სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო #3 პენიტენციური დაწესებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების განმარტებით, სრულად რეაბილიტირებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტებული N3 პენიტენციური დაწესებულება 2014 წლის აპრილში გაიხსნა. 
"დაწესებულებაში, რომელიც 230-მდე პატიმარზეა გათვლილი, კეთილმოეწყო საკნები, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, კარები აღიჭურვა სპეციალური, ორმაგი ელექტრონული საკეტებით და ხმოვანი გამოძახების სისტემით, რომელიც დაცვისა და უსაფრთხოების მაღალ დონეს ქმნის. შეიქმნა შესაბამისი სივრცე სამედიცინო სერვისის განსახორციელებლად, პირველადი ჯანდაცვისა და სანიტარულ განყოფილებასთან ერთად მოეწყო სტომატოლოგიური კაბინეტი; აფთიაქში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის 500-მდე დასახელების მაღალი ხარისხის მედიკამენტია ხელმისაწვდომი. გაიმართა ხანგრძლივი პაემნისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, რომელიც მანამდე არ მოქმედებდა, შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვა სამრეცხაო ოთახი, განახლდა კვების ბლოკი, გაიმართა სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემები, ყველა საკანში დამონტაჟდა ინდივიდუალური კონდენცირების სისტემა", - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, დაწესებულებაში საზოგადოებრივი მისაღები ამოქმედდა, რომელიც პატიმართა ოჯახის წევრებსა და ინტერესების დამცველებს ემსახურება.



