გარემოს დაცვის სამინისტროში შეშის პროგრამის შემუშავების ჯგუფი იქმნება

გარემოს დაცვის სამინისტროში შეშის პროგრამის შემუშავების ჯგუფი იქმნება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელიდან (CENN) აცნობეს.

აღნიშნული ქსელის ორგანიზებით, ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) ფარგლებში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სააქტო დარბაზში საშეშე რესურსით სოფლის მოსახლეობის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის შემუშავების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეეები, ენერგეტიკის სამინისტროს, ეროვნული სატყეო და დაცული ტერიტორიების სააგენტოების, სამეცნიერო წრეებისა და სამოქალაქო სექტორის, ასევე რეგიონული ინიციატივების წარმომადგენელები აჭარიდა, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან და კახეთიდან.

ორგანიზაციის ცნობით, შეხვედრამ მწვავე დისკუსიის ფონზე ჩაიარა. განსაკუთრებული პოლემიკა ქვეყანაში საშეშე რესურსზე არსებული მოთხოვნის მეთოდოლოგიის შემუშავებამ გამოიწვია. შეხვედრაზე შეშის ალტერნატივების, მათ შორის, ქვანახშირის საკითხი განიხილებოდა.

"როგორც შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, აღნიშნული ინიციატივისთვის NFP-ის ფარგლებში შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც საწყის ეტაპზე შეშაზე მოთხოვნის დადგენის მეთოდოლოგიას განსაზღვრავს. ამისთვის გამოცხადდება ინტერესის გამოხატვა ჯგუფში მონაწილეობაზე, ჯგუფი დაკომპლექტდება, მის წევრებს დაეგზავნებათ მეთოდოლოგიის წინასწარი ვარიანტი და დაინიშნება განხილვა. შეთანხმებული მეთოდოლოგია წარედგინება ფართო საზოგადოებას. ასევე დაგეგმილია ინიციატივისა და მეთოდოლოგიის წარდგენა საქართველოს რეგიონებში და კონსულტაციები ადგილობრივ დონეზე", _ აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე თქმით, ინიციატივა გულისხმობს თანამონაწილეობრივი პროცესის წარმართვას შეშით მომარაგების სახელმწიფო პროგრამის მოსამზადებლად, რომლის მიღების ვალდებულებაც საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების საგზაო რუკით აიღო. პროგრამაზე მუშაობა მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება.

ორგანიზაციაში ასევე განმარტავენ, რომ ინიციატივა ხორციელდება CENN-ის მიერ, "ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული ქვეყნებისათვის სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების მეორე პროგრამის (ENPI East FLEG II)" ფარგლებში, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მხარდაჭერით. ინიციატივა "ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის" (ADC) მიერ ფინანსდება.