3 აგვისტოდან თბილისის გარშემო არსებული გამხმარი ხეების ჭრის პროცესი დაიწყება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელომძღვანელმა ბიძინა გიორგობიანმა განუცხადა.
მისივე თქმით, მათმა კონტრაქტორმა კომპანიამ თბილისის გარშემო ტერიტორიები ფიტოპათოლოგიურად შეისწავლა და მისცა მათ ლოკაციები, სადაც სანიტარული ჭრები უნდა განხორციელდეს.
გიორგობიანის განცხადებით, ეს ადგილებია კუს ტბისკენ მიმავალი გზა და კუს ტბის გარშემო ტერიტორიები. ასევე, მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი გზა. საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, ჯამში 5500 გამხმარი ხეა მოსაჭრელი. ჭრის პროცესი 3 აგვისტოდან დაიწყება. მოხდება ტერიტორიებიდან მოჭრილი ხეების გამოტანა და გასუფთავება, რათა იქ საჭიროების შემთხვევაში ხეები დაირგოს.
"სადაც ხეები მოიჭრება, იმ ადგილებზე თვითგანახლების ხელშეწყობის ღონისძიებებს გავატარებთ. ის სახეობები, რომელიც თბილისის კლიმატური ზონისთვის დამახასიათებელია და ბუნებრივად არის წამოსული, როგორიც არის ქართული მუხა, იფანი, თრიმლი და სხვა კულტურული ჯიშები, მათთვის სივრცის გათავისუფლების ღონისძიებებს განვახორციელებთ. იქ, სადაც გამხმარი წიწვოვანია და ბუნებრივი ნაზარდი არ არის, საჭირო იქნება ახლის დარგვა. დარგვები შემოდგომაზე მოხდება", _ დასძინა გიორგობიანმა.
მისივე განცხადებით, გეგმავენ ბოტანიკური ბაღის სპეციალისტების მიერ რეკომენდებული ჯიშები დარგონ. კერძოდ, იბერიული მუხა, ჭალის მუხა, აკაკი, იფანი, პანტა, მაჟალო და სხვა ჯიშის მცენარეეები, რომლებიც თბილისის კლიმატს და ნიადაგს კარგად უძლებენ.
გიორგობიანი აცხადებს, რომ აფხაზეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გამხმარი ხეები უკვე მოინიშნა. გამხმარი ხეების მოჭრას კი კონტრაქტორი კომპანია შპს "სინათლის ქალაქი" განახორციელებს, რომელსაც ასევე თბილისის ქუჩებში გამხმარი ხეების მოჭრის ტენდერი აქვს მოგებული. მოჭრილი ხეები დასუფთავების სამსახურის ეზოში დასაწყობდება და შემდეგ გამგეობების მეშვეობით სოციალურად დაუცველებს დაურიგდებათ.
"პარალელურად კიდევ გამოცხადდება ტენდერი, რათა გვიან შემოდგომაზე ამდენივე გამხმარი ხე მოიჭრას. ეს ტერიტორიები რამდენიმე ათეული წელია გამხმარი ხეებისგან არ გათავისუფლებულა. ბევრი გამხმარი და ავარიული ხეა ქალაქშიც", _ დასძინა გიორგობიანმა.