ნატალი საბანაძე მიიჩნევს, რომ ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით სამუშაოდ, საელჩოებს მეტი რესურსი სჭირდებათ

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოში, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე მიიჩნევს, რომ ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით სამუშაოდ, საელჩოებს მეტი რესურსი სჭირდებათ, მათ შორის ეკონომიკური პროფილის კადრების დამატების კუთხით.

როგორც საბანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლებელია ეკონომიკის სამინისტრომ წარადგინოს თავისი წარმომადგენელი. საბანაძის თქმით, თითქმის ყველა ქვეყნის მისიას, რომელსაც ევროკავშირთან საქართველოს მსგავსი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ჰყავს წარმომადგენლები სექტორული მიმართულებით, რომლებიც პროფესიონალურად და არა ზოგადად დიპლომატიის დონეზე ფარავენ ეკონომიკურ საკითხებს. საბანაძის თქმით, ეკონომიკური დიპლომატიის გააქტიურება იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც დღეს ამბასადორიალის ფარგლებში იყო საუბარი.

რაც შეეხება ევროატლანტიკურ მიმართულებას, ნატალი საბანაძე აცხადებს, რომ როგორც მისი მოლოდინი იყო, ეს მიმართულება რჩება პრიორიტეტად.

"ამ მხრივ ჩვენ გვაქვს კარგად გაწერილი დღის წესრიგი, რომლის შესრულება იქნება ჩვენი ამოცანა. ჩემს გამოსვლაში ვისაუბრე, რომ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და ევროპული პერსპექტივის ასახვა არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, როგორც ჩვენი მისიის, ისე ზოგადად საგარეო უწყების. გარდა ამისა, საუბარი იყო ეკონიმიკური დიპლომატიის გააქტიურებაზე და კომერციული ურთიერთობების გაღრმავებაზე არა მარტო ევროპასთან, არამედ მსოფლიოს სხვა რეგიონებთან, რაც ასევე მისასალმებელია. ჩვენ გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან, რომელიც ძალიან დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს და ამ შესაძლებლობის ათვისება ჩვენზეა. ამას დასჭირდება დრო. როცა ხელს ვაწერდით შეთანხმებას, ვიცოდით, რომ შედეგი არ იქნებოდა მოკლევადიანი. გარდა ამისა, არის ორმხრივი ურთიერთობები წევრ სახელმწიფოებთან სადაც გვჭირდება გააქტიურება. მაგალითად, ბელგიაში ძალიან დიდი ინტერესია საქართველოს მიმართ ეკონომიკის კუთხით. ამისთვის საელჩოებს გვჭირდება მეტი რესურსი და ცენტრიდან - თბილისიდან ამაზე ყურადღების გააქტიურება კარგ შედეგს გამოიღებს", - განაცხადა ნატალი საბანაძემ.

კონკრეტულ მიმართულებებს რაც შეეხება, ელჩის თქმით, მისი ინტერესია, რომ ბელგიური კომპანიების მოზიდვა მოხდეს ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტირების მიზნით. ნატალი საბანაძის განცხადებით, ახალი მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გამოცდილებიდან გამომდინარე, ლოგიკური იყო, რომ სწორედ ეკონომიკური დიპლომატიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ელჩის თქმით, ამ მიმართულებით სამუშაოდ მნიშვნელოვანი იქნება შესაბამისი პერსონალის გაგზავნა საელჩოებთან, ასევე გარკვეული ინფორმაციის გაცვლის არხების ჩამოყალიბება სექტორულ სამინისტროებთან.

"ალბათ იყო გარკვეულწილად ხარვეზები, რადგან მაგალითად, ევროკავშირის მისიას ჩემი აზრით, უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი, რომელიც მთლიანად ეკონომიკური საკითხებით იქნება დაკავებული. მე მყავს, მაგრამ ის არ არის ეკონომისტი. შეიძლება ეკონომიკის სამინისტრომ წარადგინოს თავისი წარმომადგენელი. განსაკუთრებით იმ ქვეყნების მისიებში, ვისაც აქვთ ასეთი ტიპის ხელშეკრულებები ევროკავშირთან, ყველგან არიან წარმომადგენლები სექტორული მიმართულებით, რომლებიც ამ საკითხს დაფარავენ პროფესიონალურად და არა ზოგადად დიპლომატიის დონეზე", - განაცხადა ნატალი საბანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა