"ლიბერთინსის" აქციამ ახალ წიგნზე, ზოი საგის "ონლაინგოგო" ბათუმში, "ბიბლუსის" მაღაზიაში რიგი დააყენა. თინეიჯერები გამსახურდიას ქ. #44-ში მდებარე "ბიბლუსის" მაღაზიასთან რიგში ჩადგნენ. წიგნის გაყიდვა ზუსტად 18:00 საათზე დაიწყო და 15 წუთში 100-მდე წიგნი გაიყიდა. "ონლაინგოგო" დღეს 18:00-დან 19:00 საათამდე 6.50 ლარად იყიდებოდა. აქციის შემდეგ წიგნის ფასი 12.99 ლარი იქნება.
ახალსოფლის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ, ინგა სურმანიძემ დღეს სამი წიგნი შეიძინა. როგორც მან განმარტა, ერთ წიგნს მეგობარს აჩუქებს, ერთს მასწავლებელს, ერთს კი თავისთვის დაიტოვებს. ინგა სურმანიძე "ლიბერთინსის" აქციაში უკვე მეორედ მონაწილეობს.
"ონლაინგოგოს" შესახებ "ლიბერთინსის" გვერდზე წავიკითხე. ძალიან მომეწონა ყდაც და კომენტარებიც ამ წიგნის შესახებ. ერთი წიგნი მეგობრისთვის შევიძინე, მეორე კი მასწავლებლისთვის. ვფიქრობ, საინტერესო წიგნი იქნება. საერთო ჯამში ძალიან მაგარი აქციაა, უკვე მეორედ ვღებულობ მონაწილეობას, პირველად "დელირიუმი" ვიყიდე და ძალიან კარგი წიგნი აღმოჩნდა - ჩემს მიერ წაკითხულ წიგნებს შორის სიის პირველ რიგში ჩაირიცხა. "ბიბლუსში" ისედაც ხშირად დავდივარ წიგნების საყიდლად", - აღნიშნა ინგა სურმანიძემ.
ერთი წიგნი მეგობრისთვის, ერთი კი თავისთვის შეიძინა კირნათის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ვიკა წითელაძემ. როგორც მან აღნიშნა, ზოი საგის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში წაიკითხა და ძალიან აინტერესებდა მისი წიგნის წაკითხვა.
"მართლაც ჩემი თაობის არჩევანია ეს წიგნი. მინდოდა მეგობრისთვისაც გამეკეთებინა სიურპრიზი. ვერ ახერხებდა მოსვლას და გული წყდებოდა, ამიტომ მისთვისაც შევიძინე. "ფეისბუქიდან" გავიგე, რომ აქცია იყო. თურმე სამჯერ ჩატარდა ბათუმში ასეთი აქცია, გული დამწყდა იმ ორ აქციაზე რომ ვერ მოვედი, მაგრამ ახლა გახარებული ვარ, რომ გავიგე და მოვახერხე ზოის წიგნის შეძენა. ზოი საგის შესახებ ინტერნეტში წავიკითხე და ამ წიგნითაც დავინტერესდი. ერთი სული მაქვს, როდის მივალ სახლში და დავიწყებ წიგნის კითხვას", - აღნიშნა ვიკა წითელაძემ.
წიგნში მოთხრობილია თინეიჯერი პენის და ნოეს საიდუმლოებით მოცული ონლაინცხოვრება და რეალობა, რომელიც ყველასთვის მოულოდნელი იქნება. "გამომცემლობა პალიტრა L"-მა აქტიურად დაიწყო თანამედროვე ლიტერატურის გამოცემა თინეიჯერებისთვის. იმისათვის, რომ სწორად შეირჩეს წიგნები, რომლებიც ძალიან მოეწონებათ და დააინტერესებთ ბავშვებს, "პალიტრა L" თავად არჩევინებს მათ სასურველ ლიტერატურას. "ლიბერთინსის" წევრები არიან წიგნის მოყვარული, ენერგიული, მოტივირებული და უცხო ენების, განსაკუთრებით ინგლისურის კარგი მცოდნე ბავშვები, რომლებიც გამომცემლობას აწვდიან ინფორმაციას მათთვის საყვარელი უცხოენოვანი წიგნების შესახებ, წერენ რეცენზიებს, რეკომენდაციებს წიგნთან დაკავშირებით და აძლევენ გამომცემლობას რჩევას გამოიცეს თუ არა ესა თუ ის წიგნი ქართულად. გარდა ამისა, გამომცემლობა თვითონაც აქტიურად არჩევს მსოფლიოში აღიარებულ ბესტსელერებს და რეკომენდაციისთვის აწვდის პროექტში მონაწიილეებს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შეირჩა და გამოიცა მსოფლიო ბესტსელერები - ჯეიმს დაშნერის ,,ლაბირინთში მორბენალი" და გეილ ფორმანის ,,თუ დავრჩები", მარკუს ზუზაკის ,,წიგნის ქურდი" და სხვა ნაწარმოებები, რომლებმაც ქსელში გასვლის დღესვე დააყენეს რიგები წიგნის მაღაზიებთან და მალევე იქცნენ ქართულ ბესტსელერებადაც.