საკონსტიტუციო სასამართლო როგორც მეოთხე ხელისუფლება (?): რისკები და გამოწვევები

საზოგადოებაში საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებამ საქმეზე „გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

კონსტიტუციური მართლმსაჯულების პრაქტიკაში პოლიტიკისა და სამართლის მიმართება ყოველთვის იყო მწვავე დისკუსიის საგანი. რამდენად არის დისტანცირებული პოლიტიკისაგან საკონსტიტუციო სასამართლო? რამდენად არის ჩართული საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკაში? შესაძლებელია, თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს მთელი საქმიანობა ამოიწუროს წმინდა სამართლებრივი კატეგორიებით? რამდენად იძლევა მოსამართლის გადაწყვეტილება რაციონალური გადამოწმების შესაძლებლობას? რა გარანტიაა, რომ მოსამართლეებიც უერთგულებენ კონსტიტუციას და ბოროტად არ გამოიყენებენ ძალაუფლებას? რამდენად დიდია პოლიტიკის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტრუმენტალიზაციის რისკები და როგორია მათი განეიტრალების მექანიზმები? ეს არის საკითხთა ის არასრული ჩამონათვალი, რომელიც აქტუალურია სასამართლოს ამ კონკრეტული გადაწყვეტილებისგან დამოუკიდებლად და რომელთა შესახებაც, ვფიქრობთ, რომ დროულია წარიმართოს აქტიური საზოგადოებრივი და სამეცნიერო დისკუსია.

I. კონსტიტუციის განმარტება

კონსტიტუციის ინტერპრეტაციის პროცესში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრივილეგირებული მდგომარეობა უკავია. კონსტიტუციური მართლმსაჯულების გარეშე შეუძლებელია კონსტიტუციის გაგება. ამას ადასტურებს სტატისტიკაც. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში (9 მოსამართლე) 1996 წლიდან დღემდე შემოსულია დაახლოებით 700-მდე საკონსტიტუციო სარჩელი და წარდგინება. დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების პარალელურად აუცილებლად გაიზრდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველი საქმეების რიცხვიც და ამ ტენდენციას მხოლოდ უნდა მივესალმოთ (შედარებისათვის: გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო (16 მოსამართლე და 50 მეცნიერ-თანამშრომელი) წელიწადში დაახლოებით 5 800 შემთხვევას განიხილავს).

კონსტიტუციის განმარტება არსებითად განსხვავდება იმ განმარტებისაგან, რომელსაც ახორციელებენ საერთო სასამართლოს მოსამართლეები. ამ განსხვავებას განაპირობებს კონსტიტუციის ტექსტის იურიდიული თავისებურებები.

საერთო სასამართლოების მოსამართლე დედუქციის გზით ახორციელებს ნორმის კონკრეტიზაციას და წყვეტს კონკრეტულ შემთხვევას. განმარტების პროცესში საერთო სასამართლოს მოსამართლეს გაცილებით შეზღუდული აქვს თავისუფალი მოქმედების არეალი, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს. განმარტების გზით საერთო სასამართლოს მოსამართლემ ნორმის ტექსტში უნდა „იპოვოს“ გადაწყვეტილება, რაც უკვე მიიღო კანონმდებელმა.

რამდენადმე განსხვავებულია კონსტიტუციის ინტერპრეტაცია. კონსტიტუციის ნორმის განმარტება არ ნიშნავს ნორმიდან მხოლოდ იმის დედუქციას, რაც უკვე გადაწყვიტა კანონმდებელმა. კონსტიტუციური ნორმების კონკრეტიზაციისას სასამართლო წყვეტს იმას, რაც ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი (kilmanseg). კონსტიტუციური ნორმების განმარტება ვერ განხორციელდება მხოლოდ რაციონალურ-ლოგიკური ოპერაციებით, რამდენადაც ისინი ადგენენ არა მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ქცევის წესს, არამედ განსაზღვრავენ იმ ფუძემდებლურ პრინციპებს, რომლის შესაბამისადაც უნდა მოწესრიგდეს უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ურთიერთობები.

კონსტიტუციის თითოეული ნორმა, არსებითად, სამართლის ზოგადი პრინციპია, რომელიც იძლევა მათი შინაარსის მუდმივი განახლების შესაძლებლობას. კონტიტუციის ინტერპრეტაციის საბოლოო ინსტანცია კი არის საკონსტიტუციო სასამართლო. კონსტიტუციის უზენაესობა ინსტიტუციურად გარანტირებულია სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაიცვას სამართლის უზენაესობა და დემოკრატიული წესრიგი ნებისმიერი ხელყოფისაგან, მათ შორის (ხალხის) უმრავლესობის მხრიდანაც.

ვუდროფ ვილსონი (რომელიც პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი იყო, სანამ ამერიკის პრეზიდენტი გახდებოდა) წერდა, რომ ამერიკის უზენაესი სასამართლო არის მუდმივი (განგრძობადი) საკონსტიტუციო დამფუძნებელი კრება. საკონსტიტუციო სასამართლო ფორმალურად ვერ შეცვლის კონსტიტუციას, მაგრამ განმარტების გზით შეუძლია მისი შინაარსის კორექტირება. მაგრამ, სად გადის საზღვარი ნორმის ინტერპრეტაციასა და კანონშემოქმედებას შორის?

II. არის საკონსტიტუციო სასამართლო მეოთხე ხელისუფლება?

სამართლებრივად, საკონსტიტუციო სასამართლო არის არა დამოუკიდებელი ხელისუფლება, არამედ სასამართლო ხელისუფლების ნაწილი. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა (მ. 83.პ.1.). საკონსტიტუციო სასამართლო ორგანიზაციულ-სამართლებრივი სახით ფორმირებულია როგორც სასამართლო და ასევე სამართლებრივი პროცედურებით ღებულობს გადაწყვეტილებებს.

ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს ადგილი კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემაში განსხვავებულია, ვიდრე სასამართლო ხელისუფლებისა. ასევე განსხვავებულია ურთიერთობა კონსტიტუციასა და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის.

საკანონმდებლო ხელისუფლების ინტერვენციის შესაძლებლობები გაცილებით შეზღუდულია საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში. და ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპული მოთხოვნა. ორასწლოვანი ისტორიის მანძილზე აშშ-ის საკანონმდებლო ორგანომ მხოლოდ 4-ჯერ შეძლო კონსტიტუციაში მიზანმიმართული ცვლილებების შეტანით „მოეგო“ უზენაესი სასამართლოსთვის (რომელიც აშშ-ში კონსტიტუციის განმარტებასაც ახორციელებს).

საკონსტიტუციო სასამართლო არ მიეკუთვნება კლასიკურ სასამართლო ხელისუფლებას. საკონსტიტუციო სასამართლო არ ახორციელებს მართლმსაჯულებას (მ. 83.. პ.2.) საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ბოჭავს ხელისუფლების ყველა შტოს, მათ შორის კანონმდებელსაც. შეიძლება ითქვას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო sui generis არის მეოთხე ხელისუფლება.

III. კონსტიტუციური მიზანია „სამართლებრივი სახელმწიფო“ და არა „მოსამართლეების სახელმწიფო“

მოსამართლე არის სამართლის შემფარდებელი, და არა სამართლის შემომქმედი. სამართალშემოქმედება პოლიტიკური ფუნქციაა. მოსამართლემ არ უნდა წარმოიდგინოს საკუთარი თავი კანონშემოქმედისა და, შესაბამისად, პოლიტიკოსის როლში. ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, როგორც დემოკრატიის ქვაკუთხედი, მოითხოვს, რომ შეუძლებელია ერთი და იმავე შტო ახორციელებდეს კანონშემოქმედებასა და კანონის შეფარდებას. სამართლებრივ სახელმწიფოში ყველა ხელისუფლება შებოჭილია სამართლით. საკონსტიტუციო სასამართლოც შებოჭილია კონსტიტუციით. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაცდება კონსტიტუციის ფარგლებს და ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკური მიზანშეწონილების ან სხვა, არასამართლებრივი მასშტაბების მიხედვით.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ამოწმებს, თუ როგორ იცავენ კონსტიტუციას პოლიტიკური პროცესის მონაწილე სუბიექტები. მაგრამ, ვინ უნდა გადაამოწმოს, რამდენად არის თვითონ მოსამართლე კონსტიტუციის ერთგული? როგორც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე აღნიშნავდა, „ჩვენც, როგორც მოსამართლეები, შებოჭილი ვართ კონსტიტუციით. მაგრამ, თუ რა წერია კონსტიტუციაში, ამას განვსაზღვრავთ ჩვენ (მოსამართლეები)“.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოა, რამდენად საკმარისია მისი ლეგიტიმაციის ხარისხი? თუ საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების შტოა თუნდაც sui generis, ვინ უნდა გააკონტროლოს და დააბალანსოს მისი ძალაუფლება? და საერთოდ რამდენად გამართლებულია კონსტიტუციის დამდგენი ძალაუფლების ნაწილზე პრეტენზია ჰქონდეს სასამართლოს, რომელიც საერთოდ არ მონაწილეობს პოლიტიკური ნების ფორმირების პროცესში?

საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ არ მოქმედებს სამართლებრივი შებოჭვის სხვა მექანიზმი, გარდა თვითშებოჭვისა. საკონსტიტუციო სასამართლოს თვითშებოჭვის ინსტიტუციონალური მექანიზმის არარსებობის პირობებში კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოსამართლის პიროვნებას და მოსამართლედ გამწესების პროცედურების დახვეწას, რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლეთა შერჩევას მაღალი სტანდარტის პროფესიული და პიროვნული კრიტერიუმების საფუძველზე.

IV. პოლიტიკის იურიდიზაცია და სამართლის პოლიტიზაცია

სამართალი და პოლიტიკა არ არიან ერთმანეთთან ჰარმონიულ ურთიერთობაში. ამავე დროს, სამართალი და პოლიტიკა არ გამორიცხავს ერთმანეთს. სამართალი ვერ იქნება პოლიტიკურად სტერილური. სამართალი ყალიბდება საკანონმდებლო ორგანოში, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიის ჯგუფებია წარმოდგენილი. სამართალი ვერ ჩამოყალიბდება პოლიტიკისაგან თავისუფალ სივრცეში. თავის მხრივ, პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს სამართლებრივ ჩარჩოებში და სამართლის ნორმით დადგენილი თამაშის წესებით.

ერთ-ერთი, დღემდე ყველაზე პოპულარული განმარტების მიხედვით, პოლიტიკას განსაზღვრავს „მტრის“ კრიტერიუმი (კარლ შმიტი). პოლიტიკა ესწრაფვის ფრონტის მკაფიო ხაზი გაავლოს მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის. ეს მიდგომა შორს დგას მორალისა და ესთეტიკის პრინციპებისაგან. პოლიტიკაში არ არსებობს „თავისუფალი“ ადგილი. პოლიტიკაში ადგილის მოპოვება ყოველთვის ხდება „სხვების“ ხარჯზე. ამიტომ ახასიათებს პოლიტიკურ კონკურენციას დაუნდობლობა. პოლიტიკური პროცესის მონაწილეებს ამოძრავებთ დაუოკებელი სურვილი, თავიანთი მოწინააღმდეგე დაამარცხონ ან განდევნონ პოლიტიკური ველიდან.

გაცილებით კომფორტულ სიტუაციაშია საკონსტიტუციო სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს არ უწევს ბრძოლა ადგილის დამკვიდრებისათვის. სასამართლოში პოლიტიკურ ძალებს შორის კონფლიქტის განხილვა სრულდება რომელიმე მხარის წაგებით და დამარცხებით. საკონსტიტუციო სასამართლო, პირიქით, უფრო ძლიერდება ამ კონფლიქტზე მიღებული გადაწყვეტილებით. საკონსტიტუციო სასამართლო ყოველთვის „გამარჯვებულია“- მისთვის ნაკლებმნიშვნელოვანია დამარცხების რისკი.

უნდა გავითვალისწინოთ სიმბოლოების ზეგავლენაც. პოლიტიკური ბრძოლა, მისთვის დამახასიათებელი აგრესიულობის და ბევრი სხვა ფაქტორის გავლენით, საკმაოდ არასიმპათიურად გამოიყურება საზოგადოების თვალში. სხვა სიტუაციაა საკონსტიტუციო სასამართლოს შემთხვევაში. სასამართლო გადაწყვეტილების მიღების თეატრალიზებული, ინსცენირებული პროცედურა აძლიერებს სასამართლოს ავტორიტეტს. განსაკუთრებულ აურას ქმნის სპეციალურ მანტიაში გამოწყობილ მოსამართლეთა მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებაც. პოლიტიკისაგან დისტანცირებულ პოზაში ყოფნაც საკონსტიტუციო სასამართლოს სასარგებლოდ მოქმედებს.

V. სამართალი და პოლიტიკა კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში

საკონსტიტუციო სასამართლო ვერ აცდება კონფლიქტს პოლიტიკასთან. კონფლიქტი პოლიტიკასთან წინასწარ არის პროგრამირებული, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები, დემოკრატიის და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო ცდილობს პოლიტიკის მოქცევას სამართლებრივ ჩარჩოებში, ესეც უკვე ნიშნავს კონფლიქტს პოლიტიკასთან.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შეუძლია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს პოლიტიკური ინსტიტუტის ავტორიტეტი ან დაარღვიოს ხელისუფლებათა შორის ბალანსიც (თუ სასამართლო ინსტრუმენტალიზირებული იქნება რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მიერ).

ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განსხვავდება პოლიტიკისაგან. პოლიტიკა ყოველთვის აქტიურია. სასამართლო, პირიქით, რე-აქტიური. სასამართლოს შეუძლია მხოლოდ რეაქცია უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებზე და მათი გადამოწმება კონსტიტუციასთან მიმართებაში. პოლიტიკის არსი, პირიქით, ახლის შექმნაშია. სასამართლო განხილვის ფარგლები ზღვარდადებულია სარჩელით, პოლიტიკამ კი არ იცის ასეთი საზღვრები. საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარი ინიციატივით ვერ დაიწყებს საქმის განხილვას- სასამართლოს არ აქვს ინიციატივის უფლება. პოლიტიკაში, პირიქით- ინიციატივა ყოველთვის მომგებიანია.

პოლიტიკას აუცილებლად ჭირდება თავისუფალი მოქმედების არეალი. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ეს გარემოება და პოლიტიკური პროცესის მონაწილეებს უნდა დაუტოვოს სივრცე თავისუფალი მოქმედებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეიძლება ერთგვარი პოლიტიკური ბლოკადის სახეც კი მიიღოს.

პოლიტიკოსს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს გაითვალისწინოს გადაწყვეტილების თანმდევი ეფექტებიც. მოსამართლის თვალსაწიერი ობიექტურად შეზღუდულია სარჩელით. გარდა ამისა, იურისტებს არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია იმისათვის, რომ შეაფასონ გადაწყვეტილების პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა შედეგები. პოლიტიკოსს შეუძლია მის მიერ მიღებული არასწორი გადაწყვეტილების კორექტირებაც. ამის შესაძლებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს არ აქვს.

პოლიტიკა არის საჯარო დისკურსი. პოლიტიკა არ ესწრაფვის სწორი ან მცდარი გადაწყვეტილების მიღებას- პოლიტიკა ესწრაფვის უმრავლესობის მოპოვებას. პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესზე დიდია სხვადასხვა ინტერესეთა ჯგუფების, კონიუნქტურის გავლენა. პოლიტიკა ხშირად არის ორიენტირებული კონსენსუსზე. ამიტომ არის პოლიტიკა ირაციონალური. პოლიტიკურ პროცესში გადაწყვეტილებებს ღებულობენ არა წინასწარ მოქმედი პრინციპების საფუძველზე, არამედ, როგორც წესი, პოლიტიკურ ძალებს შორის არსებული ბალანსის და ვიწრო-პარტიული ინტერესების გათვალისწინებით.

საკონსტიტუციო სასამართლომ პირიქით, საკითხი უნდა განიხილოს წინასწარ დადგენილი კონსტიტუციური პრინციპების საფუძველზე, არგუმენტირებულად და მიიღოს რაციონალური გადაწყვეტილება. სასამართლოს გადაწყვეტილებაში გადამწყვეტია არა ინტერესები, არამედ ლოგიკის წესები. სწორია სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომელიც უფრო არგუმენტირებულად არის დასაბუთებული. ამავე დროს, სასამართლო გადაწყვეტილება ვერ დაეფუძნება ლოგიკის მხოლოდ წმინდა ფორმალურ წესებს. საკონსტიტუციო სასამართლო ყოველთვის მოიცავს შეფასების ელემენტს. „შემოქმედებითი“ მომენტი საკონსტიტუციო სასამართლოში უფრო ძლიერად არის წარმოდგენილი, ვიდრე საერთო სასამართლოებში და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შესაძლებელია კანონშემოქმედების ზღვარზეც კი გადიოდეს. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის სამართლებრივი, და არა პოლიტიკური აქტი. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ შეაფასებს კანონის პოლიტიკურ მიზანშეწონილებას. სასამართლო არ არკვევს, არის თუ არა კანონმდებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიზანშეწონილი ან სწორი. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გააკონტროლოს მხოლოდ კონსტიტუციასთან ნორმის შესაბამისობის საკითხი.

VI. განვითარების სავარაუდო ტენდენციები

უნდა ვივარაუდოთ, რომ კონფლიქტი საკონსტიტუციო სასამართლოსა და ხელისუფლების სხვა შტოებს შორის მომავალში უფრო გახშირდება.

1. საზოგადოება დინამიურად ვითარდება. სწრაფად იცვლება საზოგადოების სოციალური და მორალური შეხედულებებიც. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო იზრდება სხვაობა იმ სიტუაციასთან, როდესაც მიღებული იყო კონსტიტუცია. შესაბამისად, გაიზრდება კონსტიტუციის ნორმების ინტერპრეტაციის აუცილებლობა და საკონსტიტუციო სასამართლოს როლი.

2. კონფლიქტი ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს, მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის, ასევე პოლიტიკური პროცესის მონაწილეებს შორის რაოდენობრივადაც გაიზრდება. ამ პროცესში განმტკიცდება საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც ნეიტრალური არბიტრის როლი და მნიშვნელობა.

3. საკონსტიტუციო სასამართლო მიზანმიმართულად იმუშავებს საკუთარი ხელისუფლების განმტკიცებაზე და პერიოდულად მოსინჯავს ძალებს როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ამ კონფლიქტს, სავარაუდოდ, არ ექნება პერმანენტული ხასიათი, არამედ განხორციელდება გარკვეული ფაზების სახით. მშვიდობიან „თანაარსებობას“ გარკვეული პერიოდულობით მოჰყვება კონფლიქტური სიტუაცია. თუ საკონსტიტუციო სასამართლო მოახერხებს პოლიტიკურად ნეიტრალური ინსტიტუტის იმიჯის შექმნას, მას აქვს დიდი შანსი, რომ ყოველთვის მოგებული გამოვიდეს ამ კონფლიქტიდან.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს სასარგებლოდ იმუშავებს ის გარემოებაც, რომ საზოგადოებაში სამართლის მიმართ ნდობა ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ.

5. საკონსტიტუციო სასამართლო, სავარაუდოდ, იმუშავებს საზოგადოებრივ აზრზე, იურისტების წრეზე და საზოგადოების სხვა სექტორზეც, რომ გაამყაროს საკუთარი ავტორიტეტი. ამ პროცესში სასამართლოს აუცილებლად გამოუჩნდება ბუნებრივი მოკავშირეები (იურისტთა პროფესიული ჯგუფი სოლიდარული იქნება სასამართლოს მიმართ. ასევე, პოლიტიკური ოპოზიციის მხრიდან ექნება მას დიდი მხარდაჭერა).

VII. რისკები

საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტი თავისთავად არ ჩამოყალიბდება- ეს ავტორიტეტი სასამართლომ უნდა მოიპოვოს. ყველაზე დიდი საფრთხე, რაც შეიძლება დადგეს ამ ავტორიტეტისათვის, მომდინარეობს არა ხელისუფლების სხვა შტოებიდან, არამედ თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოდან.

პირველ რიგში, საკონსტიტუციო სასამართლოს არ უნდა გაუჩნდეს იმის ამბიცია, რომ განაცხადოს: „კონსტიტუცია ეს მე ვარ“ ან „საბოლოო სიტყვა ჩვენზეა“. ამ განწყობის დამკვიდრება იქნება გამოუსწორებელი დარტყმა სასამართლოს ავტორიტეტისათვის და, საერთოდ, სახელმწიფოსათვის.

საკონსტიტუციო სასამართლო ყოველთვის უნდა დარჩეს კონსტიტუციის ფარგლებში. საკონსტიტუციო სასამართლო უნდა მეურვეობდეს კონსტიტუციას, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს პოლიტიკურად მგრძნობიარე თემებს და არ ჩაერთოს პოლიტიკურ დისკუსიაში. თუ საკონსტიტუციო სასამართლო ვერ შეძლებს პოლიტიკურად მიუმხრობელი ინსტიტუტის იმიჯის დამკვიდრებას, მისი ავტორიტეტი განწირული იქნება მარცხისათვის.

საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს პოლიტიკური პროცესის კონფლიქტებისაგან გაწმენდა და არა ახალი კონფლიქტის პროვოცირება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს სასამართლოს საქმიანობა ლეგიტიმური.

საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს პოლიტიკური პროცესის ღია, საჯარო, პლურალისტული და კონკურენტული ხასიათი. მაგრამ, სასამართლო არცერთ შემთხვევაში არ არის უფლებამოსილი, რომ ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკური პროცესის შედეგზე.

VIII. საზოგადოების ნდობა

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დიდი ნდობით ვერ დაიკვეხნის. ცალკეული გამოკითხვის შედეგებით, საზოგადოება უფრო მეტად ენდობა ჯარსა და პოლიციას, ვიდრე სასამართლოს.

როგორ შეიძლება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განამტკიცოს საზოგადოებრივი ნდობა?

საკონსტიტუციო სასამართლოს არ უნდა ჰქონდეს არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღების შიში. ცალკეული არაპოპულარული გადაწყვეტილება ვერ შეარყევს სასამართლოს მიმართ არსებულ ნდობას. ამავე დროს, ეს რისკი დიდია, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ კიდევ არ აქვს მოპოვებული საზოგადოების ნდობის საკმარისი კაპიტალი.

საკონსტიტუციო სასამართლოს უწევს გადაწყვეტილებების მიღება ისეთ საკითხებზე, რომლის მიმართ საზოგადოებრივი აზრი განსაკუთრებით მგრძნობიარეა. საზოგადოების „ნერვს“ ყოველთვის შეეხება, მაგალითად მორალის, რელიგიის თემები. ასეთ სადავო თემებზე სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა კონფლიქტში მოვიდეს საზოგადოების უმრავლესობის მორალურ ან რელიგიურ შეხედულებებთან.

საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტისათვის ყველაზე დიდი გამოცდა არის პოლიტიკური ნეიტრალურობა. საზოგადოების ნდობით შეიძლება სარგებლობდეს მხოლოდ ნეიტრალური არბიტრის როლში მყოფი სასამართლო, რომელიც მაქსიმალურად დისტანცირებულია პოლიტიკისაგან და დაცულია პარტიულ-პოლიტიკური გავლენებისაგან. თუ სასამართლო არ იქნება ნეიტრალური, კონფლიქტი არამცთუ გადაწყდება, არამედ შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს. კონფლიქტი გახანგრძლივდება კიდეც, თუ საკონსტიტუციო სასამართლო განიხილება როგორც „ოპოზიციის სასამართლო“, ან როგორც საპარლამენტო უმრავლესობის „გაგრძელება“.

საზოგადოების ნდობის მოპოვება საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ასოცირდება სამართლიანობასთან, კონსტიტუციაში განმტკიცებული ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულებასთან. საზოგადოებას აქვს იმედი და ლეგიტიმური მოლოდინი, რომ სასამართლო უერთგულებს და განახორციელებს ამ კონსტიტუციურ პრინციპებს.

საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია თავისი გადაწყვეტილებების იძულებით განხორციელების საშუალებებს. საკონსტიტუციო სასამართლოს სახელისუფლებო რესურსები საკმაოდ მწირია და შეზღუდული. ამ დეფიციტის შევსების ერთადერთი და, ამავე დროს, ყველაზე ქმედითი ფორმა არის სწორედ საზოგადოების ნდობა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ ნდობის ფაქტორს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თუ რამდენად არგუმენტირებული და დამაჯერებელია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

იურიდიული არგუმენტაცია არის მძლავრი იარაღი სასამართლოს ხელში. სასამართლო ფლობს მხოლოდ არგუმენტისა და დარწმუნების ძალას. შემთხვევითი არაა, რომ საზოგადოების დიდი უმრავლესობა ორიენტირებულია გადაწყვეტილების სწორედ არგუმენტაციულ ნაწილზე ისე, რომ ნაკლებად აინტერესებს შედეგი. გადაწყვეტილების შედეგი უფრო აინტერესებს საზოგადოების პოლიტიკურ ნაწილს. ამავე დროს, გადაწყვეტილება დამაჯერებელი უნდა იყოს საზოგადოების ორივე ნაწილისათვის.

საკონსტიტუციო სასამართლო არ უნდა ესწრაფვოდეს თვითიზოლაციას. სასამართლო ღია უნდა იყოს საჯარო დისკურსისა და კრიტიკისათვის. ეს ისევე აუცილებელია საკონსტიტუციო სასამართლოს განვითარებისათვის, როგორც ხელისუფლების სხვა შტოებისა და მთლიანად საზოგადოებისათვის.

აუცილებელია მუდმივი დიალოგი მედიასთან, ხელისუფლების შტოებთან, მოქალაქეებთან, სხვადასხვა პროფესიული წრეების წარმომადგენლებთან, იურისტებთან, იურიდიულ მეცნიერებასთან. ეს დიალოგი ვერ იქნება უკონფლიქტო, მაგრამ მხოლოდ კონფლიქტური დიალოგის პირობებშია შესაძლებელი ნდობის მოპოვება.

საზოგადოებასთან მუდმივი კომუნიკაცია არ ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ანგარიში უნდა გაუწიოს საზოგადოებრივ აზრს. საზოგადოებრივი აზრის რეალიზაცია არის პოლიტიკის, და არა საკონსტიტუციო სასამართლოს ამოცანა. უმრავლესობის მოსაზრებას არ აქვს რამე მნიშვნელობა სასამართლო გადაწყვეტილების არგუმენტაციის პროცესში. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს „სამართლის სუვერენიტეტი“ და არა „ხალხის სუვერენიტეტი“ (რენე მარჩიჩი).

IX. დასკვნა

საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციაა კონფლიქტის გადაწყვეტა და არა ახალი კონფლიქტის პროვოცირება ან არსებული კონფლიქტის ესკალაცია. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება იყოს პოლიტიკური მნიშვნელობის, მაგრამ სასამართლომ არ უნდა „შეაბიჯოს“ აქტიური პოლიტიკის სფეროში. ამ საზღვრის დარღვევით იწყება საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგიტიმაცია. პოლიტიკის „გაკეთების“ მანდატი აქვს მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს. საკონსტიტუციო სასამართლო არც სათადარიგო კანონმდებელია და არც „ზე-კანონმდებელი“.

პოლიტიკაში შესვლა უკვე გულისხმობს კონფლიქტის პროვოცირებას. მხოლოდ პოლიტიკისაგან დისტანცირებულ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია მოიპოვოს საზოგადოების ნდობა და განმუხტოს კონფლიქტებისაგან ისედაც დამძიმებული პოლიტიკური პროცესი.

გიორგი ხუბუა

თსუ-ის პროფესორი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართულების: „ენერგია და გეოპოლიტიკა“ სამეცნიერო ხელმძღვანელი

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის