უპირველეს ყოვლისა, გვინდა გამოვხატოთ დადებითი დამოკიდებულება სამოქალაქო განათლების სწავლების განვითარების საკითხის მიმართ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის გამო.
დარწმუნებულები ვართ, რომ სამოქალაქო განათლება ზოგადი განათლების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია განათლების ეროვნული მიზნების მიღწევის გზაზე. საზოგადოების და სახელმწიფოს მხრიდან ამ საგნის მნიშვნელობის გააზრება და შესაბამისად, საგნის ხარისხიანი სწავლება მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს მოზარდის აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებას, რომელსაც გათავისებული აქვს კანონის პატივისცემა, თემის პრობლემების გაზიარება, შემწყნარებლობა და ორიენტირებულია იმ უნარების განვითარებაზე, რომელიც აუცილებელია თანამედროვე სამყაროში წარმატების მისაღწევად - ყოველივე ამის ერთობლიობა, აკადემიურ ცოდნასთან ერთად, წარმოადგენს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევის ერთადერთ სწორ საშუალებას.
აღნიშნულ კონტექსტში, მივესალმებით გადაწყვეტილებას დაწყებით კლასებში საგნის „მე და საზოგადოება“ სწავლებას, რომელიც გეოგრაფიის და ისტორიის გარდა, სამოქალაქო განათლების საკითხებსაც მოიცავს. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ცვლილება მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს სამოქალაქო ცნობიერების ადრეული ასაკიდან განვითარებას და ხელს შეუწყობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევისათვის ბაზისური ცოდნისა და უნარების გამომუშავებას. უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო განათლების სწავლება აუცილებელი ნორმაა დღესდღეობით ცივილურ სამყაროში და მის სწავლებას სკოლამდელი ასაკიდანვე იწყებენ. დემოკრატიული ფასეულობების შესწავლა-გათავისება სწორედ ადრეული ასაკიდანვე არის უპრიანი. ვფიქრობთ, ეს საგანი წარმოადგენს კარგ საფუძველს შემდგომ ეტაპზე საზოგადოებრივი დისციპლინების წარმატებული სწავლებისათვის.
ვწუხვართ, რომ საზოგადოების გარკვეული წევრების მხრიდან ბოლო დროს გაისმის საგნის დისკრედიტაციისკენ მიმართული, აბსოლუტურად უსაფუძვლო განცხადებები. ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო განათლების განვითარების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ხელოვნური დაბრკოლება თუ მიზანმიმართული კამპანია ხელს შეუშლის არა მხოლოდ საგნის განვითარებას და დააზარალებს ზოგადი განათლების მიზნების მიღწევას, არამედ ხელს შეუშლის მთლიანად ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
აქედან გამომდინარე, ჩვენ, საზოგადოებრივი ორგანზაციების წარმომადგენლები, მოგიწოდებთ და ველით, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაამტკიცებს საგნის „მე და საზოგადოება“ სტანდარტს და არ უგულებელყოფს სამინისტროს, განათლების სპეციალისტების და საზოგადოებრივი სექტორის მიერ წლების მანძილზე სამოქალაქო განათლების განვითარებაზე გაწეულ ძალისხმევას. ასევე, ვიმედოვნებთ, რომ სკოლებში საზოგადოებრივი მეცნიერებების, კერძოდ კი, სამოქალაქო განათლების კომპონენტის გაძლიერება კვლავაც პრიორიტეტული იქნება და გაგრძელდება მუშაობა ამ მიმართულების შემდგომ განვითარებასა და დახვეწაზე.
კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“
ასოციაცია „სკოლა, ოჯახი, საზოგადოება“
განათლების და დებატების ინსტიტუტი
განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი
PH International - საქართველო
სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი
მათემატიკის მასწავლებელთა ასოციაცია
კავშირი „განათლება და კეთილდღეობა“
ხელისაწვდომი გარემო ყველასთვის
უნი.ჯი (Erasmus + ეროვნული ოფისი)
Lions Quest საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი
ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია
ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი
თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი
ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი
გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი
ასოციაცია „ათინათი“
ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი
საზოგადოება „ბილიკი“
ფონდი „თბილისის მოზარდთა სახლი“
ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-თიანეთის კომიტეტი
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალენოვანი საქართველო
სამოქალაქო განათლების მულტიეთნიკური რესურსცენტრი
ალტერნატივა ჯორჯია
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“
სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ასოციაცია
სათემო განვითარების ცენტრი
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია
ფონდი „თაობა“
კოალიცია „შინმოვლა საქართველოში“
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
სათემო კავშირი „ნუკრიანი“
(R)