საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მანდატურის სამსახურისა და "ლიბერთი ბანკის" წარმომადგენლებთან ერთად წინასაახალწლოდ N203-ე ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლა-პანსიონს ესტუმრა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროდან აცნობეს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სკოლაში საცირკო წარმოდგენა გაიმართა, რის შემდეგაც, "ლიბერთი ბანკისგან" ბავშვებმა საჩუქრები მიიღეს.
"სსიპ ქალაქ თბილისის №203 საჯარო სკოლა, სადაც ამჟამად 155 მოსწავლე სწავლობს, ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვებს ემსახურება. სახელმწიფო დაფინანსებით, სკოლა პანსიონურ მომსახურებას ახორციელებს. თითეული მოსწავლე ეროვნულ სასწავლო გეგმაზე (ესგ-ზე) დაყრდნობით შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლობს. კლასში პირველიდან XII -ის კლასის ჩათვლით, გარდა ესგ-ით გათვალისწინებული საგნებისა, ისწავლება ქართული ჟესტური ენა და კოხლეარული ინპლანტის მქონე ბავშვებისთვის გახსნილია ერთი კლასი (გამონაკლისია სადაც ქართული ჟესტური ენა არ ისწავლება). გარდა ამისა, სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს დამხმარე სერვისს - მეტყველების განვითარებაზე სურდოპედაგოგები მუშაობენ.
შესაძლებლობების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა ღონისძიებებში. ახალი წლის დადგომასთან ერთად კი, მათთვის საქველმოქმედო ღონისძებები ყოველწლიურად იმართება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.