სასამართლომ ქიბარ ხალვაშის სარჩელი "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო

"რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ, ქიბარ ხალვაშის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს. როდის ჩატარდება მოსამზადებელი სხდომა ჯერ უცნობია.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2"-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, "რუსთავი 2"-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 5 აგვისტოს ბიზნესმენის ქართველმა და უცხოელმა ადვოკატებმა სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს. ტელეკომპანიის დაბრუნების შემთხვევაში ქიბარ ხალვაში პირობას დებს, რომ ჟურნალისტებს, მთელ შემოქმედებით გუნდს გარანტირებული ექნებათ საქმიანობის საუკეთესო პირობები, სრული ჟურნალისტური თავისუფლება და სარედაქციო ჩაურევლობა.

ადვოკატების განმარტებით, სასწრაფო ზომების მიღება აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც შეიტყვეს, რომ კიდევ ერთხელ იგეგმება "რუსთავის 2"-ის წილების გადაფორმება, რათა წილების კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნება გართულდეს. ადვოკატ პაატა სალიას განცხადებით, "რუსთავის 2"-ის წილების დაყადაღება მათ საშუალებას მისცემს აღიკვეთოს პოტენციური თვალთმაქცური გარიგება და შენარჩუნდეს ქონების დაბრუნების შანსი.

ადვოკატის თქმით, სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა ქიბარ ხალვაშმა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს პროკურატურას "რუსთავის 2"-ის იძულებით ჩამორთმევის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართა. მისივე განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების პირიობებშიც ხალვაშმა არაერთხელ მიმართა პროკურატურას, როგორც "რუსთავი 2"-ის, ასევე სხვა ქონებების ძალადობრივი ჩამორთმევის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით, მაგრამ პასუხი არ ჩანს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, "რუსთავი 2"-ის პარტნიორების წილებსა და ტელეკომპანიის ქონებას ყადაღა დაედო. "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოს 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2"-ის ქონება სრულად დაყადაღდა და ყადაღა დაედო სამაუწყებლო კომპანიის მფლობელთა წილებს. არხის მეწილეებს აეკრძალათ ტელეკომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, რეორგანიზაცია, წესდებაში ცვლილებების შეტანა, საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა. ასევე დაყადაღებულია "რუსთავი 2"-ის სახელზე გაფორმებული ქონება, კერძოდ, ნაკვეთი სანდრო ეულის ქუჩაზე და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები.

"რუსთავი 2"-ს საბოლოო დავის დასრულებამდე ეკრძალება მოძრავი ნივთების, მათ შორის ტელე-რადიო სიხშირის გადამცემი მოწყობილობების, გენერატორების, ავტომობილების გასხვისება და გაქირავება. ამ ქონების ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვა.

სასამართლომ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო, თუმცა არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა "რუსთავი 2"-ის ლოგოს გამოყენების აკრძალვის შესახებ. ასევე სასამართლომ არ განიხილა არხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების საკითხი.

არხის მეწილეები არიან: ლევან ყარამანიშვილი - 23 პროცენტი, გიორგი ყარამანიშვილი 18 პროცენტი, ტელეკომპანია საქართველო - 51 პროცენტი და ნინო ნიჟარაძე - 9 პროცენტი.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, "ირაკლი ოქრუაშვილის მტაცებელი ქიბარ ხალვაში სხვას რომ რამის მიტაცებაში ედავება, ძალიან სასაცილო და ცინიკურია". როგორც გვარამიამ განაცხადა, "რუსთავი 2"-ის დღევანდელი მფლობელების წინააღამდეგ რაიმეს მიღწევა შეუძლებელია.

"მე იმედი მაქვს, რომ ტოტალიტარიზმისკენ მიმავალი ხელისუფლების თანამონაწილეობას ის არ განიზრახავს და არ წაუცდება ხელი უკანონობისკენ. ეს არ არის ქიბარ ხალვაშის თამაში. თავისთავად ცხადია ეს არის ხელისუფლების თამაში, რომელიც ბოლო პერიოდში შეპყრობილია ტოტალიტარული შიზოფრენიით და ბოლო "კოზირი" როგორც ჩანს არის ქიბარ ხალვაში. როგორც სხვა მხარეებიდან არ გამოვიდა, ისე ამ მხარიდან არ გამოვა, მაღლა მზე იქნება და "რუსთავი 2" იქნება იქ, სადაც არის", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები და ყოფილი მფლობელები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმაურებიან. მათი თქმით, "რუსთავი 2" არის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მკაცრად კონტროლირებადი პარტიული ტელევიზია, ასრულებს მის პოლიტიკურ დაკვეთას და საერთო არაფერი აქვს დამოუკედებელ მედიასთან.

"იმედი გვაქვს სასამართლო პროცესი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და მიუკერძოებელი. ის შეძლებს გამოავლინოს და სამართლებრივი შეფასება მისცეს "რუსთავი 2"-ის სახით მედიის თავისუფლებაზე ძალადობის და მანიპულირების დანაშაულებრივ სისტემას, რომელსაც 2004 წლიდან სახელმწიფო თანმიმდევრულად ახორციელებდა. ამ პროცესმა გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა დემოკრატიას და სიტყვის თავისუფლებას საქართველოში. შედეგად, თავისუფალი ტელევიზიის ნაცვლად საზოგადოებამ ერთი პარტიის საკუთრებაში არსებული პროპაგანდისტული მანქანა მიიღო. ამ პოლიტიკური ძალადობის და პარტიული ტერორის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი, როგორც "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები, ჩვენ აღმოვჩნდით", - აღნიშნულია აქიმიძისა და დვალის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.