დონალდ იენსენი - დარწმუნებული ვარ, თუ საქართველოში კრიზისი წარმოიშვა, ნატო საქართველოს დაეხმარება

თბილისში დასრულდა კონფერენცია თემაზე - "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი", რომელიც მაკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინიციატივით გაიმართა. "ინტერპრესნიუსი" ევროპისა და საქართველოს უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებზე ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ცენტრის წარმომადგენელსა და ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარს, დონალდ იენსენს ესაუბრა.

- ბატონო დონალდ, კონფერენციაზე "ახალი ევროპული გეოპოლიტიკური ლანდშაფტი" გამოსვლისას თქვენ ბრძანეთ - "სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთი ისეთი საშიში არასოდეს ყოფილა, როგორც დღეს. მეტიც, იგი ახლა სულ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება". თქვენი აზრით, რა შეუძლია დაუპირისპიროს დასავლეთმა რუსეთის საფრთხესა და არაპროგნოზირებულობას?

- ამ საკითხში დასავლეთში აზრთა სხვადასხვაობაა. ამ კითხვაზე პასუხი იმის გამო არ არსებობს, რომ ჩვენ არ ვიცით, რეალურად რისი გაკეთება შეიძლება. ობამას ადმინისტრაციას ამ საკითხში აქვს თავისი მიდგომა. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ რუსეთის მიმართ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების გამო აშშ-ის მიდგომა სუსტია. ვაშინგტონში პოლიტიკური წრეების, მათ შორის თეთრი სახლის პასუხი კითხვაზე, თუ რა არის მსოფლიოში ყველაზე დიდი საფრთხე, სხვადასხვაგვარად გამოიყურება. ერთნი ამბობენ, რომ ყველაზე დიდ საშიშროებას ერაყი წარმოდგენს. მეორენი -  საფრთხე ირანია, მესამენი კი ამბობენ, რომ - რუსეთი. ანუ, აზრთა სხვადასხვაობა სულ უფრო აშკარაა.

ერთი წლის წინ, ერთმა კონგრესმენმა ხუთშაბათ დღეს განაცხადა, რომ მსოფლიოსათვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთია, პარასკევს აშშ-ის მინისტრმა კერიმ განაცხადა - არა, მსოფლიოს ყველაზე დიდი საფრთხე ისლამური სახელმწიფოა. ამის შემდეგ თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო - რუსეთი საფრთხეა აშშ-სთვის, ისლამური სახელმწიფო კი საფრთხეა ჩვენი ხალხისთვის. მე ამ ბოლო განცხადებას ვეთანხმები, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მიდგომა რუსეთის მიმართ სუსტია. ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა არა მარტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, არამედ კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტშიც. ეს, რაზეც მე ახლა ვსაუბრობ, ზედაპირზე დევს. ბევრი აცხადებს, რომ პუტინის წინააღმდეგია, მაგრამ იქვე დასძენს, რომ აშშ-ის უნდა ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და ამერიკამ აქტიურად უნდა ითანამშრომლოს რუსეთთან ერაყის, ირანისა თუ სირიის საკითხებში. ეს პოლიტიკური საკითხებია, ამ თემებით რუსეთი ცდილობს აშშ-სთან ვაჭრობას, მაგრამ ვაშინგტონი ამ თემებზე მოსკოვთან ვაჭრობას არ აპირებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთი მნიშვნელოვანი მონაწილეა ირანის შესახებ მიღებული რეზოლუციის, ახლა კი, საჭიროა რუსეთის შეჩერება.

- მაგრამ როგორ? თუ ამ თემაზე ვაშინგტონსა და აშშ-ს პოლიტიკურ ელიტაში, ევროპის წამყვან ქვეყნებს შორისაც აზრთა სხვადასხვაობაა, შესამაბისად, მოქმედების ერთიანი გეგმაც არ არსებობს...

- გახსოვთ, ალბათ, ობამას მიერ გამოცხადებული გადატვირთვის პოლიტიკა. მასზე რუსეთის რეაქცია ასეთი იყო - ობამა სუსტია. გადატვირთვის პოლიტიკა ობამასათვის არის შანსი, გააცნობიეროს ბუშის შეცდომები და, შესაბამისად, გამოასწოროს ისინი. ჩვენ კი, რუსეთს ეს გადატვირთვა საერთოდ არ გვეხება, ვინაიდან ჩვენ ისეთი შეცდომები არ დაგვიშვია, რაც პრეზიდენტმა ბუშმა დაუშვა - ანუ, რუსეთმა ვაშინგტონის მიერ გამოცხადებული გადატვირთვის პოლიტიკა ობამას სისუსტედ აღიქვა და ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა სსრკ-ს დაშლის შემდეგ შეცვლილ ევროპაზე, ყოფილ საბჭოთა სივრცეში მომხდარ ცვლილებებზე.

- ექსპერტთა უმრავლესობა იმედოვნებს, რომ ეკონომიკის ვარდნის, ინფლაციის მაღალი დონისა და ეკონომიკური პრობლემების გამო რუსეთი მიიღებს იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომელიც სერიოზულ კორექტივებს შეიტანდა კრემლის საგარეო პოლიტიკაში. მაგრამ ეს არ ხდება. როგორც კონფერენციაზე გამოსვლისას ცნობილმა რუსმა ექსპერტმა ლილია შევცოვამ თქვა - "პუტინი განაგრძობს თავის თვითმკვლელურ ცეკვას". მეტიც, განაგრძობს მთელი მსოფლიოს შანტაჟს თავისი ბირთვული იარაღით. თქვენი აზრით, შექმნილ ვითარებაში რუსეთში მოვლენათა განვითარების ოპტიმალური ვარიანტები სავარაუდოდ როგორი იქნებოდა როგორც რუსეთისთვის, ისე დასავლეთისთვის?

- ჩემი აზრით, რუსეთში რეჟიმის მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეცვლა.

- იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთში პოლიტიკურ ველსა და მედიას კრემლი სრულად აკონტროლებს, ეს არარეალისტურად გამოიყურება. . .

- დიახ, გეთანხმებით, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. მეორე ვარიანტია - დასავლეთის მიმართ პუტინის მიდგომების შერბილება. მაგრამ, ეგეც სათუოა, ვინაიდან 5 სექტემბერს რუსული ნაწილები უკვე სირიაში გამოჩდნენ. პირადად ჩემთვის და სხვებისთვისაც ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელი გახლდათ. სირიაში რუსეთის გააქტიურებამ მნიშვნელოვნად გაზარდა უკრაინისა და საქართველოს საფრთხეები. კრემლი თავის თავს არ ღალატობს და სულ უფრო აარაპროგნოზირებად ნაბიჯებს დგამს.

- როდემდე აპირებს ცივილიზებული სამყარო იმის შორიდან ცქერას, რომ ”გზააბნეულ” ფსკოვის მედესანტეებს გზა უნებლიეთ ხან დონბასში ერევათ და ხან სირიაში, დამასკოს ახლომდებარე სამხედრო ბაზის მიდამოებში? ასეთ ვითარებაში სულაც არ არის გამორიცხული, რომ ხვალ ისინი საქართველოში აღმოჩნდნენ. . .

- დიახ, ეს შესაძლებელია. ვიმეორებ, პუტინი ძალიან არაპროგნოზირებადია. მიუხედავად იმისა, რომ ახლა დასავლეთთან შედარებით საკმაოდ სუსტ პოზიციაშია, ტაქტიკურად ძალიან ეფექტურად მოქმედებს. სწრაფად და იმგვარად წყვეტს საკითხებს, რომ მისი სვლები დასავლეთისთვის სიურპრიზია. ჩემი აზრით, ახლა უკრაინაში სამხედრო მოქმედებები არ განახლდება და საომარ მოქმედებათა ზონაც არ გაფართოვდება. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ რუსეთს უკრაინაში დაწყებული სამხედრო ოპერაცია ისედაც საკმაოდ ძვირი უჯდება. ანუ, ამისათვის საკმაოდ ძვირს იხდის. უნდა ითქვას, რომ რუსეთში არმიის რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს, მაგრამ ის ჯერ ნატო არაა. რუსებს აქვთ მარიუპოლის აღების შანსი, მაგრამ ეს არ ხდება. რატომ? იმიტომ, რომ მას ახლა დიპლომატიური ტაქტიკით მოქმედება ურჩევნია. მაგალითად, მინსკი-2-ის შეთანხმების რეალიზაციაზე ზრუნვა. მან იცის, რომ ამ პროცესში ჩართული საფრანგეთი, რომელიც მოლაპარაკებებში მონაწილეობს და იგივე იტალია, რომელიც უკრაინას სამხედრო პოტენციალის გაზრდაში ეხმარება, სუსტი ქვეყნები არიან და ეს აძლევს მას საშუალებას, ჰქონდეს იმედი, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები არ დასჭირდება. ამ შემთხვევაში ხომ კრემლი მეტს წააგებს, რადგან რუსეთს დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამკაცრება ელოდება. პუტინი ახლა იმდენად არაპროგნოზირებად ნაბიჯებს დგამს, რომ არ გამოვრიცხავ, ამავე შემოდგომაზე მან ფსკოველი მედესანტეები საქართველოში გაგზავნოს.

- რუსი ექსპერტები დიდ იმედებს ამყარებენ პუტინის ვიზიტზე ნიუ-იორკში. მათი აზრით, აშშ-ში ყოფნისას პუტინ-ობამას შეხვედრაზე ყველაფერი გაირკვევა და დალაგდება. როგორც კი პუტინის ნიუ-იორკში სავარაუდი ვიზიტის შესახებ მინისტრმა ლავროვმა განაცხადა და დასძინა, რომ კრემლი მზადაა, აშშ-სთან ორმხრივი დიალოგის გასამართად, რამდენიმე საათში თეთრი სახლის პასუხი ამგვარი იყო - რუსეთის პრეზიდენტის აშშ-ში ყოფნისას, პრეზიდენტ პუტინთან ორმხრივი მოლაპარაკებები ვაშინგტონს დაგეგმილი არ აქვს და არც გეგმავს. ჩვენი საუბრის დასაწყისში თქვენ ბრძანეთ, რომ თეთრი სახლის პოზიცია რუსეთის მიმართ სუსტი და ბევრი თვალსაზრისით გაუგებარია. ამერიკული პასუხი კრემლის წინადადებაზე იმპულსური გახლდათ, თუ უკვე გარკვეულწილად ჩამოყალიბებული პოლიტიკის გაგრძელება?

- ალბათ, არ გამოგრჩებოდათ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გაერო-ს საიუბილეო ასამბლეაზე ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა პუტინის ახლო გარემოცვიდან რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე მატვიენკომ. ჩემი აზრით, ეს პუტინის ნიუ იორკში ვიზიტის წინ კრემლის მხრიდან ნიადაგის მოსინჯვა იყო. თუმცა, მართალია, შემდეგ მათვე უარყვეს მატვიენკოს ნიუო-იორკში გამგზავრების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. ვითარებაში, რომ რუსეთს დაწესებული აქვს ეკონომიკური სანქციები უკრაინაში მისი მოქმედებების გამო, ობამას არ სურს პუტინთან შეხვედრა. პუტინი თავის თავს მსოფლიო პოლიტიკაში მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევს და შესაბამისად სურს, ჰქონდეს შეხვედრები მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებთან. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო პუტინისთვის, არამედ კრემლისათვის, ვინაიდან ეს იქნებოდა აღიარება, რომ რუსეთი ზესახელმწიფოა და მსოფლიო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მაგრამ, როცა ობამა ამბობს - პუტინს არ შევხდები, ეს პირადად პუტინის საერთაშორისო რეპუტაციაზე სერიოზული დარტყმა გახლავთ. როცა თვის ბოლოს პუტინი ნიუ-იორკში გაეროს ასამბლეაზე იქნება, არ გამოვრიცხავ, რომ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები გაეროს შტაბ-ბინის კორიდორებში ერთმანეთს მართლაც შეხვდნენ, მაგრამ ეს იქნება შემთხვევითი და არა - ორ პრეზიდენტს შორის ოფიციალური შეხვედრა, რომელზეც მხარეები როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს განიხილავენ და რაღაცაზე შეთანხმდებიან.

ობამა-პუტინის შეხვედრას მაინც არ გამოვრიცხავ, მაგრამ ეს ალბათ იქნება მოგვიანებით და არა ნიუ იორკში და დაუკავშირდება უკრაინასთან დაკავშირებით დაწყებულ დისკუსიას. ნიუ იორკში პუტინთან შეხვედრაზე ობამას უარი რუსეთთან მიმართებაში აშშ-ს არსენალში დარჩენილი ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობაა. ასე რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პუტინი ნიუ-იორკში გენასაბლეის სხდომაზე ჩავა, ობამა-პუტინის მოლაპარაკებები მაინც არ შედგება.

- პუტინს არაერთხელ განუცხადებია, რომ რუსეთის დასავლეთთან დაპირისპირება უკავშირდება კრემლის სურვილს, პოსტსაბჭოთა სივრცეზე აღადგინოს რუსეთის გავლენა, მაგრამ ცხადია, რომ ამ ეტაპზე პუტინის ამოცანაა, როგორმე უარი ათქმევინოს დასავლეთს რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებზე. რამდენად დიდია ალბათობა, რომ დასავლეთმა ერთ მშვენიერ დღეს ხელი ჩაიქნიოს მოლდოვაზე, უკრაინაზე, საქართველოზე და ისინი რუსეთის ღია თუ ფარული აგრესიის წინაშე ერთ-ერთზე დარჩნენ?

- ვაშინგტონის პრობლემა ისაა, რომ მოსკოვში აშშ-ზე საათში ერთხელ მაინც ფიქრობენ, ეს მაშინ, როცა ვაშინგტონში რუსეთზე ხშირად არც კი ფიქრობენ. შესაძლოა, ჩვენი შეცდომა ის იყოს, რომ ჩვენ პუტინს ხანდახან ვაიგნორირებთ. ამას ვაშინგტონი ყოველთვის სპეციალურად კი არ აკეთებს, უბრალოდ ვაშინგტონს თავისი საკმაოდ გადატვირთული დღის წესრიგი აქვს, პუტინი კი მუდმივად ცდილობს, ჩვენ რუსეთის და თავისი პრობლემები თავს მოგვახვიოს. თეთრი სახლის დღის წესრიგი საკმაოდ დიდი, დატვირთული და რთულია. ამერიკა ცდილობს, მის წინაშე არსებულ გამოწვევებს შესაბამისად, გააზრებულად და პასუხისმგებლობით უპასუხოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვაშინგტონი ყველა დაინტერესებულ მხარეებს შორის კონსენსუსის მოძებნას ცდილობს. რუსეთს კი კომპრომისების ძიებაზე უარი აქვს ნათქვამი. პუტინი მიჩვეულია, მაგიდაზე ხელის ბრახუნით აკეთოს საქმე. პუტინს მაგიდაზე ხელის ბრახუნით რუსეთის შიდა პოლიტიკის მართვა შეუძლია, ვინაიდან კრემლში გადაწყვეტილებებს იგი ერთპიროვნულად იღებს, მაგრამ დასავლური სამყარო ინსტიტუტებით იმართება.

- და მაინც, თუ მოსკოვმა გააგრძელა სამხედრო მოქმედებების წარმოება უკრაინაში და საქართველოს მიმართულებითაც გააქტიურდა, ასეთ შემთხვევაში როგორი იქნება ვაშინგტონის რეაქცია?

- შარშან, როცა უკრაინაში კრიზისი დაიწყო, ვაშინგტონისა და დასავლეთის რეაქციამ დააგვიანა, არ იყო მყისიერი და ადეკვატური. დღეს რუსული აგრესიის შესაჩერებლად ობამა ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ საკმაოდ ბევრს აკეთებს. თუ დღეს საქართველოში, უკრაინისა და სირიის მსგავსად რუსი მედესანტეები, გამოჩდნენ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება. რა თქმა უნდა, აშშ დაიცავს საქართველოს. მაგრამ, პრობლემა ისაა, რომ თუ რუსი მედესანტეები საქართველოში ხვალ გამოჩდნენ, სანქციები ერთი თვის შემდეგ ამოქმედდება. ჩემი აზრით, ეს პრობლემაა, ვინაიდან აქ ძალთა ბალანსი უნდა არსებობდეს. კრიზისი, რომელიც რუსეთმა უკრაინაში შექმნა, ჩვენც ბევრი რამ გვასწავლა. სამწუხაროდ, ამერიკაში არიან ექსპერტები, რომლებიც ვერ ერკვევიან იმაში, თუ რა ხდება უკრაინაში და რას წარმოადგენს უკრაინა.

- ვინც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ინტერესით ადევნებს თვალს, აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ევროპას, მსოფლიოს და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს ექსტრაარაორდინალურ ვითარებაში უწევთ ცხოვრება. ასეთ ურთულეს ვითარებაში რა რეკომენდეციებს მისცემდით თქვენ საქართველოს ხელისუფლებას?

- ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ეცადოს, ჰქონდეს ნამდვილი დემოკრატია. ამერიკის დემოკრატიასაც აქვს ნაკლი და ხარვეზები, მაგრამ უნდა ეცადოთ, რომ თქვენთან რაც შეიძლება მაღალი იყოს დემოკრატიის ხარისხი. რუსეთისაგან თავის დასაცავად ყველაზე საუკეთესო საშუალება მაღალი ხარისხის დემოკრატია და დემოკატიული ინსტიტუტების გაძლერებაა. არ უნდა შეუშინდეთ იმ სიძნელეებს, რაც დემოკრატიის მშენებლობას თან ახლავს. არ მოაკლოთ ძალისხმევა კორუფციასთან და რუსული გავლენის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას.

დემოკრატიის თვალსაზრისით, საქართველო რეგიონში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, მაგრამ თქვენი ისტორიისა და ტრადიციების მქონე ხალხი კიდევ უფრო სრულყოფილ დემოკრატიას იმსახურებს. შესაბამისად, თქვენი ამოცანა უნდა იყოს ქვეყანაში ნამდვილი დემოკრატიის აშენება. დემოკრატიის მშენებლობაში თქვენი გამოცდილება კარგი მაგალითია სამხრეთ კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, უკრაინისთვის. აშშ მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიული საზოგადოებისა და სახელმწიფოს მშენებლობას. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ თუ საქართველოში კრიზისი წარმოიშვა, ნატო საქართველოს დაეხმარება. ჩვენ კარგად გვესმის, თუ რა რთულ ვითარებაში იმყოფება დღეს საქართველო.

კობა ბენდელიანი

"ინტერპრესნიუსი"

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს