გიორგი ყავლაშვილი ჯოკია ბოდოკიას ბრალდებაზე - მე არ ვყოფილვარ შუამავალი, მე ვიყავი ადვოკატი

მე არ ვყოფილვარ შუამავალი, მე ვიყავი ადვოკატი - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჯოკია ბოდოკიას პირველმა ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა ბოდოკიას დღევანდელ განცხადებებზე კომენტირებისას აღნიშნა.

ყავლაშვილი კატეგორიულად უარყოფს, რომ იმჟამინდელი მთავარი პროკურორის მოადგილეები ბოდოკიასგან მარგიშვილის წინააღმდეგ ჩვენებებს ითხოვდნენ, მოთხოვნებს კი, ბრალდებულს ადვოკატის მეშვეობით გადასცემდნენ.

ყავლაშვილმა აღნიშნა, რომ საპროცესო შეთანხმებაზე პროკურატურას მართლაც მიმართა, თუმცა საქმის პროკურორის გარდა, კონტაქტი არავისთან ჰქონია.

"ვერ ვხსნი, რატომ გააკეთა ასეთი განცხადება ჯოკია ბოდოკიამ. მე არ ვყოფილვარ შუამავალი, მე ვიყავი ადვოკატი. მის მიერ დასახელებულ პირებთან არავითარი კონტაქტი არ მქონია. საპროცესო შეთანხმების შესახებ, განცხადება მართლაც შევიტანე პროკურატურაში, იმჟამინდელი ხელმძღვანელის სახელზე, თუმცა განცხადება შევიდა წერილობით. ჩვენ გვქონდა იმედი და მოლოდინი, რომ საპროცესო გაფორმდებოდა, თუმცა პროკურატურამ ამაზე უარი თქვა", - განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

კითქვაზე, რატომ შეცვალა ბოდოკიამ გიორგი ყავლაშვილი დავით დეკანოიძით, ადვოკატი აცხადებს, რომ ეს ბრალდებულის გადაწყვეტილებით მას შემდეგ მოხდა, რაც პროკურატურამ საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა.

სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, დღეს, ბოდოკიამ განაცხადა, რომ მარგიშვილის წინააღმდეგ, ბიძინა ივანიშვილი მას შემდეგ განეწყო, რაც "პანორამა თბილისს" მერიაშიც პრობლემები შეექმნა.

მან აღნიშნა, რომ მას იმჟამინდელი მთავარი პროკურორის მოადგილეები ირაკლი შოთაძე და გიორგი გოგაძე მარგიშვილის წინააღმდეგ ჩვენებებს სთხოვდნენ.

ბოდოკია აცხადებს, რომ ივანიშვილმა პირდაპირ მარგიშვილის დაკავება მოითხოვა, რადგან "პანორამა თბილისზე" უარყოფითი დასკვნის ერთ-ერთი ავტორი სწორედ მარგიშვილი იყო.

მან ისიც აღნიშნა, რომ მას ღიად სთხოვდნენ ჩვენებებს ალექსანდრე მარგიშვილის წინააღმდეგ, შუამავალი კი იყო ბოდოკიას იმდროინდელი ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი, რომელიც მას გადასცემდა ირაკლი შოთაძის და მთავარი პროკურორის კიდევ ერთი მოადგილის, გიორგი გოგაძის დანაბარებებს.

"ხელი უნდა დამედო ალექსანდრე მარგიშვილისთვის, ვითომ მისი მითითებით ვმოქმედებდი. მთავაზობდნენ საპროცესო გარიგებას და 5 ათასიან ჯარიმას. თუმცა რამდენიმე ახალი პირობა გადმომცა ადვოკატმა, რამე ხომ არ ვიცოდი მარგიშვილზე ამ საქმის გარდა. ვუთხარი, რომ მარგიშვილზე არაფერი ვიცოდი და რაღა უნდოდათ, ის ხომ მოხსნეს და მიზანი მიღწეული იყო. ადვოკატმა მითხრა, ის მოითხოვს, რომ დაიჭირონო. ვინ ის, კაცი შუშის სასახლიდანთქო? - ვკითხე და ხმამაღალი ხმით გადაფარა ჩემი ხმა და მითხრა, კედლებს აქაც ყურები აქვსო", - განაცხადა ჯოკია ბოდოკიამ, რომლის თქმითაც ნარმანია-მარგიშვილის წინააღმდეგ, ივანიშვილის დავალებით, სუს-ის მუშაობის ერთ-ერთი სამიზნე თავადაც გახდა.

2015 წლის 4 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის მოთხოვნისა და მიღების ფაქტზე ბრალდებული ჯოკია ბოდოკია დამნაშავედ სცნო.

სასამართლომ მას სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განუსაზღვრა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია