დიმიტრი ქუმსიშვილი – ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს ერთ მესამედთან ექნება გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები

2015 წლის 11 თვის განმავლობაში ევროკავშირში ექსპორტი 6%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, უცხოურ ბაზრებზე ქართველი მეწარმეების გასვლის მიმართულებით ყველაზე დიდ მიღწევა, რაც გააჩნია დღევანდელ მთავრობას, ეს არის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან.

"ამან მოგვცა შესაძლებლობა, 500 მილიონიანი ბაზარი გახსნილიყო ჩვენს ქვეყანაში წარმოებული პროდუქციისთვის და სერვისებისთვის", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა სტატისტიკაზეც და აღნიშნა, რომ 2012-2015 წლების განმავლობაში, ექსპორტი, რომელიც ევროკავშირში შედიოდა, 84%-ით არის გაზრდილი, ხოლო ექსპორტის მთლიან წილი 15-დან 30%-მდე არის გაზრდილი.

"2015 წლის 11 თვის განმავლობაში ევროკავშირში ექსპორტი გაიზარდა 6%-ით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან, იმიტომ, რომ თითქმის ყველასთან მოხდა ვალუტის დევალვაცია, იყო ეკონომიკური კრიზისი, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა შემცირდა და ის, რომ ჩვენ ევროპასთან სავაჭრო ბრუნვა გაგვეზარდა, გაგვეზარდა ასევე იმპორტიც და ექსპორტი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებლი.

ჩვენი მეწარმეები საკმაოდ ნიჭიერები არიან, საკმაოდ მალე აუღეს ამას ალღო და თუ დსთ-ს ქვეყნების წილი იყო 31 % და ევროპის ქვეყნების წილი იყო ნაკლები, დღეს ეს პროპორცია შეტრიალებულია. 6%-ით არის დაკლებული დსთ-ს ქვეყნების წილი და პირიქით არის გაზრდილი ევროპის წილი ჩვენს მთლიან ბრუნვაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ბიზნესმენები უკვე ყიდიან თავის პროდუქციას იმ ქვეყნებში, სადაც გადახდისუნარიანობა უფრო მაღალია", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, პრეფერენციულ რეჟიმებზე მუშაობა გრძელდება.

"ამ წუთში ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან მიმდინარეობს მუშაობა - ეს არის შვეიცარია, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და ვიმედოვნებთ, რომ ამ წელიწადში დავასრულებთ მათთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაგვაჩნია თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან. ჯამში დაახლოებით 800 მილიონიან სამომხმარებლო ბაზარზე შესაძლებელია, რომ ჩვენთან ნაწარმოები პროდუქცია შევიდეს დამატებითი საბაჟო გადასახადების გარეშე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

"თუმცა, აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყნების სტანდარტები არის გასათვალისწინებელი", - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წლის სექტემბერში პირადად მოაწერა ხელი ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების გახსნას.

მისი შეფასებით, ჩინეთის მხარე არის ძალიან მოტივირებული და შეთანხმდნენ, რომ იანვარში მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიხსნება.

"ვიმედოვნებთ, რომ 1 წელიწადში მოვახერხებთ აღნიშული მოლაპარაკების დასრულებას, რაც ნიშნავს რომ მილიარდ ნახევრიანი ბაზარი შეემატება უკვე ჩვენს პრეფერენციულ ხელშეკრულეებს. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს ერთ მესამედთან ჩვენს ქვეყანას ექნება გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები", - აღნიშნა ქუმსიშვილმა.