მამუკა კვარაცხელია - რევაზ არველაძე სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაშია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის, მამუკა კვარაცხელიას განცხადებით, არჩევნებში ხმის მიმცემ დელეგატთა რაოდენობა რევაზ არველაძეს სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კვარაცხელიამ განაცხადა, ამჟამად 34 წევრია (35-ეს, ზესტაფონს შეჩერებული აქვს წევრობა), საიდანაც უმრავლესობა ირჩევს პრეზიდენტს. მისივე თქმით, ამ 34 წევრიდან ძალიან დიდი ნაწილი ფედერაციის დაფინანსებაზეა, რაც რევაზ არველაძეს, რომელიც სფფ-ს კანდიდატია, დიდ უპირატესობას აძლევს.

"ამ 35 წევრს შორის არიან ფეხბურთთან დაკავშირებული ასოციაციები და გაერთიანებები, სულ 9 ორგანიზაცია, რომელიც ფედერაციის დაფინანსებაზეა. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია, რომ ეს ორგანიზაციები მხარს სწორედ არველაძეს დაუჭერენ. გარდა ამისა, რეგიონული ფედერაციები წარადგენენ სწორედ ისეთ დელეგატებს, რომლებიც ასევე ფედერაციაში არიან დასაქმებულები. მათ შორის არის გურიის მიერ წარდგენილი გოჩა ტყებუჩავა, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს ერთ-ერთ ასაკობრივ ნაკრებს და ასევე ლოგიკურია, თუ ვის დაუჭერს მხარს. ჩემთვის ცნობილია, რომ ასევე არველაძეს უჭერს მხარს ქვემო ქართლის დელეგატი მერაბ თევზაძე და რაჭის დელეგატი გია გრიგალაშვილი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს სრულიად სამარცხვინოდ", - განაცხადა კვარაცხელიამ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ დელეგატთა რაოდენობა გაიზარდოს, აუცილებელია საფეხბურთო კლუბები გახდნენ ფედერაციის წევრები. "საქართველოს უმაღლესი ჩემპიონატის 7 გუნდი არ არის ფეხბურთის ფედერაციის წევრი. გუნდებს ელემენტარული განცხადების დაწერა სჭირდებათ იმისთვის, რომ გახდნენ ფედერაციის წევრები. ეს არის სრულიად მარტივი პროცედურა, თუმცა, ამას არ აკეთებენ. პირველი ლიგის გუნდებს, მეორე ლიგის გუნდებს, თამამად შეუძლიათ გახდნენ ფედერაციის წევრები და ჰქონდეთ ხმის მიცემის უფლება არჩევნებში. ამისთვის, მხოლოდ განცხადების დაწერაა საჭირო. თუ ისინი ამას არ მოიმოქმედებენ, ჩვენ ასეთ ვითარებაში ვიქნებით სულ", - აღნიშნა კვარაცხელიამ. მისივე თქმით, 34 საარჩევნო დელეგატი ევროპის ქვეყნებთან შედარებით ძალიან ცოტაა.

საარჩევნო დელეგატებს შორის არიან საფეხბურთო კლუბები, საფეხბურთო ასოციაციები და რეგიონული საფეხბურთო ფედერაციები.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე