ბუშტების ფეხბურთის ფედერაციის დამფუძნებელი, ვატო წულუკიძე სპორტის აღნიშნული ახალი სახეობის შესახებ პრესკონფერენციას გამართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ფედერაციიდან აცნობეს, 15 იანვარს, ახალ სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა), საქართველოს ბუშტების ფეხბურთის ფედერაცია პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ბუშტების ფეხბურთის ფედერაციის დამფუძნებელი, ვატო წულუკიძე სპორტის ამ ახალი სახეობის შესახებ ისაუბრებს და საზოგადოებას ბუშტების ფეხბურთის მიზნებსა და სამომავლო გეგმებს გააცნობს.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარე თვის ბოლოს ჟურნალისტების ტურნირი გაიმართება, რომლის დეტალებიც ასევე დღეს გახდება ცნობილი.
"ბუშტების ფეხბურთი, სპორტის ინოვაციური მიმართულებაა. სპორტი, რომელსაც ნაკლები წესები აქვს და მეტ გართობას გპირდებათ. საქართველოში ის პირველად 2015 წელს შემოვიდა. სპორტის ეს მიმდინარეობა, არაჩვეულებრივი გასართობი საშუალებაა მათთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს, მაგრამ პროფესიონალური თამაში არ იცის. ბუშტების ფეხბურთი ერთად კრებს ბურთის მოყვარულ ყველა ადამიანს. ბუშტების ფეხბურთი პირველად ნორვეგიაში, ჰენრიკ ელვესტადისა და ჯოან გოლდენის მიერ შეიქმნა. თამაში პირველად მათ სატელევიზიო შოუ "ოქროს გოლში" გამოჩნდა.
სპორტის ამ სახეობას დიდი ხანი დასჭირდა, რომ აღიარება მოეპოვებინა დიდ ბრიტანეთში. როდესაც ბრიტანელმა წამყვანმა ლი მოსლიმ გადაწყვიტა სპორტის ამ სახეობის ბრიტანეთში გატანა, ინვესტორებმა მას იდეა დაუწუნეს და თქვეს, რომ მას მომავალი არ ჰქონდა.
ამის მიუხედავად, ლიმ უკან არ დაიხია და იდეა თვითონვე დააფინანსა, რაც დღევანდელი დღის გადასახედიდან კარგი გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რადგანაც ეს თამაში ახლა მსოფლიოს მასშტაბით ძალიან პოპულარულია", - აცხადებენ ფედერაციაში.