ლეონიდ ჩერნოვეცკიმ თავის ფეისბუქ გვერდზე განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ იგი უარს ამბობს ყველანაირ ბიზნეს საქმიანობაზე და მისი აქტივების სრულად მართვას გადასცემს მის შვილს – სტეპან ჩერნოვეცკის.
,,ჩემს ბიზნესს, რომელსაც ადრე ვხელმძღვანელობდი გადავცემ ჩემს ვაჟს სტეპან ჩერნოვეცკის. 64 წლის ასაკამდე მე მოვასწარი საკუთარი თავის სრული რეალიზაცია - დავაფუძნე უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი "პრევექსი", სამჯერ ვიყავი არჩეული უკრაინის სახალხო დეპუტატად,ორჯერ კი - კიევის მერად. დარჩენილი სიცოცხლე მსურს გავატარო საქართველოში, ქვეყანაში , რომელიც მთელი გულით მიყვარს და თაყვანს ვცემ მის ხალხს. მიჭირს იმის ყურება, რომ ასეთი მშვენიერი ხალხის უდიდესი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს! მე ვიცი როგორ გავხადო თითოეული ქართველის ცხოვრება უკეთესი, ბედნიერი, კომფორტული, დაცული, ამიტომ გადავწყვიტე დავაფუძნო პარტია ,, ბედნიერი საქართველოსთვის" და კენჭი ვიყარო მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.
ამჟამად ვცხოვრობ და ჩემს მომავალს ვხედავ საქართველოს და მისი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვაში! ამიტომ ყველა ჩემს ბიზნეს პროექტს, რომლითაც ადრე ვიყავი დაკავებული გადავცემ ჩემს ვაჟს სტეპანს და მადლობას ვუხდი ღმერთს , რომ ასეთი საიმედო დასაყრდენი მომცა!
მე მთლიანად ვუძღვნი ჩემს თავს ქველმოქმედებას და პოლიტიკურ საქმიანობას!" – წერს იგი თავის ფეისბუქ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერს კიევის ყოფილმა მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ განაცხადა რომ პოლიტიკური პარტას "ბედნიერი საქართველოსთვის " აყალიბებს და აპირებს კენჭი იყაროს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.
(R)