გაერო-ს ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგების სპეციალიზებული სააგენტოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) მონაცემებით, დღეისთვის ევროპაში ყველაზე მაღალი ხარისხის, მაღალი სიჩქარის ინტერნეტი ყველაზე დაბალ ფასად ლიტვაშია ხელმისწვდომი. ამ შედეგის მიღწევა ლიტვაში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში გახდა, რომელიც ევროკავშირის გრანტით განხორციელდა.
რამდენიმე დღის წინ ლიტვის საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ევროკავშირმა European Broadband Award-ით დააჯილდოვა პროექტის სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობისა და ხელმისაწვდომობისთვის.
ლიტვური მედიის ცნობით, ზედიზედ მეხუთე წელია ლიტვა ასევე ლიდერი რჩება ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მიწოდების მხრივ. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლიტვაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მოხმარებელთა რაოდენობა 9%-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ლიტვაში 2,4 მილიონი ინტერნეტმომხმარებელია.
რაც შეეხება საქართველოს, 2014 წლის მონაცემებით, ინტერნეტი საქართველოს მოსახლეობის 45%-სთვის არის ხელმისაწვდომი.
საქართველოში ცოტა ხნის წინ დაწყებული საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, ინტერნეტი საქართველოს თითქმის მთელი მოსახლეობისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
პროექტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს 10 რეგიონის 500-მდე სოფლისთვის. საერთო ჯამში კი, ამ პროექტის ფარგლებში ინტერნეტი 2000-ზე მეტ სოფელში შევა და მილიონზე მეტ მომხმარებელს მოემსახურება.
პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი დოლარია, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები ევროკავშირის რიგ ქვეყნებში ევროკავშირის გრანტით ხორციელდება.
"პროექტის დაგეგმარებისას აქტიურად ხდებოდა უცხოეთში იდენტურ პროექტებთან ურთიერთქმედება. ამ მხრივ, ერთ-ერთი საუკეთესო ლიტვის მაგალითია", – აღნიშნავენ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის წარმომადგენლები.
ITU-ს მონაცემებით, მსოფლიოში დღესდღეობით ინტერნეტის 3,2 მილიარდი ადამიანი მოიხმარს, რომელთაგან 2 მილიარდი განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრობს.