საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს პასპორტი 100 ლარის ნაცვლად 70 ლარი ეღირება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სახლიდან აცნობეს, აქციით სარგებლობა 18 წელს მიღწეულ, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია.
მათივე ინფორმაციით, 10 წლიანი მოქმედების ვადის მქონე ბიომეტრული პასპორტის გაცემის საფასური აქციის პერიოდში 70 ლარი იქნება და განაცხადის მიღებიდან მეათე სამუშაო დღეს გაიცემა.
უსტიციის სახლის ინფორმაციით, აქციის მიზანია, საქართველოს მეტმა მოქალაქემ ისარგებლოს გაუყალბებელი ეროვნული სამგზავრო დოკუმენტით. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებისას, მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტის მქონე მოქალაქეებს შეეძლებათ, შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მგზავრობა.
გარდა ამისა, გაუყალბებელი, უსაფრთხო დოკუმენტების გაცემა, მონაცემთა ბაზების დახვეწას და საარჩევნო სიების სრულყოფას უწყობს ხელს, რაც იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, პერმანენტულად ცხადდება სხვადასხვა აქციები, რომლის დროსაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობები საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოდ გაიცემა.
დღეისათავის უკვე 2 362 110 მოქალაქე სარგებლობს გაყალბებისგან დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებით.
მიმდინარე აქციის პირობები არ გავრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად ისედაც სარგებლობენ კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით. ასაეთ კატეგორიას განეკუთვნებიან მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები, რომელთათვისაც პასპორტი გაიცემა უფასოდ. ასევე აღნიშნულ კატეგორიას განეკუთვნებიან და პასპორტის ღირებულება შეადგენს 50 ლარს: ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა (თუ მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია) და არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქებისთვის.
პასპორტის მისაღებად, მოქალაქეს განაცხადის ჩაბარება შეუძლია იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ექსპრესს საზოგადოებრივ ცენტრებში. პასპორტისათვის საჭირო ბიომეტრიული ფოტოსურათის ღირებულება შეადგენს 3 ლარს.
აღსანიშნავია, რომ აქციის პირობებით სარგებლობის შემთხვევაში, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გარდა, მოქალაქეს გაუუქმდება ადრე გაცემული ყველა სხვა მოქმედი პასპორტი. შეღავათი არ ვრცელდება მეორე და მომდევნო აქტიური პასპორტის გაცემაზეც, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტის საფასური 50 ლარს შეადგენს.