.
"საუბედუროდ, ჩვენში პოლიტიკური ცხოვრების წესია მოშლილი. როდესაც 2008 წელს ექსტრემალური ვითარება შეიქმნა ქვეყანაში, მაშინ ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს პოლიტიკურ აქტივობაზე. ახლაც რთული ვითარებაა, ამ ხალხმა უარი უნდა თქვას პოლიტიკანობაზე და ვიწროპოლიტიკური ინტერესებით მოქმედებაზე. ამით ქვეყანას აზარალებენ... ჩადიან და აწყობენ უაზრო მიტინგებს, ხან პოლიციელებს ერჩიან, ტეხენ დებოშს და ამით მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას აზარალებენ. რაც ხდება, უბედურებაა და პროტესტი, ბუნებრივია, უნდა გამოვთქვათ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და ადგილი. ეგენი უკან ბრუნდებიან, საკუთარ სახლებში არიან ბედნიერად, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას კი პრობლემები ექმნება. ეგებ ცოტა მეტი იფიქრონ ქვეყანასა და იმაზე, რომ ახალი პრობლემები არ შეუქმნან სახელმწიფოს", - მიიჩნევს რესპონდენტი.
"თუკი დავსვამთ შეკითხვას, რა გამოსავალია ამ ვითარებიდან, მხოლოდ ორი გამოსავალი არსებობს: პირველი - ომი, მეორე - ამ პროცესის შესაჩერებლად რუსეთზე აქტიური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ზეწოლა საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენებით. აი, ამისთვისაა საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია საჭირო. იქ ჩასვლა, ყვირილი, ბანერების გადათელვა, მერე კი თბილისში თბილად ჯდომა და სხვისი დადანაშაულება, დიდი უპასუხისმგებლობაა. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკის თვისებად იქცა ამ ფსევდოპატრიოტიზმის დემონსტრირება და პოლიტიკური ქულების ასე დაგროვების მცდელობა. ისე, მაგათი პატრიოტიზმის მაინც არავის სჯერა, ტყუილად წვალობენ. სხვათა შორის, პუტინი და რუსეთი სწორედ იმას უცდის, რომ ე.წ. საზღვარზე რაიმე სერიოზული ინციდენტი მოხდეს, რაშიც შემდეგ ქართულ მხარეს დაადანაშაულებენ. თუ გარკვეულმა ჯგუფებმა ე.წ. საზღვარზე გაუაზრებელი მოქმედებები გააგრძელეს, ოსებმა შესაძლოა, ცეცხლი გახსნან და ქართველები ნიღბიანი ბოევიკების თავდასხმის ობიექტები გახდნენ. ქართული მხარე იძულებული იქნება სროლას სროლითვე უპასუხოს, რასაც ის მოჰყვება, რომ რუსული ჯარი რამდენიმე წუთში დაიკავებს ავტობანს. იIქიდან კი რუსების გასაყვანად რამდენი შეხვედრის ჩატარება მოუწევს აბაშიძეს კარასინთან, არავინ იცის, ასე რომ, ფრთხილად! რუსულ ხაფანგში არ გავებათ", - დასძენს არეშიძე.
"ჩემი აზრით, ვენაში "ექვსიანსა" და ირანს შორის მიღწეული შეთანხმებებს, ხანგრძლივი პერსპექტივის თვალსაზრისით გადამწყვეტი გავლენა ექნება საზოგადოდ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და ახლო აღმოსავლეთის ბედზე. დღეს ახლო აღმოსავლეთი ხელოვნურად არის გადაქცეული ბრძოლის ველად. კონფლიქტში ჩაბმულ ყველა მხარეს, მცირე გამონაკლისის გარდა, ხელს აძლევს ის, რაც ხდება. ამ შეთანხმებების შემდეგ ირანი, ფაქტობრივად რეგიონში თურქეთის საპირწონე ხდება. აშშ-მა ამ გადაწყვეტილებით ძალიან გაანაწყენა მთავარი მოკავშირე - საუდის არაბეთი, რომელიც აშშ-ისგან მოტყუებულად მიიჩნევს თავს. რაც შეეხება რუსეთს, მას დიდი პრობლემები ელოდება: მსოფლიო ბაზარზე ირანული ენერგომატარებლების თავისუფლად გამოჩენა, მათ ფასს უფრო დააგდებს. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. უახლოეს წლებში, ვფიქრობ, სერიოზული ცვლილებების მომსწრენი გავხდებით. რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, ეს აუცილებლად აისახება მასზე, რადგან ირანი უახლოესი 5-6 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდება უაღრესად ძლიერ სახელმწიფოდ, რეგიონულ ლიდერად, რომელიც გავლენებისთვის დაიწყებს ბრძოლას, მათ შორის, საქართველოშიც. ნუ დაგავიწყდებათ, რომ საქართველოში ისლამის შიიტური მიმდინარეობის მოსახლეობა მრავლადაა", დაასკვნის ექსპერტი და შეკითხვას - "ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო..." - პასუხობს:
"როგორც ვიცი, საქმის გადაკვალიფიცირება პროკურატურაში ოჯახის წევრების მისვლის შემდეგ მოხდა. საქართველოში საზოგადოება პოლიტიკური ლიდერების მკვლელობას ლამის "მიეჩვია". ამას, ბოლოს და ბოლოს, წერტილი უნდა დაესვას. წინა ხელისუფლების დროს მოქმედმა საპარლამენტო კომისიამ, რომელსაც კონსტანტინე გამსახურდია ხელმძღვანელობდა, შედეგი ვერ დადო იმიტომ, რომ წინა ხელისუფლებამ ამის საშუალება არ მისცა. ეგებ ამ ხელისუფლების პირობებში მაინც აეხადოს ფარდა იმას, თუ რა მოხდა რეალურად ხიბულაში. ჩვენ ვისმენთ ათასგვარ ვერსიას, რაც ბუნებრივად იწვევს საზოგადოების ვნებათაღელვას. ზვიად გამსახურდიას სიკვდილის რეალური გარემოებების დადგენით, ვფიქრობ, საქართველოს უახლოეს ისტორიაში ძალიან ბევრი რამ გაირკვევა".
პაატა დავითაია - "მიმაჩნია, რომ ნავთობსადენის გადატანას აზრი არ აქვს და ეს დათმობასა და აღიარებას ნიშნავს"
"ხელისუფლებაში ალტერნატიულ მილსადენზე ალაპარაკდნენ და განაცხადეს, რომ საქართველო მზად არის, დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის მარშრუტი შეცვალოს. თუმცა მილსადენის შემდეგ საფრთხე უკვე ცენტრალურ ავტომაგისტრალს ემუქრება, რომელიც დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთთან აკავშირებს, რადგან ოკუპანტები მისგან უკვე სულ რაღაც 450 მეტრში არიან. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამის თავიდან ასაცილებლად სათანადო ზომები სასწრაფოდ თუ არ გატარდება, რუსები ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ, ავტომაგისტრალს ხელში ჩაიგდებენ, რაც ქვეყნის მასშტაბით მოძრაობას საფრთხეს შეუქმნის, რომ აღარაფერი ვთქვათ სატრანზიტო გადაზიდვებზე. შემდგომ კი მაგისტრალის სანაცვლოდ საქართველოს მთავრობას რამე სტრატეგიულ დათმობაზე წასვლას აიძულებენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ცენტრალური ავტომაგისტრალი ავტომატის ჯერის დაფარვის ზონაში / "მცირედი ინციდენტიც კი მოძრაობის შეწყვეტასა და დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ერთმანეთისგან გათიშვას ნიშნავს".
"ბაქო-სუფსის ნავთობსადენის შესახებ პირველი შეთანხმება აზერბაიჯანის მთავრობასა და ინვესტორებს შორის 1994 წელს გაფორმდა - მიზანი კასპიის ზღვიდან ნავთობის ექსპორტის დაწყება იყო. მილსადენი 1999 წელს ამუშავდა, მთლიანი სიგრძე 833 კილომეტრია, აქედან 775 კილომეტრი 21 დიუმიანი დიამეტრის მილია. ნავთობსადენი სანგაჩალის ტერმინალიდან სუფსის ტერმინალამდეა გადაჭიმული, მილის 375 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ნავთობსადენის ყველაზე დიდი აქციონერი ბრიტანული "ბრითიშ პეტროლიუმია". მილსადენის აქციებს ასევე ფლობენ აზერბაიჯანული ნავთობის საერთაშორისო კომპანია, ამერიკული "შევრონი" და "ექსონმობილი", იაპონური "ინპექსი" და "იტოჩუ", ნორვეგიული "სტატოილი", თურქული "თურქიშ პეტროლიუმი" და ინდური ნავთობისა და გაზის კორპორაცია. ბაქო-სუფსას ნავთობსადენით დღეში საშუალოდ, 145 000 ბარელი ნავთობის გადაქაჩვა შეიძლება. საქართველოს მთავრობა არ გამორიცხავს, რომ დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის 1605 მეტრი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, რუსეთმა შანტაჟის იარაღად გამოიყენოს და სიტუაციის გართულების შემთხვევაში ალტერნატიული მარშრუტის მშენებლობა აქვს გადაწყვეტილი", - აღნიშნავს გამოცემა.
"2008 წლის ომის შემდეგ მილსადენის ამ 1605 მეტრიან მონაკვეთზე "ბრითიშ პეტრიოლიუმი" ვერ ახერხებს შემოვლით საქმიანობას და კონტროლს. ამ კონკრეტულ მონაკვეთს მხოლოდ სატელიტიდან აკვირდებიან. ანუ, ეს პრობლემა დღეს და გუშინ არ დაწყებულა, ეს 2008 წლიდან არსებობს. თუმცა, დღემდე მილსადენს არანაირი შეფერხება არ ჰქონია, მისი მეშვეობით დაახლოებით, 5 მილიონი ტონა ნავთობი გაედინება და საქართველო ყოველწლიურად 7 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალს იღებს. იმ შემთხვევაში, თუ რამე კონკრეტული პრობლემები იქნება, ჩვენ უკვე გამზადებული გვაქვს ალტერნატიული მარშრუტის პროექტი, რომლის განხორციელებაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ. თუმცა, ექსპერტები ახლა უკვე უფრო დიდ პრობლემაზე ალაპარაკდნენ, რომელიც ქვეყანას, სავარაუდოდ, ახლო მომავალში ელის წინ - მილსადენის "წართმევაზე" დიდი პრობლემა ცენტრალური ავტომაგისტრალის ხელში ჩაგდებაა, რომელიც ოკუპანტებისაგან სულ რაღაც 450 მეტრში გადის", - აღნიშნავს გამოცემა.
"2008 წლიდან მთელ პერიმეტრზე სპეცდანიშნულების რაზმები იდგა. 2012 წელს ისინი მოხსნეს და ჩვეულებრივი პატრულირება დაიწყეს. აი სწორედ მას შემდეგ დაიწყო მცოცავი ანექსია. 2008-დან 2012 წლამდე ამ კონფლიქტის ზონაში უფრო მეტი პოლიციელია დაღუპული, ვიდრე თავად საბრძოლო მოქმედებების დროს. ეს პოლიციელები იმის გამო იღუპებოდნენ, რომ თავისი სიცოცხლის ფასად ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ. "საზღვრის" გადმოწევას არ ანებებდნენ. 2012 წლის შემდგომ კი ბლოკპოსტები მოიხსნა და ტერიტორია დაუცველი დარჩა. გაუკონტროლებელ ტერიტორიაზე კი მეზობელი მეზობელს უწევს ღობეს და მტრისგან რას უნდა ელოდო. მათაც დაიწყეს საოკუპაციო ხაზის გადმოწევა ხან 3 კილომეტრით, ხან ხუთი კილომეტრით და ა.შ. მაშინვე ვთქვი, რომ ნავთობსადენის ხელში ჩასაგდებად ემზადებოდნენ და სასწრაფო ზომები იყო მისაღები, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" ლიდერი და აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე პაატა დავითაია.
"როცა კომისიის თავმჯდომარე ვიყავი, მქონდა ინფორმაცია, რომ მათ ჰქონდათ 60-იანი წლების რუკა, რომლის მიხედვითად საზღვარი ავტომაგისტრალს სცილდებოდა. 60-იან წლებში ეს საზღვარი შეიცვალა, მაგრამ ისინი ისევ იმ რუკით ხელმძღვანელობენ. თუ გახსოვთ, 2008 წელს, როცა ისინი ავტომაგისტრალიდან გავიდნენ, ბოლო ბლოკ-პოსტი სწორედ ორჭოსანთან დატოვეს. ისინი იქიდან გასვლას საერთოდ არ აპირებდნენ, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგად იძულებულები გახდნენ დაეხიათ. დღეს უკვე საქართველოში არის ხელისუფლება, რომელიც არაფერს აკონტროლებს, არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს და მაშინ, როცა საოკუპაციო ზოლების გადმოწევა მიმდინარეობს, ქვეყნის პრეზიდენტი ყაზბეგში ისვენებს. ამით კი რუსები სარგებლობენ და მათ ავტომაგისტრალი ავტომატის ჯერის დაფარვის ზონაში მოაქციეს. ამ გზაზე სულ მოძრაობაა და ნებისმიერ წუთას შეიძლება ვიღაც გიჟმა რუსმა ჯარისკაცმა გაისროლოს და ხალხი ჩაცხრილოს, მიმოსვლა მაშინვე შეწყდება. მერე რუსები ჩადგებიან მაგისტრალზე და იტყვიან, რომ სიტუაციას გააკონტროლებენ. ასე დამთავრდება ყველაფერი", - განაგრძობს რესპონდენტი.
"რა თქმა უნდა, სატრანზიტო ქვეყანა თავის ფუნქციას კარგავს. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ დაცვითი ღონისძიებები განახორციელოს და ბლოკპოსტები დააყენოს, არაფერს აკეთებს და მხოლოდ იმაზე ზრუნავს, რომ ისინი არ გააღიზიანოს. ამით კი ტერიტორიებს ვკარგავთ. მაგისტრალს, სავარაუდოდ, ახალ წლამდე დავკარგავთ და მას რუსები ზეწოლის მექანიზმად გამოიყენებენ. მოლაპარაკებებს დაიწყებენ და ბლოკპოსტის მოშლის სანაცვლოდ მთავრობას რაღაც სტრატეგიულს დაათმობინებენ, რასაც ზაქარეიშვილი და მისთანანი დიდ წარმატებად შემოგვასაღებენ. მოვლენები ასე არ რომ განვითარდეს, პირველ რიგში ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე სასწრაფოდ სპეცდანიშნულების რაზმები უნდა განლაგდნენ, რათა ტრასა დაცული იყოს. მიმაჩნია, რომ ნავთობსადენი არ უნდა გადაიტანონ, რადგან ამას აზრი არ აქვს და ეს დათმობასა და აღიარებას ნიშნავს", - დაასკვნის პაატა დავითაია.
"აღნიშნულ მოსაზრებას ვახტანგ მაისაიაც იზიარებს და ამბობს, რომ ალტერნატიული მილსადენის გაყვანა გამოსავალი არ არის. მისი თქმით, ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია და გარდა წმინდა სამშენებლო და ტექნიკური სირთულეებისა, იურიდიულ, სამართლებრივ და ეკონომიკურ პრობლემებსაც მოიცავს. შესაბამისად, ალტერნატიულ მილსადენზე საუბარს დილეტანტობად მიიჩნევს - "არ ვიცი, ვის აწყნარებენ ამით. თანაც, როცა ალტერნატიული მილსადენის გაყვანაზე საუბრობ, გამოდის, რომ შენ უკვე იმ მილსადენზე ხელი ჩაიქნიე და სხვებს გადაულოცე". დავითაია მაგისტრალთან დაკავშირებულ რისკებზე ყურადღებას ამახვილებს და ამბობს, რომ საფრთხე, რომელიც მას ემუქრებოდა, ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე იყო განჭვრეტადი", - განაგრძობს სტატიის ავტორი.
"ბუნებრივია, მაგისტრალი რუსებისათვის სახმელეთო სატრანზიტო საშუალებაა და მისი მეშვეობით სამხედრო მიზნები განხორციელდება. შესაძლებელია სამხედრო შეიარაღების გადაზიდვა ჯერ სომხეთში, მერე კი უკვე ირანსა და სირიაში. შემთხვევითი არაა ისიც, რომ კარასინი-აბაშიძის ბოლო შეხვედრაზეც კარასინმა კვლავ აფხაზეთის რკინიგზაზე გაამახვილა ყურადღება. ხელისუფლებას ამის საწინააღმდეგოდ ნაბიჯები აქამდეც უნდა გადაედგა, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ალბათ უკვე დროა, ჩვენი შეიარაღებული ძალების პოტენციალი წარმოაჩინონ. ჩვენი ტერიტორიის დაცვა, სადაც ჯერ კიდევ ჩვენი იურისდიქცია ვრცელდება, აუცილებელია. ამ მონაკვეთის დაცვის მიზნით სტაციონარული ბლოკ-პოსტები უნდა შეიქმნას, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილები განთავსდებიან. ოღონდ ევროკავშირის სამხედრო სადამკვირვებლო მისიის ძალიან ინტენსიური მეთვალყურეობით, რომლებიც მუდმივმოქმედ მონიტორინგს განახორციელებენ", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
"ეს იმისთვისაა საჭირო, რომ რუსმა სამხედროებმა ჩვენი სამხედროების წინააღმდეგ რამე შეიარაღებული ძალადობა არ განახორციელონ. ეს პროცესი როგორმე უნდა შევაკაოთ და რუსებს არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ გორი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალი დაიკავონ, ბლოკპოსტები დროულადაა გასაკეთებელი. დარწმუნებული ვარ, ეს რუსებს ცინიკურ საქციელზე ხელს ააღებინებს და მცოცავ ოკუპაციას შეაჩერებს. მით უმეტეს, თუ ამაში საერთაშორისო საზოგადოებაც ჩაერთვება ევროკავშირისა და ეუთოს მისიების სახით. წინააღმდეგ შემთხვევაში,იქ მცირედი ინციდენტის მოხდენაც კი მოძრაობის შეწყვეტას და დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ერთმანეთისგან გათიშვას ნიშნავს. ამის შემდეგ კი მაგისტრალი ვაჭრობის საგანი გახდება და მის სანაცვლოდ აუცილებლად რამეს მოითხოვენ - ასეთი ხერხი აპრობირებულია და როგორც ჩანს, რუსებიც ასეთი ტაქტიკის გამოყენებას აპირებენ", - დაასკვნის მაისაია.
კარტელური საქართველო - მოჰყვება თუ არა საწვავის კარტელის გამოაშკარავებას კომუნიკაციების სფერო, ფარმაცევტული სექტორი, ხორბლისა და ფქვილის ბაზარი...
"კონკურენციის სააგენტოს დასკვნით, ავტოსაწვავის ბაზარზე 2008-2014 წლებში ირღვეოდა კონკურენციის პრინციპები, იმპორტს ხელი ეშლებოდა ხელოვნური ბარიერებით, იზღუდებოდა წარმოება და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი. შედეგად, ბაზრის ძირითად მოთამაშეებს, მათ შორის "ვისოლს", "რომპეტროლს", "სოკარს", "ლუკოილს", "გალფს" და მათთან დისტრიბუციით დაკავშირებულ აგენტებს დაეკისრათ. დაჯარიმდნენ მათთან ფრენშაიზინგით (ე.წ. მზა ბიზნესის შეძენა) დაკავშირებული მცირე კომპანიებიც" - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით კარტელური ხუთეული?! / ”დიდი ხუთეულის რეალური მესაკუთრეების გარკვევა ისეთივე რთულია, როგორც ბნელ ოთახში შავი კატის დაჭერა / "კარტელური შეთანხმებით კონკურენტები ჩამოიშორეს, შექმნეს ხელოვნური ბარიერები იმპორტის, დისტრიბუციისა და გაყიდვის ნაწილში და ავტოგასამართი სადგურების ქსელი კი გადაინაწილეს".
"ყველაზე მაღალი ჯარიმა _ 14.381.385 ლარი "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს" დაეკისრა; "სან პეტროლიუმ ჯორჯია", რომელიც ბაზარზე "გალფის" ბრენდით ოპერირებს, დაჯარიმდა 11.267.384 ლარით; "რომპეტროლ საქართველო" - 10.845.806 ლარით; "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" - 10.426.393 ლარით; "ლუკოილ-ჯორჯია" - 4.740.260 ლარით. კიდევ ორ ფირმას მილიონზე მეტი ლარი დაეკისრა და ერთსაც - 650 ათასზე მეტი. სიმბოლური 200-200 ლარით დაჯარიმდნენ წვრილი კომპანიები, რომლებიც მათთან თანამშრომლობდნენ. "კვირის პალიტრამ" მოიპოვა კონკურენციის სააგენტოს 1200-გვერდიანი დასკვნის ანოტაცია, სადაც დოკუმენტის მოკლე შეფასებაა გადმოცემული. აღსანიშნავია, რომ კარტელურ გარიგებაში ბრალდებულმა არც ერთმა კომპანიამ არ ითანამშრომლა კონკურენციის სააგენტოსთან და არც გარიგებაში მონაწილეობა უღიარებია - არადა, ასეთ შემთხვევაში კომპანია დაკისრებული ჯარიმისგან თავისუფლდებოდა(!). ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დასკვნაში შესული მასალების ნაწილი იმდენად მძიმე დანაშაულს ეხება, შესაძლოა მასალების ნაწილი პროკურატურის, ნაწილი ფინანსური უწყების საგამოძიებო სამსახურის ინტერესის სფეროში მოექცეს", - აღნიშნავს გამოცემა."პირველი, ვინც კონკურენციის სააგენტოს დასკვნას უპასუხა, "ვისოლ ჯგუფი" იყო. "ჩვენ არ დაგვირღვევია კონკურენციის შესახებ კანონის არც ერთი მოთხოვნა.. სააგენტომ არ გაიზიარა არც ერთი ჩვენი ობიექტური არგუმენტი და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ნეგატიურად შეაფასა ჩვენი საქმიანობა... არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებაში მოყვანილ მოსაზრებებს და, ბუნებრივია, შევეცდებით ჩვენი სიმართლის დამტკიცებას კანონით მონიჭებული გზებით", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არც "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში" ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ 2014 წლის ნოემბრიდან კონკურენციის სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობენ: პასუხი გასცეს ყველა დასმულ შეკითხვას, მიაწოდეს ყველა დოკუმენტი თუ დოკუმენტურად დასაბუთებული მყარი არგუმენტები, თუმცა ისინი არ გაითვალისწინეს და კომპანიას დიდი ჯარიმა წარედგინა. "ვისოლის" მსგავსად, სანქციის სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ "სოკარი" და "გალფი", - განაგრძობს გამოცემა.
"იმას, რაც კონკურენციის სააგენტოში 50 ტომად შეიკრა და 1200 გვერდზე გაიწერა, ანუ იმას, როგორ ყალიბდებოდა კარტელი ჟურნალისტები და დამოუკიდებელი ექსპერტები წლების განმავლობაში იკვლევდნენ. 10 წელიწადს ითვლის გონივრული და საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნავთობიმპორტიორები ზემოგებით მუშაობდნენ და შეთანხმებულ ფასს აწესებდნენ საწვავზე, რაც საბოლოოდ თითქმის ყველა პროდუქტსა და მომსახურებას აძვირებდა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ყველა ეს გონივრული ეჭვი დოკუმენტურად დადასტურდა და სააგენტოს დასკვნაში მოიყარა თავი. არადა, 2006 წლამდე საქართველოში საწვავი 100-ზე მეტ კომპანიას შემოჰქონდა. საწვავი შეგეძლო შემოგეტანა აზერბაიჯანიდან ერთი ცისტერნა-ვაგონით, ერთი ან ორი ავტოგასამართი სადგური მოგემარაგებინა და დაბალი ფასნამატით, ნავთობპროდუქტები საკმაოდ იაფად გაგეყიდა. 2006 წლის შემდეგ ვითარება მკვეთრად შეიცვალა. აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების იმპორტს კომპანია "სოკარი" დაეპატრონა და სხვა ნავთობიმპორტიორებისთვის ეს ბაზარი დაიკეტა. შესაბამისად, ბაზარზე დარჩნენ შედარებით მსხვილი ნავთობიმპორტიორი კომპანიები - ისინი, ვისაც შეეძლო საწვავი ევროპიდანაც შემოეტანათ", - დასძენს გამოცემა.
"საწვავის საცალო ბაზარზე წლების განმავლობაში დომინირებდა ექვსი კომპანია -"ვისოლი", "ლუკოილი", "სოკარი", "ეკო", "რომპეტროლი", "სენტა" და "მაგნატი". 2010 წელს ბაზარზე კომპანია `გალფი~ გამოჩნდა, რომელიც "სენტას", "ეკოსა" და "მაგნატის" ავტოგასამართ სადგურებს დაეპატრონა და ყველაზე მეტი სადგურის მფლობელი გახდა. "გალფის" შემოსვლამ ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასები კიდევ უფრო გაზარდა. ეს კომპანია თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირდებოდა. წესით, როცა ბაზარზე ახალი მოთამაშე შემოდის და ძველ მოთამაშეებს უკვე კარგად აქვთ მოკიდებული ფეხი, ახალბედას ადგილის დამკვიდრება უნდა გაუჭირდეს. მაგრამ კონკურენტებმა რატომღაც საკუთარი ნებით დაუთმეს ასპარეზი "გალფს" - ნავთობპროდუქტებზე ფასები გაზარდეს, რაც "გალფისთვის" ხელსაყრელი იყო. არადა, წესით, მომხმარებლის შესანარჩუნებლად ფასები უნდა დაეწიათ, მათ კი მომხმარებელი ნებით დათმეს", - წერს სტატიის ავტორი.
"რამდენიმე წლის წინ, სანამ ეს სფერო განსაზღვრული ჯგუფის ხელში მოექცეოდა და კარტელური შეთანხმება ჩამოყალიბდებოდა, კომპანიები საწვავს 1 ლიტრზე დაახლოებით 20-თეთრიანი ფასნამატით ყიდდნენ, დღეს კი 60-თეთრიანით ყიდიან. როცა თვეების განმავლობაში საერთაშორისო ფასი მცირდებოდა და აქ ნავთობპროდუქტებს არ აიაფებდნენ, ფასნამატი 80 თეთრსაც აღწევდა. ეს ამ კარტელური შეთანხმების ნაყოფია. კონკურენტები ჩამოიშორეს, შექმნეს ხელოვნური ბარიერები იმპორტის, დისტრიბუციისა და გაყიდვის ნაწილში და ავტოგასამართი სადგურების ქსელიც კი გადაინაწილეს", - აცხადებს გამოცემის ორესდპონდენტთან საუბრისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი ბექა კემულარია.
მაგალითად, შეზღუდვები არსებობდა საწვავის იმპორტის დროს. თავად ეს კომპანიები ფლობდნენ ბაზებს და არასასურველ კონკურენტს ეუბნებოდნენ, რომ არ ჰქონდათ ადგილი ტანკერით შემოტანილი საწვავის განსათავსებლად. ასეთ ვითარებაში ვერ შემოდიოდა მილიონობით ლიტრი საწვავი, რომელიც ტანკერიდან უნდა გადაიტვირთოს ბაზაში და სარკინიგზო ცისტერნებით განაწილდეს რეგიონებში. თუ ვინმე მაინც მოახერხებდა საწვავის შემოტანას - ეს კი 2012 წლამდე გამორიცხული იყო, რადგან ან საბაჟოზე შეუქმნიდნენ პრობლემებს, ან იარაღიანი ხალხი მიადგებოდა, ან დაიჭერდნენ, დაემუქრებოდნენ, - მსხვილ კომპანიებს ისე ჰქონდათ ბაზარი ათვისებული ავტოგასამართი სადგურებით, რომ სხვა მოთამაშეს გაყიდვის პრობლემა შეექმნებოდა. მეტიც, იყო შემთხვევები, როცა მსხვილ კომპანიებს ნაყიდი ჰქონდათ ის ტერიტორიები, სადაც პოტენციურად შესაძლებელი იყო ავტოგასამართი სადგურის გახსნა _ იქ სხვას რომ მსგავსი არაფერი გაეხსნა. გარდა ამისა, თითქოსდა კონკურენტი კომპანიები ერთმანეთში ყიდდნენ ან ცვლიდნენ საწვავს. მაგალითად, "გალფს" 2012 წელს ყველაზე ცოტა საწვავი შემოჰქონდა და ყველაზე მეტს ყიდდა. წარმოიდგინეთ, ხუთ მსხვილ კომპანიას შორის "გალფს" ყველაზე მცირე იმპორტი ჰქონდა და ამავე დროს, საწვავზე ყველაზე დაბალი ფასები ედო?!" - დასძენს კემულარია.
"ვინ დგას "კარტელური ხუთეულის" უკან? - მას შემდეგ, რაც "დიდმა ხუთეულმა" ადგილობრივი საწვავის ბაზარი, ფაქტობრივად, გადაინაწილა, ფასი კი საწვავზე წლიდან წლამდე იზრდებოდა, სულ უფრო აქტიურდებოდა საუბრები, ვინ იდგა რეალურად ამ კომპანიების უკან. ხშირად საუბრობდნენ ყოფილი ხელისუფლების წევრების ბიზნესინტერესებსა და კავშირებზე ამა თუ იმ კომპანიასთან, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტები, ფაქტობრივად, არ არსებობდა. ჩვენ დავინტერესდით ამ დიდი ხუთეულის რეალური მფლობელებით და რამდენიმე საინტერესო აღმოჩენაც გავაკეთეთ. მაგალითად, "სოკარ ენერჯი პეტროლეუმის" 100%-ს ფლობს შპს "სოკარ ენერჯი ჯორჯია". თავად ამ კომპანიის 51% ეკუთვნის აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას, ხოლო 24,5-24,5%-იანი წილები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თავისუფალ ინდუსტრიალ-ზონაში რეგისტრირებულ Intensun Holding FCVO-სა და EVENTUS GENERAL TRADING FZ-ს. ორივე კომპანია 2006 წელს არის დაფუძნებული, როცა საქართველოს ბაზარზე კომპანია "სოკარი" გამოჩნდა", განაგრძობს სტატიის ავტორი.
"სან პეტროლეუმ ჯორჯიას" 100%-ის მფლობელი ამერიკაში რეგისტრირებული Energy Investment Venture Holdings-ია. "რომპეტროლს" ფლობს ნიდერლანდებში რეგისტრირებული `კეი-ემ-ჯი ინტერნეიშნალ ენ.ვი" (KMG International N.V.). "ლუკოილის" მესაკუთრეც ნიდერლანდებში რეგისტრირებული შპს "ლუკოილ ევროპა ჰოლდინგს ბი.ვია". რაც შეეხება "ვისოლს", საჯარო რეესტრის მონაცემებით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ კომპანიის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავაა, სამეთვალყურეო საბჭოში კი ლევან ფხაკაძე, ნუგზარ აბრამიშვილი და სამსონ ფხაკაძე არიან. ასეთ ვითარებაში, ოფშორულ ზონებში კომპანიები, ძირითადად, სწორედ იმიტომ რეგისტრირდებიან, რომ კარგად დამალონ როგორც მათ მფლობელთა ვინაობა, ასევე კაპიტალის წარმომავლობა... რამდენითაც უნდა დააჯარიმონ კომპანიები, მომხმარებელს ახლა ყველაზე მეტად ის აინტერესებს, შემცირდება თუ არა და რამდენით საწვავის ფასები. ავტოგასამართი სადგურების ტაბლოიდებზე ფასები უცვლელია - თუ კომპანიები ფასს დააგდებენ, ეს, ალბათ, დანაშაულის ერთგვარი აღიარება იქნება, ხოლო თუ კვლავ შეთანხმებული ფასით მუშაობას განაგრძობენ, შესაძლოა, მათი ქმედება კიდევ ერთი მოკვლევისა და დამატებითი ჯარიმის საფუძველიც გახდეს", - მიიჩნევს სტატიის ავტორი.
"საწვავის მყისიერად გაიაფებას არ ველი. ფასის შემცირება მოთხოვნა-მიწოდების ჯანსაღ პირობებზეა დამოკიდებული, რასაც კონკურენტული გარემო სჭირდება, ანუ კარტელური გარიგებების "ჩახსნა". ეს კი მაშინ მოხდება, როცა დასრულდება დავა კონკურენციის სააგენტოსა და ბიზნესს შორის - ალბათ, სასამართლოს შემდეგ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ველოდოთ ფასების ოპტიმიზაციის დაწყებას, თუმცა ოპტიმიზაცია აუცილებლად ფასების შემცირებას არ ნიშნავს. ფასი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს, მაგრამ საზოგადოების მოლოდინი, რომ საწვავის ფასის გაზრდა-შემცირება საერთაშორისო ბაზრის ცვლილებებს შეესაბამება და კონკურენტული გარემოთია განპირობებული, ალბათ, საქართველოში გაჩნდება. მოლოდინი მაქვს, რომ პატარა მოთამაშეები თანდათან გაძლიერდებიან და ბაზარზე კლიმატის შექმნაშიც წილს დაიდებენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკონომისტი ლევან კალანდაძე.
"საწვავის ფასი უახლოეს მომავალში შემცირდება, მაგრამ არა კონკურენციის სააგენტოს დასკვნის, არამედ ჩინეთში ეკონომიკური ვარდნის, აგრეთვე საწვავის ბაზარზე ირანის გასვლის გამო. მსოფლიო ეკონომიკა ვარდნას განიცდის და ეს შეამცირებს საწვავის ფასს და არა კომპანიების დაჯარიმება", - თვლის ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია.
"კონკურენციის სააგენტოში კიდევ რამდენიმე საქმის მოკვლევა მიმდინარეობს. სააგენტო საკუთარი ინიციატივით იკვლევს საავიაციო ნავთის სასაქონლო ბაზარს, ხორბლისა და პურპროდუქტების ასოციაცია "გლობალაგროს" წევრთა შესაძლო კარტელურ შეთანხმებას, შავი ზღვის პორტებში ნავთობტერმინალთა საქმიანობას. განცხადების ან საჩივრის საფუძველზე კონკურენციის სააგენტო სწავლობს ავტოგაზის, ხორბლის, ფქვილის სასაქონლო ბაზრებს. ასევე სააგენტო სწავლობს საქართველოს რკინიგზის" შვილობილი კომპანია შპს "ტრანს კავკასუს ტერმინალსის" მიერ დომინირებული მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას - შპს "ჯორჯიან ტრანს ექსპედიციის" საჩივრის საფუძველზე და ა.შ ექსპერტი ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ შემდეგი აუცილებლად უნდა იყოს: პირველი - კომუნიკაციების სფერო, განსაკუთრებით ინტერნეტპროვაიდერები. მეორე სფერო, რითაც უნდა დაინტერესდეს კონკურენციის სააგენტო, ხორბლისა და ფქვილის ბაზარია და მესამე ლეგენდარული ფარმაცევტული სექტორი", - დასძენს სტატიის ავტორი.