განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ პრობლემებზე და მოსალოდნელ სიახლეებზე "ინტერპრესნიუსი" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, თამარ სანიკიძეს ესაუბრა:
- ქალბატონო თამარ, რა სიახლეებით ხვდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ სასწავლო წელს?
- როგორც წინა წლებში, წელსაც ზაფხული ცხელი გვაქვს. მზადება სხვადასხვა კუთხით მიმდინარეობს. ჩვენი ძირითადი მნიშვნელოვანი პრობლემა ინფრასტუქტურული მდგომარეობაა, ამიტომ დიდი რესურსია გადატანილი ამ კუთხით. წელს დაახლოებით 500-მდე სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მაგრამ არის სკოლების გარკვეული რაოდენობა, რომლებსაც სერიოზული რესურსების ინვესტირება სჭირდება. მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობა. 8 ახალი სკოლა უკვე დასრულებულია. 8 ახალი სკოლის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. სკოლების მოთხოვნების შესაბამისად, დაახლოებით 127 000 მერხი და სკამი შევიძინეთ, პარალელურად მიმდინარეობს ბიბლიოთეკების აღჭურვა. წელს გვექნება განახლებული კომპიუტერული ლაბორატორიები, ინტერნეტის თემაც ნელ-ნელა წინ მიიწევს. წელს ყველაზე მნიშვენლოვანი პროგრამა, რომელიც ამოქმედდება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაა. სქემამ ნამდვილად ძირ-ფესვიანად უნდა შეცვალოს სასკოლო ცხოვრება. მთელი ჩემი ყურადღება და ადამიანური რესურსი მიმართულია ამ სქემის ხარვეზების გარეშე დანერგვისკენ. სქემასთან დავაკავშირეთ სახელფასო პოლიტიკაც, 2015-2016 სასწავლო წელს მასწავლებლის საბაზო ხელფასის ზრდა ორჯერადად გვექნება განსახორციელებელი. სხვადასხვა დონეზე ხელფასი საგრძნობლად მოიმატებს. წელს ყველაზე მნიშვნელოვანი პედაგოგების თემაა. სექტემბრიდან საქართველოს მასშტაბით სქემას სახელფასო ცვლილებებთან ერთად ავამოქმედებთ. სექტემბრიდან საბაზო ხელფასი 50 ლარით გაიზრდება და გაიზრდება კატეგორიების დანამატები. საბაზო ხელფასი თუ იყო 305 ლარი, 355 ლარი გახდება, აპრილში კი ეს ხელფასი კიდევ 50 ლარით მოიმატებს და 405 ლარი იქნება, რაც ნიშნავს, რომ პროპორციულად გაიზრდება საშუალო ხელფასიც. საშუალო ხელფასის ზრდის გარდა, გაიზრდება დანამატები, რომელიც თითოეულ კარიერულ საფეხურზე განსხვავებული იქნება.- როდის იწყება სწავლა საჯარო სკოლებში, რამდენია რეგისტრირებულ პირველკლასელთა რაოდენობა, როდის დაურიგდებათ მოსწავლეებს "ბუკები" და სახელმძღვანელოები?
- საჯარო სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება. დღეის მდგომარეობით, საჯარო და კერძო სკოლებში სულ დარეგისტრირებულია 46 660 მოსწავლე. სახელმძღვანელოები და "ბუკები" მოსწავლეებს სკოლაში დახვდებათ. "ბუკებს" მიიღებენ პირველკლასელები. "ბუკი" განსაზღვრულია პირველი ოთხი სასწავლო წლისთვის, ამისათვის პროგრამების გადახალისება მიმდინარე რეჟიმში ხდება.- წელს მოსწვალეებისთვის ბუკების მიწოდებას შპს "ესაბი" უზრუნველყოფს. ხელშეკრულება არ გაფორმდა გასული წლის ტენდერში გამარჯვებულ "იუ ჯი თი"-სთან. ხომ არ უკავშირდება ახალ კომპანიასთან ურთიერთობის დამყარება "იუ ჯი თი"-ს მხრიდან რაიმე ტიპის არაჯეროვან მომსახურებას?
- ეს ჩვეულებრივი სატენდერო პროცედურების ფარგლებში გამოიკვეთა. ფასით ისევ "იუ ჯი თი" ლიდერობდა, მაგრამ მათ პროდუქტთან დაკავშირებული გარკვეული დოკუმენტაციის წარმოდგენა ვერ მოახერხეს. შესაბამისად, გადავინაცვლეთ მომდევნო პრეტენდენტზე, რომელიც ამ შემთხვევაში არის "ესაბი". "იუ ჯი თი"-მ შარშან აღებული პირობები ძალიან კარგად შეასრულა. პრეტენზია ნამდვილად არ გაგვაჩნია, პირიქით, ძალიან კარგი პარტნიორი ორგანიზაციაა, თუმცა ჩვენ სახელმწიფო უწყება ვართ, ტენდერის პირობებს უნდა დავემორჩილოთ. ტენდერის პირობების შესაბამისად, წელს ხელშეკრულება გავაფორმეთ "ესაბი"-სთან.- უკვე ცნობილია, რომ გასულ წელთან შედარებით, სამინისტრო წელს მნიშვნელოვნად ნაკლებ სახელმძღვანელოებს ბეჭდავს. პირველკლასელები მეორად წიგნებს მიიღებენ. რა განაპირობებს სამინისტროს ამ გადაწყვეტილებებს?
- უფასო სახელმძღვანელოები ძალიან შრომატევადი პროექტია. ეს არ არის უბრალოდ წიგნის შესყიდვა და დარიგება. ეს არის მთელი სისტემის მონიტორინგი, არსებული სახელმძღვანელოების კონსოლიდაცია, გადარჩევა, დახარისხება, სკოლებში დაბრუნება, აღრიცხვა, თითოეული სახელმძღვანელოს შემოწმება. მადლობა ღმერთს, ეს პროცესები უკვე დავასრულეთ. Iსევე, როგორც შარშან, წელსაც იქნება ახალი და ძველი სახელმძღვანელოების ნაზავი.- თუმცა, ძველი უფრო მეტი იქნება.
- წელს სახელმძღვანელოების 60% გამოყენებული, 40 % კი ახალი იქნება.- რა მდგომარეობაში იქნება მეორადი სახელმძღვანელოები?
- თავიდან იყო შეფასების 15-ქულიანი სისტემა. შემდეგ ჩვენ ეს სისტემა გავამარტივეთ. ახლა გვაქვს 9-ქულიანი სისტემა. დასაშვებია, რომ 6-ქულიანი სახელმძღვანელო მოხმარებაში იყოს. შესაბამისად, წიგნი, რომელშიც არ არის მარკირება, რომელსაც აქვს ყდა ან ყდა დაზიანებულია არაუმეტეს 20-30%-ისა, გამოსაყენებელია.- რატომ არ ბეჭდავს "დედა ენას" სამინისტრო? საჭიროება აღარ არის?
- საჭიროება თუ არ არის, სამინისტრო არ დაბეჭდავს არც "დედა ენას", არც რომელიმე სხვა კლასის რესურსს. სამინისტრო ბეჭდავს და ყიდულობს სახელმძღვანელოებს, რომელიც საჭიროა ქსელის შესავსებად. მბეჭდავ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 10%-იანი ლუფტი გვაქვს. თუ სახელმძღვანელოები დაგვაკლდა, ხელშეკრულების 10%-ის ღირებულების სახელმძღვანელოს თავიდან დაბეჭდვა შეგვიძლია, მაგრამ დღეს ამის საჭიროებაც არ არის. წიგნების საკმარისზე მეტი რაოდენობა გვაქვს და არის რეზერვიც.- რაც შეეხება თქვენს ინიციატივას, რაც დაზიანებული წიგნებისთვის ყდის გამოცვლას გულისხომობს. თუ აპირებს სამინისტრო ამ იდეის განხორციელებას?
- ეს არ იყო ინიციატივა და მართლა არ მესმის, რატომ აიტაცეს ეს, როგორც ინიციატივა და გადაწყვეტილება. ყოველ წელს, როდესაც სახელმძღვანელოებს ვამოწმებთ, ყოველთვის ვამუშავებთ რამდენიმე ვერსიას. ერთ-ერთი ვერსია, რომელიც მოვიკვლიეთ, კარგი შიგთავსის მქონე წიგნისთვის ახალი ყდის გაკეთება იყო. გვქონდა რამდენიმე ალტერნატივა და ეს ნორმალურია, მაგრამ ეს არ ყოფილა ინიციატივა. წელს წიგნების გადარჩევა დასრულებულია. არანაირი საჭიროება არც წიგნის თავიდან აკინძვის, ახალი ყდის გაკეთების, შეკეთების არ გაგვაჩნია. სახელმძღვანელოები საკმარისი რაოდენობით გვაქვს. რომ არ გვქონდოდა, თავიდან დავბეჭდავდით.- როგორც ცნობილია, 2016-2017 წლიდან ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები ამოქმედდება. რა სიახლეები შევიდა დოკუმენტში?
- ძირითადი ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში შემდეგ აკადემიურ წელს გვექნება, გამოვაცხადებთ სახელმძღვანელოების კონკურსს. დავიწყებთ ახალი სახელმძღვანელოების შემუშავებას.- გამოდის, რომ მომავალ წელს სამინისტროს მოსწავლეების 100%-ით ახალი წიგნებით უზრუნველყოფა მოუწევს.
- ეს დამოკიდებულია, როგორ დავნერგავთ ახალ გეგმას. თუ პირველ ოთხ ან პირველ ორ კლასს დავნერგავთ, შესაბამისად ის სახელმძღვანელო სრულიად ახალი იქნება. დასადგენია დანერგვის ეტაპები. გამოცხადდება კონკურსი, ავტორები მათ ნაშორმებს წარადგენენ, სამინისტრო შეაფასებს და საუკეთესო ვერსიებს მივანიჭებთ გრიფს. ჩვენ ვფიქრობთ, თითო საგანში მინიმუმ ორი ალტერნატივა მაინც უნდა არსებობსდეს. გარდა ამისა, მთლიანად გადავხედეთ საზოგადოებრივი მეცნიერებების თემას. აქცენტი გავაკეთეთ თემატიკაზე, რომელიც გვჭირდება და ჩვენნაირი ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი. ჩამოვაყალიბეთ სტანდარტი და გავაკეთეთ პროგრამა.- საპატრიარქოში გამართულ ბოლო სხდომაზე, წმინდა სინოდმა გამოთქვა სურვილი, დანერგვამდე განათლების სამინისტროს ახალი პროექტის განხილვა ეკლესიის, რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობითა და ფართო საზოგადოების ჩართულობით მომხდარიყო. საუბარია ახალი საგნების - "მე და საზოგადოება" და "მე და სამშობლოს" სწავლებაზე. თუ უზრუნველყო სამინისტრომ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია?
- რა თქმა უნდა, ეს პროცესები თავიდან ბოლომდე გახსნილი იყო. მონაწილეობდნენ როგორც საპატრიარქოს განათლების კომიტეტის წარმომადგენელი, ასევე ყველა დაინტერესებული პირი. მრავალჯერადი განხილვა მოხდა, იყო გარკვეული შენიშვნები, კომენტარები, ნაწილი გავითვალისწინეთ, ნაწილი-არა, მაგრამ მიღებული სტანდარტი და პროგრამა ნამდვილად ოპტიმალური და ყველასთვის მისაღებია. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი წინ არის, როგორც ლიტერატურას, საგანმანათლებლო რესურსს შევარჩევთ.- რამდენიმე თვის წინ, თქვენ სკოლის გამოსაშვები და ეროვნული გამოცდების გაერთიანების ინიციატივა გაახმაურეთ. მუშაობს თუ არა ამ საკითხზე სამინისტრო?
- სამინისტრო ამ იდეის ირგვლივ, რა თქმა უნდა, მუშაობს. გარკვეულ ინფორმაციას ხარისხის ეროვნული ცენტრისგან ველოდები. ამაზეა დამოკიდებული დაფინანსების მოდელი. ხოლო, როდესაც დაფინანსების მოდელზე ჩამოვყალიბდებით, ეროვნული გამოცდების სისტემის გადახედვას დავიწყებთ.- ექსპერტთა ნაწილი ეროვნული გამოცდების სისტემის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს. თქვენ რა კუთხით ხედავთ ცვლილებების საჭიროებას?
- პირველ ყოვლისა, შესაცვლელია უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემა. ჩვენ დღეს დაფინანსების და საგამოცდო სისტემა ერთმანეთთან გვაქვს დაკავშირებული. პირველ რიგში უნდა ჩამოვყალიბდეთ დაფინანსების სისტემაზე, შემდეგ მოვარგოთ ეროვნული გამოცდები. ეროვნული გამოცდები წარმოგვიდგენია, რომ იქნება ერთი და არა ორი, როგორც ახლა არის გაყოფილი სკოლის და უმაღლესის დონეზე, თუმცა რა სახით, - ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. მოდელთან დაკავშირებით უფრო კონკრეტულად ახალ წლამდე მეცოდინება.- ანუ ყველაზე აქტიურად გაერთიანების მოდელი განიხილება. იყო ასეთი მოსაზრებაც, რომ უნივერსიტეტებს თავად აერჩიათ სტუდენტები.
- ცენტრალიზებული გამოცდის ვერსიაზე ვმუშაობთ, ოღონდ ოპტიმიზირებული ფორმატით.- იმ ფონზე, რომ ყოველწლიურად არსებობს გარკვეული კონტინგენტი, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას ვერ ახერხებს და უმაღლესი სასწავლებლის მიღმა რჩება, როგორია მოთხოვნა პროფესიულ სასწავლებლებზე?
- სრული პასუხისგებლობით ვამბობ, რომ პროფესიულ განათლებაში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. ერთადერთი, რაც ჩვენ გვჭირდება პროფესიული განათლების პოპულარიზაციაა. არ დაგვავიწყდეს, რომ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, სამწუხაროდ, ე.წ. პროფტექნიკუმები გარკვეულ სადამსჯელო იარაღს წარმოადგენდა. პროფესიულ განათლებას ამ კუთხით დღეს არ მოვისაზრებთ. პროფესიულ განათლებაში ჩართულ ადამიანებზე დგას ქვეყნის ეკონომიკა. განსხვავებული მეთოდოლოგიით ახალი სტანდარტები ჩამოყალიბდა. პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა უფასოა, რაც ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. რაც შეეხება მიმართვიანობას, ამ საკითხს მუდმივად ვაკონტროლებთ. 2013 წელს მიმართვიანობა ცოტა დაბალი იყო, 2014 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე უკეთესი მდგომარეობა იყო, მოთხოვნა იზრდება.- რაც შეეხება სასკოლო მზაობის პროგრამას. როგორც ცნობილია, პროგრამაზე მუშაობა დასრულებულია. ვინ და სად მოახერხებს აღნიშნული პროგრამით სარგებლობას?
- საბავშვო ბაღებში ყველგან დაინერგება პროგრამა, სადაც შესაბამისი ასაკის ბავშვები იქნებიან. მაგრამ რადგან თბილისი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით პრობლემატურია, ჩვენ გამოვყავით სასკოლო ინფრასტრუქტურა, სადაც ამ პროგრამის განხორციელება იქნება შესაძლებელი. თბილისში შევთავაზეთ 50 საჯარო სკოლის ტერიტორიაც, რათა ადგილების პრობლემა არ ყოფილიყო. რეგიონებში ადგილის პრობლემა არ არის..- რას ისწავლიან ბავშვები?
- ბავშვები ისწავლიან თამაშით. ეს არ მიდგომა, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ. დამერწმუნეთ, ეს ბავშვები შემდეგი სასწავლო წლისთვის ბევრად კარგად მომზადებულები იქნებიან. წერა-კითხვას არ სწავლობენ. ისინი შეიძენენ იმ უნარებს, რომელიც დაჭირდებათ სწორედ წერისა და კითხვისათვის. პროგრამა არის ყოველდღიური, სამ საათიანი. სწავლა დაიწყება ოქტომბერში და დასრულდება მაისის ბოლოს. პირველადი რეგისტრაცია გაკეთებულია კონტიგენტის სანახავად, მაგრამ თითოეული საბავშვო ბაღის და სკოლის მიხედვით ბაღების სააგენტოს მიერ სექტემბრის დასაწყისში რეგისტრაცია კიდევ გამოცხადდება, სადაც მშობლები შეძლებენ ბავშვები ფიზიკურად დაარეგისტრირონ იმ მისამართებზე, სადაც მათ ხელი მიუწვდებათ.ანა მარშანია
"ინტერპრესნიუსი"