კოალიციის განათლება ყველასათვის - საქართველო განცხადება

კოალიცია "განათლება ყველასათვის - საქართველო", რომელიც აერთიანებს განათლების სფეროში მოღვაწე 13 საზოგადეობრივ ორგანიზაციას, ეხმაურება ბოლო დროს სამოქალაქო განათლების წინააღმდეგ მიმართულ, დეზინფორმაციაზე დამყარებულ კამპანიას.

მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო განათლების როლი უმნიშვნელოვანესია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევისათვის, რომელიც, თავის მხრივ, მოიაზრებს დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი მოქალაქის აღზრდას.

საზოგადოების გარკვეული ჯგუფის მცდელობა, სამოქალაქო განათლება და მისი პრინციპები წარმოადგინონ ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ მიმართულ, გარედან თავსმოხვეულ კამპანიად არის ყველანაირ საფუძველს მოკლებული, ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოების განვითარების სწორედ ასეთი ვექტორი ჰქონდათ განსაზღვრული იაკობ გოგებაშვილს, ვაჟა ფშაველას, ილია ჭავჭავაძეს და, შესაბამისად, ასეთი ხედვა წარმოადგენს ჩვენი ერის ბუნებრივი განვითარების ლოგიკურ გაგრძელებას საბჭოური ანექსიის წყვეტის შემდეგ.

საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება, კერძოდ კი, სამოქალაქო განთლება მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა კანონის პატივისცემა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, შემწყნარებლობა, თემის პრობლემების გაზიარება, ბუნებრივი გარემოს მოფრთხილება, სოციუმთან ურთიერთდამოკიდებულება და მიმართულია აქტიური, თავისუფალი, მოქალაქისათვის აუცილებელი უნარების განვითარებაზე თანამედროვე სამყაროში წარმატებული ცხოვრებისათვის. მიგვაჩნია, რომ ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების აქტიური ჩართულობა და თანამშრომლობა ბავშვის განვითარების ადრეული ასაკიდან.

სამოქალაქო განათლების მნიშვნელობის გააზრებით და მის წინააღმდეგ წარმოებული ნეგატიური კონტექსტის გათვალისწინებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოვუწოდებთ, აქტიურად განაგრძოს სამოქალაქო განათლების განვითარება, დაამტკიცოს საგნის "მე და საზოგადოება" სტანდარტი და განახორციელოს ყველა თანმდევი აქტივობა სკოლებში მისი სწავლებისათვის. კოალიცია, თავის მხრივ, მზადაა ყველა შესაძლო საშუალებებით, მხარი დაუჭიროს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებაში.

კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველო შემავალი ორგანიზაციები:

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი

განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი

ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის

ასოციაცია სკოლა, ოჯახი, საზოგადოება

საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი

კავშირი განათლება და კეთილდღეობა

განათლების და დებატების ინსტიტუტი

მათემატიკის მასწავლებელთა ასოციაცია

Lions Quest საქართველო

PH International საქართველო

უნი.ჯი (Erasmus + ეროვნული ოფისი)

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა