უენჩაი იანგი - საქართველო ევროპისთვის ძალიან საინტერესო საინვესტიციო ადგილი ხდება

საქართველო ევროპისთვის ძალიან საინტერესო საინვესტიციო ადგილი ხდება, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა უენჩაი იანგიმ განაცხადა, რომელიც "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" ესწრება.

უენჩაი იანგიმ თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა აბრეშუმის გზის პროექტზე და მის მნიშვნელოვან როლზე ქვეყნებს შორის პარტნიორობის თვალსაზრისით. აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს როლი აბრეშუმის გზის პროექტში აქტიური მონაწილეობის კუთხით, ამასთან, მან ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ბოლო წლებში სხვადასხვა სფეროში მიღწეულ წარმატებებს.

"ბოლო წლებში საქართველოში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ აბრეშუმის გზა გაცოცხლდეს; ის უნდა გახდეს მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი; უნდა გაძლიერდეს ურთიერთობები პარტნიორებს შორის ამ გზაზე. ჩვენ ვიცით, რომ ამ გზამ შეიძლება, შეასრულოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, რათა ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარება მოხდეს, კონტინენტები უფრო დაუკავშირდნენ და დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ, რომ ის გეგმები, რომლებიც ყველა ქვეყანას ცალ-ცალკე და ერთობლივად აქვთ დასახული ამ გზასთან დაკავშირებით, განხორციელდეს და ამისთვის საშუალო და გრძელვადიანი გეგმებიგვჭირდება. ვიცით, რომ საქართველო ძალიან სწრაფად ვითარდება და აქვს ძალიან კარგი ურთიერთოებები ევროპასთან, ისევე, როგორც აზიურ ქვეყნებთან. ვიცით, რომ საქართველო ძალიან სწრაფად ვითარდებოდა ამ წლების განმავლობაში და რომ ბიზნესის კეთების ინდექსიც გაიზარდა. ვიცით, რომ საქართველო ევროპისთვის ძალიან საინტერესო საინვესტიციო ადგილი ხდება. ის არის ხელმისაწვდომი ბაზარი და კარიბჭე კავკასიისთვის და, შესაბამისად, აბრეშუმის გზაზე მისი ადგილმდებარეობა ნამდვილად ეხმარება, რომ ის ეკონომიკური რეგიონული ჰაბი გახდეს", - განაცხადა იანგიმ.

რაც შეეხება რეგიონულ თანამშრომლობას და ხელშეწყობას, უენჩაი იანგის თქმით, აზიის განვითარების ბანკი ახორციელებს პროგრამას, რომელიც 2001 წელს დაიწყო და რომელშიც 10 პარტნიორია, 2015 წლიდან კი საქართველო შეუერთდა მას დამკვირვებლის სტატუსით.

"ეს პროგრამები გულისხმობს ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების განხორციელებას. აქ ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, ამ პროგრამაში უკვე მილიარდ დოლარზე მეტია უკვე ჩადებული. თავისთავად ხდება მისი გაფართოება და საქართველოც მოიცავს მას მისი სტრატეგიით, რომელიც 2020 წლამდე არის გათვლილი. საქართველო უნდა გახდეს ასეთი ინვესტიციებისა თუ დახმარების მიმღები ქვეყანა. ჩვენ ვმუშაობთ ენერგეტიკის სფეროშიც, სადაც ინვესტიციები დაახლოებით 46 მილიარდი დოლარია. შესაბამისად, ასეთი პროგრამების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს მონდომებით, მისი ხელშეწყობით და ამაში უნდა იყოს ჩართული, რა თქმა უნდა, კერძო სექტორიც. სხვაგვარად წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნება. რაც შეეხება ADB-ის და საქართველოს ურთიერთობას - საქართველო ახლა ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ ღირებულებათა გლობალური ჯაჭვის ნაწილი გახდეს. ის ძალიან ბევრ რეფორმას ატარებს, ამარტივებს ბიზნესის კეთებას, ამარტივებს საბაჟო პროცედურებსა და საგადასახაგო რეჟიმებს. საქართველოს გეოგრაფიული განლაგება ამარტივებს სატრანსპორტო კავშირების გაბმას, ეს შესაძლებელია ძალიან ბევრ ქვეყანასთან, შესაბამისად, გამოსაყენებელია ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობები, ამისთვის 1,7 მილიარდი დოლარია გამოყოფილი. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს პოტენციალი გაუმჯობესდეს. აზიის განვითარების ბანკი ყველაფერს აკეთებს,რ ათა დაწყებული რეფორმები და სხვადასხვა საქმიანობა, რომლებიც ბევრ სხვადასხვა სფეროს მოიცავს, ნამდვილად წარმატებული იყოს. გვინდა, რომ ეს დახმარება იყოს ეფექტური, ADB ასევე მონაწილეობს საჯარო სახელმწიფო მმართველობის გაუმჯობესებაშიც. გასულ კვირას აზიის განვითარების ბანკმა და საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს საქართველოსთვის დამატებით ფინანსური დახმარების გაწევას. ADB აქტიურად უჭერს მხარს კერძო სექტორის განვითარებასაც - 10 მილიონი ლარის ფინანსური ობლიგაციების უზრუნველყოფა მოხდა აგრეთვე ჩვენს მიერ გამოყოფილი თანხებით. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს", - განაცხადა უენჩაი იანგიმ.

იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოს და საერთოდ, აბრეშუმის გზას ძალიან დიდი მომავალი აქვს და ამ მიმართულებით ურთიერთობა შემდგომ წლებში კიდევ უფრო გაღრმავდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს