ომბუდსმენი საპატრიარქოსა და მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა პანსიონებში რელიგიურ შეზღუდვებზე მიუთითებს

საქართველოს სახალხო დამცველი საპატრიარქოსა და მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა პანსიონებში რელიგიურ შეზღუდვებზე მიუთითებს. როგორც სახალხო დამცველის ანგარშში – "ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა პანსიონებში" არის ნათქვამი, რელიგიური კონფესიების პანსიონების ბენეფიციარებისთვის დაწესებულია რიგი რელიგიური შეზღუდვები, რომლებსაც ხშირად არასრულწლოვნები მათივე სურვილის საწინააღმდეგოდ ემორჩილებიან.

სახალხო დამცველის განცხადებით, მათ შორის, აღსანიშნავია ჩაცმულობის კუთხით არსებული შეზღუდვები, რაც შემდგომში გამოიხატება: მუსლიმური პანსიონების აღსაზრდელ გოგონებს, მათი რელიგიის შესაბამისად, ეკრძალებათ შარვლის ტარება. თავშალის ტარების ვალდებულება არა აქვთ საჯარო სკოლაში და ატარებენ მხოლოდ პანსიონის ტერიტორიაზე.

ფერიის მართლმადიდებლური და ბედიანის პანსიონების გარდა, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული პანსიონების ბენეფიციარ გოგონებს აკრძალული აქვთ შარვლის ტარება. გარდა ამისა, შეზღუდვები ეხება კაბის სიგრძესაც. ამ კუთხით, ბავშვები გამოხატავენ

უკმაყოფილებას.

ანგარიშის მიხედვით, მუსლიმურ პანსიონებში ბავშვები იზრდებიან გარემოში, სადაც ბავშვზე ზრუნვა ისლამის ტრადიციების დაცვით ხორციელდება.

"აღსაზრდელები ცხოვრობენ რელიგიური ადათ–წესების მკაცრი დაცვით. ყველა ბენეფიციარის მიმართ არსებობს ერთიანი მიდგომა და ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება არ წარმოადგენს პრიორიტეტს. მუსლიმური პანსიონების აღმზრდელებმა, მონიტორებთან განაცხადეს, რომ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემების არსებობისას, ისინი, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, მუსლიმთა წმინდა წიგნს, ყურანს მიმართავენ. ყოველი კონკრეტული საკითხის წამოჭრისას, აღმზრდელები ბავშვს ყურანის კონკრეტულ სურას მიუთითებენ და განუმარტავენ, თუ როგორ უნდა მოიქცეს ჭეშმარიტი მუსლიმი. ბავშვის ინდივიდუალური აღზრდის პრინციპები პრიორიტეტს არ წარმოადგენს და უპირატესი მიზანი ბავშვის რელიგიური ადათ–წესების მიხედვით აღზრდაა. შესაბამისად, მუსლიმურ პანსიონებში ინდივიდუალობისა და განსხვავებული ინტერესების გამომხატველი ნივთები არ აქვთ, თითოეული ბავშვი მხოლოდ სასკოლო წიგნებით, ყურანით და რელიგიური ატრიბუტიკით არის უზრუნველყოფილი", - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, მონიტორებთან საუბრისას, მუსლიმური პანსიონების აღსაზრდელები მუდმივად აღნიშნავდნენ, რომ ისინი საკუთარი სურვილით ცხოვრობენ პანსიონში, თუმცა ყოველი მათგანი აცხადებდა, რომ პანსიონის ცხოვრებასთან შეგუება და არსებულ წესებთან ადაპტაცია თავდაპირველად ძალიან გაუჭირდათ, ჰქონდათ ოჯახში დაბრუნების სურვილი, განიცდიდნენ პანსიონში ცხოვრებას. პანსიონის დატოვება და ქალაქში გასვლა მხოლოდ შეზღუდული დროით და საჭირო ნივთების ყიდვის აუცილებლობისას ხდება. პანსიონში ყოფნის პერიოდში თემთან ბავშვების კომუნიკაცია შემოიფარგლება მხოლოდ მუსლიმურ თემში მცხოვრებ, იმავე სქესის ბავშვებთან და მოზრდილებთან ერთად პანსიონში რელიგიის გაკვეთილზე დასწრებით. არ აღინიშნება მუსლიმურ პანსიონებში მცხოვრები ბენეფიციარების დაბადების დღეები და არ ხდება მათი პერიოდული წახალისება.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული პანსიონების ყველა ბავშვს ჰყავს საკუთარი მოძღვარი.

"ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან კონტაქტი მაქსიმალურად წახალისებული და მხარდაჭერილია. შემაფერხებელი შეიძლება გახდეს მხოლოდ კლიმატური პირობები ან ოჯახის მხრიდან ბავშვის მიღების შეუძლებლობა. ოჯახებში ბენეფიციარები ხშირად (რეგიონის მაცხოვრებლები ყოველ შაბათ-კვირას, ხოლო შედარებით დაშორებულ რეგიონში მაცხოვრებლები დაახლოებით ორ-კვირაში ერთხელ) მიდიან. სკოლა-პანსიონების ბენეფიციართა გარკვეულ ნაწილს ბიოლოგიური ოჯახი არ ჰყავს და სერვისის მიმწოდებლები საკუთარი სახსრებით, სოციალური სამსახურების გარეშე, ცდილობენ ბიოლოგიური ოჯახების

მოძიებას და კავშირების აღდგენას, მაგრამ ეს მცდელობა ხშირად უშედეგოდ მთავრდება. ბავშვებს დაბადების დღეებს ულოცავენ, მოკრძალებულად აღნიშნავენ, ხოლო ბავშვები ერთმანეთს საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში სიმბოლურ საჩუქრებსაც ჩუქნიან. სოციალური, კულტურული და სპორტულ ცხოვრება სტეფანწმინდისა და ნინოწმინდის რეგიონში ნაკლებად აქტიურია და ბავშვებსაც ამ მხრივ დიდი არჩევანი არა აქვთ", - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, პანსიონებში არსებული აღზრდის ინსტიტუციური სტილი რიგ შემთხვევებში ოჯახური გარემოსაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

"ეს განსაკუთრებით ბავშვების დღის წესრიგისა და მათი საცხოვრებელი გარემოს შეფასებებისას იგრძნობა: მაგ. სტეფანწმინდის სკოლა-პანსიონში ბავშვები სკოლის შემდეგ გახანგრძლივებულ კლასებში იმყოფებიან, საძინებელი ოთახები დღის განმავლობაში დაკეტილია, ოთახებში არსად ჩანს გასართობი და ბავშვების ინდივიდუალობის გამომხატველი ნივთები. მსგავსი გარემოა ვაჟების ოთახებშიც. ნინოწმინდის სკოლა-პანსიონში ბავშვები ჯგუფების მიხედვით იზოლირებულ სექტორებში არიან განთავსებული. სექტორი ორი საძინებელი ოთახისა და სასადილო ოთახისგან შედგება. არასრულწლოვნები თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ტელევიზორის ყურებაში ატარებენ. როგორც ბენეფიციართა ინტერვიუირებით გაირკვა, ბავშვებს არა აქვთ უფლება ითამაშონ ან გარკვეული დრო თავისუფლად გაატარონ პანსიონის დერეფანში, ხმაურისა და უწესრიგობის თავიდან აცილების მიზნით", - ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ აღსანიშნავია ფერიის მართლმადიდებლურ პანსიონში შექმნილი დადებით სოციალური გარემო.

"პანსიონის შენობა გარემონტებულია და ნათელ ფერებშია შეღებილი, ინტერიერი გაფორმებულია ამავე პანსიონის ბენეფიციართა მიერ სახელოვნებო სტუდიებში შექმნილი ნამუშევრებით, ნებისმიერი ასაკის ბავშვები თავისუფლად გადაადგილდებიან შენობაში. ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის შექმნილია სივრცე არაფორმალური შეხვედრებისათვის რბილი ავეჯით და ტელევიზორით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პანსიონში ფუნქციონირებს 24 სხვადასხვა პროფილის სტუდია და სპორტული ჯგუფი, ბავშვები აქტიურად არიან ჩართული სტუდიურ საქმიანობაში და მაქსიმალური შესაძლებლობა აქვთ რეალიზებისა და ინტერესების დაკმაყოფილებისათვის. არასრულწლოვნები, აღმზრდელებთან ერთად, დადიან კონცერტებზე, თეატრში, ზღვის სანაპიროზე, ექსკურსიებზე, მონაწილეობენ სპორტულ ღონისძიებებში, კონკურსებში, გამოფენებსა და ოლიმპიადებში", - წერს სახალხო დამცველი.

ანგარიშის მიხედვით, სოფელი ბედიანი, სადაც ბედიანის პანსიონი მდებარეობს, საკმაოდ დაშორებულია რაიონულ ცენტრს და ზამთრის მკაცრ პირობებში პანსიონში მისვლა გზეის მოუწესრიგებლობისა და კლიმატური პირობების გამო, გართულებულია.

"როგორც აღმზრდელებთან საუბრისას ირკვევა, პანსიონში ყოფილი ბენეფიციარების შვილებიც არიან განთავსებული, პრაქტიკულად ეს მეორე თაობაა. მშობლებისთვის შვილებთან კომუნიკაცია ღიაა. მათ შეუძლიათ, ჩამოაკითხონ საკუთარ შვილებს, წაიყვანონ არდადეგებზე, დღესასწაულებზე. საცხოვრებელი გარემო მორგებულია ბავშვების საჭიროებებს, ამჟამად მიმდინარეობს ერთ-ერთი სახლის მშენებლობა, სადაც პირობები ბევრად გაუმჯობესებული იქნება", - ნათქვამია ანგარიშში.

ბედიანის სარეაბილიტაციო ცენტრში კი ბენეფიციარებთან შეხვედრისას, თვალსაჩინო იყო მათი გახსნილობა, გულწრფელობა, სილაღე.

"ისინი თავისუფლად საუბრობდნენ და საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ. ბენეფიციარები დიდი სიხარულით იხსენებენ ახალი წლის ღამეს, დაბადების დღეებს, როცა იღებენ საჩუქრებს და ნამდვილი დღესასწაულის განცდა აქვთ. ამასთან, აღმზრდელების გადმოცემით, მოზარდებს აქვთ გარკვეული ქცევითი სირთულეები. აღმზრდელები აღნიშნავენ, რომ მათ რაიმე საგანგებო გადამზადება, რაც მცირე საოჯახო ტიპის სახლში მუშაობას უკავშირდება, არ გაუვლიათ, თუმცა აქვთ როგორც სააღმზრდელო, ასევე პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება. მონიტორებთან საუბრისას ისინი ავლენდნენ ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარებს, აქვთ ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომები. დაწესებულების დღის რუტინა, როგორც ბენეფიციარები და აღმზრდელები აღნიშნავენ, ითვალისწინებს დროის ფიქსირებულ მონაკვეთში, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობას, საშინაო დავალებების მომზადებას, თავისუფალ დროს გართობას და დასვენებას. აღმზრდელები აღნიშნავენ, რომ ძირითად საოჯახო საქმეებს ისინი აკეთებენ, თუმცა ბენეფიციარები აქტიურად არიან ჩართული ყველა საქმიანობაში", - ნათქვამია ანგარიშში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის