ჯოკია ბოდოკია უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ქრთამის სახით აღებული თანხა ნარმანიას ძმისთვის უნდა მიეტანა

მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსი, ბრალდებული ჯოკია ბოდოკია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომლის თანახმადაც დავით ნარმანიას ძმისთვის, ირაკლი ნარმანიასთვის ქრთამის სახით აღებული თანხა უნდა მიეტანა.

როგორც ბოდოკიამ დღეს სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემისას განაცხადა, აღნიშნული სიცრუეა. მისი თქმით, ირაკლი ნარმანიას 3 წელია რაც იცნობს.

"ირაკლი ნარმანიას ამ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ მოუწია პრესკონფერენციის გამართვა და აღნიშნული ცრუ ინფორმაციის უარყოფა. ვეთანხმები მის პრესკონფერენციის დროს გამოთქმულ ყველა სიტყვას", - განაცხადა ჯოკია ბოდოკიამ.

რაც შეეხება დავით ნარმანიას, როგორც მან ჩვენების მიცემისას აღნიშნა, ნარმანიას 1999 წლიდან იცნობს, თუმცა ახლო მეგობრობა არასოდეს აკავშირებდა.

ამასთან, ჯოკია ბოდოკიამ ალექსანდრე მარგიშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა. როგორც ბოდოკიამ აღნიშნა, ალექსანდრე მარგიშვილს არ იცნობს, მხოლოდ ერთხელ ჰყავს ნანახი, როდესაც ყოფილი ვიცე-მერი თანამშრომლებთან მივიდა და 31 დეკემბერს ახალი წლის დადგომა მიულოცა.

რაც შეეხება მერიის ზედამხედველობის სამსახურის უკვე ყოფილ უფროსს გეგი ნიჟარაძეს, როგორც ბოდოკიამ აღნიშნა, იგი სწორედ ნიჟარაძის შეთავაზების საფუძველზე მივიდა ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის მოვალეობის თანამდებობაზე და გაიარა კონკურსი.

ბოდოკიამ გაიხსენა, რომ როდესაც თანამდებობაზე მივიდა, მერიაში ცუდი ვითარება დახვდა, ახალი შეცვლილი იყო თბილისის ხელისუფლება და თან ყოფილი თანამშრომლები ჩასაფრებულის პოზიციიდან საუბრობდნენ. მათ შორის ბოდოკიამ ერთი ფაქტი გაიხსენა, როდესაც მის თანამდებობაზე მისვლამდე დააქვეითეს მაიკო ონიანი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის გოგა ონიანის დაა. ბოდოკია იხსენებს, რომ მაიკო ონიანთან მოუხდა უსიამოვნება, რის შემდეგაც გოგა ონიანმა დაურეკა და დაემუქრა, რომ ციხეში ჩაალპობდა.

ბოდოკიას დაკითხვა სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის