კომპანია "თბილღვინოს" დირექტორის, ზურაბ მარგველაშვილის შეფასებით, შარშან ყურძენზე ფასის გაზრდამ ღვინის გასაყიდი ფასის გაზრდა გამოიწვია.
როგორც მარგველაშვილმა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა.
"ჩვენ რომ გლეხზე ვზრუნავთ, სახელმწიფო ვერასდროს იზრუნებს ისე, რადგან ფულს ჩვენ ვუხდით. გამოსავალი რაშია? - გამოსავალი არის ერთადერთი. ეს გახლავთ მსოფლიო პრაქტიკა და ვერც კახელები, ვერც იმერლები და ვერც თბილისელები, მით უმეტეს, პოლიტიკოსების ჩარევით, ამას ვერ შევცვლით – გლეხმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ გაზარდოს მაღალხარისხოვანი ვენახის მასა, გაზარდოს მოსავლიანობა. მან უკვე წელს უნდა იცოდეს 2016 წელს, 2017 და 2018 წელს რა ეღირება მისი 1 კილოგრამი ყურძენი, მიდიოდეს ღვინის კომპანიებთან და გრძელვადიან ურთიერთობაზე ზრუნავდეს, ისე როგორც ღვინის კომპანიები ზრუნავდნენ გლეხებთან გრძელვადიან ურთიერთობაზე. ეს აუცილებელია, რომ ყურძნის ფასი იყოს სტაბილური, ხარისხი კი მაღალი. ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ ვაწარმოოთ მაღალხარისხიანი ღვინო სტაბილურ ფასად.
ქართული ღვინო რუსეთში არის შემცირებული 58 %-ით. ჩილეს ღვინო – 20 %-ით, ესპანური ღვინო 27 %-ით, იტალიური ღვინო, რომელიც ჩვენზე ბევრად ძვირია - 34 %-ით. მიზეზი არის ერთი - ჩვენ ღვინოს აქვს შეუდარებლად მაღალი ფასი თავის ხარისხთან.
შარშან ყურძნის ფასი რომ გაიზარდა, ამან, რა თქმა უნდა, გამოიწვია ღვინის გასაყიდი ფასის გაზრდა, ამან კი რუსეთში ექსპორტის შემცირების პირველი ტალღა გამოიწვია. ასე რომ, ამას სახელმწიფო ვერაფერს უზამს. ეს გლეხების და ღვინის კომპანიების მანკიერი და არასწორი ურთიერთობის ბრალია", - განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა. მისივე შეფასებით, სუბსიდირება არის ძალიან ცუდი ფორმა, რომელიც წინა ხელისუფლებიდან მომდინარეობს.