არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას ინფორმაციით, დეპუტატ ნანა ყეინიშვილის ძმა ზაზა ყეინიშვილი პოლიტპატიმართა სიაში აღმოაჩინა.
პოლიტპატიმართა სიებთან დაკავშირებით დღეს ზვიად კუპრავამ პროკურატურას მასალები მიაწოდა. მისი თქმით, დოკუმენტაციაში საუბარია კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებზე.
"ჩვენ პოლიტპატიმართა სიაში აღმოვაჩინეთ ზაზა ყეინიშვილი, რომელიც მსჯავრდებულია მძიმე დანაშაულში, 260-ე მუხლით, ნარკოტიკების შეძენა-შენახვა გასაღებაში. ზაზა ყეინიშვილმა თავი დააღწია 15 წლიან სასჯელს. აღსანიშნავია, რომ ზაზა ყეინიშვილი არის საქართველოს პარლამენტის წევრის ნანა ყეინიშვილის ძმა. საინტერესოა ვკითხოთ ქალბატონ ყეინიშვილს, თუ როგორ აღმოჩნდა მისი ძმა პოლიტპატიმართა სიაში, რომელიც მსჯავრდებული იყო მძიმე დანაშაულში", - აღნიშნა ზვიად კუპრავამ.
"სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის აღნიშნულ განცხადებას დღესვე ადვოკატი ირმა ჭკადუა გამოეხმაურა. მისი ინფორმაციით, ზაზა ყეინიშვილი ციხიდან გამოსვლიდან ორ თვეში გარდაიცვალა. ჭკადუას ცნობით, პატიმარს აწამებდნენ და სიძის წინააღმდეგ განცხადების გაკეთებას აიძულებდნენ.
"ნანა ყეინიშვილის ძმა ციხიდან გამოსვლიდან ორ თვეში გარდაიცვალა. ზაზა ყეინიშვილს აწამებდნენ, ჩაუდეს ნარკოტიკი და აიძულებდნენ ნანა ყეინიშვილის ქმრის წინააღმდეგ განცხადება გაეკეთებინა, რომლის ტექსტიც თავად დაუწერეს, რაც არ გააკეთა. ნაწამები და ავადმყოფი გამოსვლიდან ორ თვეში გარდაიცვალა. უხერხულია ყიდდე ტყუილს, თან გარდაცვლილზე. იქნებ მოასვენონ გარდაცვლილი ადამიანი მიწაში",- აღნიშნა ირმა ჭკადუამ.