იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილი დღეს საბოლოო სიტყვას იტყვის, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენს გამოიტანს. საქალაქო სასამართლოში გამართულ წინა სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.
როგორც სოსანაშვილის ადვოკატმა, სოსო ჯოგლიძემ განაცხადა, სახელმწიფო ბრალდება უსუსურად ცდილობს ფაქტი დაუკავშიროს 2006 წლის ე.წ. კორტების სპეცოპერაციას. მისივე თქმით, ბრალდების მხარეს არ გააჩნია პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სოსანაშვილის ბრალეულობას დაადასტურებს. ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ დღემდე არ არის წარმოდგენილი მკვლელობის მოტივი. სოსო ჯოგლიძემ მოსამართლე ელენე გოგუაძეს თხოვნით მიმართა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინოს.
პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებული სოსანაშვილი, რომლის განცხადებითაც, შემთხვევის ადგილზე დარღვეულია დათვალიერების ზოგადი წესი. ბრალდებულის თქმით, დაწვრილებით არ არის დათვალიერებული ხელყუმბარის ფალია.
"არც ერთი ფოტო არ ადასტურებს იმას, თუ სად არის გადაღებული მტკიცებულებად წარმოდგენილი ფალია. შემთხვევის ადგილზე თუ პროკურატურაში. ერთ-ერთმა მოწმემ განაცხადა, რომ ფოტო მანქანის კაპოტზეა გადაღებული. მანქანა შემთხვევის ადგილზე შეიყვანა", - განაცხადა გია სოსანაშვილმა.
მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.
დღეს, მას შემდეგ, რაც ბრალდებული საბოლოო სიტყვას იტყვის, მხარეები კამათის ეტაპზე გადავლენ და მოსამართლე განაჩენის მისაღებად სათათბიროდ გავა, თუმცა იქნება თუ არა განაჩენი დღესვე, ჯერჯერობით უცნობია.