სრულიად გაუგებარია, რად გიღირთ, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის განცხადება მრავალპარტიული არ იყოს, - აღნიშნული განცხადებით ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გოკა გაბაშვილმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ვიზა-ლიბერალიზაციის თაობაზე მომზადებული განცხადების პროექტის განხილვისას მიმართა.
გაბაშვილის შეფასებით, მათ მმართველ გუნდს მიმართვაში სრულიად კრიტიკა-ნეიტრალური ფორმულირების დამატება შესთავაზეს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში, კონსოლიდირებული დემოკრატიის არსებობის თაობაზე საკუთარი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაათვითცნობიეროს.
გაბაშვილისთვის გაუგებარია, რატომ უნდა შეუქმნას ამ ფრაზამ მთავრობას პრობლემა. "სამი დღის წინ, ერთ საათში, სეკულარული სახელმწიფო კინაღამ კლერიკალურად გადაგვექცა. მერე უნდა გენახათ თქვენ ევროპული ინტეგრაცია, ვიზა-ლიბერალიზაცია და ასოცირების ხელშეკრულება, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას ასეთი ნაბიჯი რომ გადაედგა. სამი კვირის წინ კი, მთელი ეს პროცესები რეალური საფრთხის წინაშე დააყენეთ და ევროკავშირი, ევროკავშირის წარმომადგენლები ღიად გეუბნებოდნენ, რომ ეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს", - მიმართა უმრავლესობას გოკა გაბაშვილმა.