"თბილისის მიკროავტობუსი" სამარშრუტო ტაქსებში მხოლოდ რადიო "თანამგზავრის" მაუწყებლობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსში", სამარშრუტო ტაქსებში მხოლოდ რეჟისორ გოგა ხაინდრავას რადიო "თანამგზავრის" მაუწყებლობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე - აქვს თუ არა გაფორმებული "თბილისის მიკროავტობუსს" კონტრაქტი გოგა ხაინდრავას რადიოსთან და როდის დაიწყებს რადიო "თანამგზავრი" მაუწყებლობას, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ აღნიშნა, რომ "ამ წუთას ვერაფერს იტყვის".

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ გოგა ხაინდრავას კომპანიამ "მომხმარებელთა საყურადღებოდ" რადიომაუწყებლობის ლიცენზია პროგრამული მრავალფეროვნებიდან გამომდინარე მიიღო.

როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესმდივანმა, ხატია ყურაშვილმა განმარტა, კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად კონკურსი არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც გამოაცხადა. დანარჩენ ადგილებში კონკურსზე თითო-თითო განმცხადებელი იყო წარმოდგენილი, ხოლო თბილისში კი - სამი, კერძოდ, შპს "მომავლის რეკლამა", ხაინდარვას კომპანია შპს "მომხმარებელთა საყურადღებოდ" და შპს "ტვ სტილი", რომელთაგან "მომავლის რეკლამამ" დოკუმენტაცია უკან გაითხოვა.

"კომისიამ შეისწავლა დარჩენილი ორივე კომპანიის მიერ წარმოდგენილი სამუწყებლო კონცეფციები. იხელმძღვანელა პროგრამული მრავალფეროვნებით და უპირატესობა შპს "მომხმარებელთა საყურადღებოდ" მიანიჭა, რადგან მას სამაუწყებლო ბადეში უფრო მეტი პროგრამა ჰქონდა წარმოდგენილი", - განაცხადა ყურაშვილმა.

რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რომ სამარშრუტო ტაქსებში მხოლოდ რადიო "თანამგზავრის" (შპს "მომხმარებელთა საყურადღებოდ) მაუწყებლობა იქნება შესაძლებელი, ხატია ყურაშვილის განცხადებით, კომისიას არ აქვს უფლებამოსილება, ჩაერიოს მაუწყებლის ურთიერთობაში მე-3 პირებთან.

"რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებში რადიოს მოსმენას, ეს არანაირად არ არის კომისიასთან კავშირში. სამაუწყებლო კონცეფციაში მას ჰქონდა ასეთი ინფორმაცია დაფიქსირებული, რომ ასეთ მაუწყებლობას ვგეგმავთო, თუმცა კომისიას არ მიუცია მისთვის ლიცენზია სამარშრუტო ტაქსებში მაუწყებლობისთვის. კომისიამ მისცა ლიცენზია, რომელშიც გეოგრაფიული ზონა არის თბილისი. ასევე სალიცენზიო პირობა არის ის, რომ საერთო მაუწყებელი იქნება. მინიმალური პროგრამული მოთხოვნა არის ის, რომ საინფორმაციო გამოშვებები და საზოგადეობრივ-პოლიტიკური გადაცემები უნდა ჰქონდეს და დღე-ღამის განმავლობაში 18 საათი უნდა იმაუწყებლოს. კომისიის უფლებამოსილება ჩაერიოს მაუწყებლის ურთიერთობაში მე-3 პირებთან საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენ ეს ცნობის სახით მივიღეთ და ამაში არ ვერევით", - განაცხადა ხატია ყურაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო